19 აპრილის აქცია დესტაბილიზაციის თანხლებით

19 აპრილის აქცია დესტაბილიზაციის თანხლებით

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, იგეგმება თუ არა პროვოკაციები 19 აპრილის მიტინგზე?! საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ 8 თებერვლის მსგავსად, ნაციონალებს დესტაბილიზაცია აწყობთ, რადგან სათქმელად ექნებათ, რომ ახალ ხელისუფლებას მიტინგებზე პროვოკაციების აცილების უნარიც კი არ შესწევს.

როგორც ჩანს, ნაციონალების ეს გათვლა ახალი ხელისუფლებისთვისაც უცნობი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილი პროვოკაციებს არ გამორიცხავს და საზოგადოებას მოუწოდებს, 19 აპრილის პროვოკაციას არ წამოეგონ. ამასთან, 19 აპრილის აქციის სავარაუდო სცენარზეც საუბრობს. კერძოდ, აქციაზე იგეგმება რამდენიმე პოლიციელის მიყვანა, რომლებიც დემონსტრაციულად გაიხდიან ფორმას და ამავდროულად, პოლიციელის საბუთს დახევენ. ეს უკანასკნელნი ვანო მერაბიშვილის ნათესავები არიან და სამინისტროში დღესაც მუშაობენ.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიასა და მანიფესტაციის ორგანიზატორებს შს სამინისტრომ საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივით უკვე მიმართა.

საკოორდინაციო ჯგუფის უმთავრესი ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და კანონით გათვალისწინებული მოქმედებების კოორდინირებულად განხორციელება, მათ შორის, მიზანმიმართული პროვოკაციებისაგან თავის დაზღვევის მიზნით რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და ეფექტიანი პრევენციული მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მანიფესტანტების, მათ შორის, იმ პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელიც შეიძლება, საჭიროებდეს სახელმწიფოს მხრიდან დაცვას.

არის თუ არა ნაციონალების ინტერესში 19 აპრილის აქციაზე ვითარების დაძაბვა?! ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს: „თუ გავითვალისწინებთ, როგორ მეტყველებს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, რამდენად დესტრუქციულად მოქმედებს ქვეყნის შიგნით თუ ფარგლებს გარეთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 19 აპრილის მიტინგის მოთავეთა გეგმებში მართლაც არის გარკვეული დესტაბილიზაციის შეტანის სურვილი“.

გია ცაგარეიშვილს ამ აზრს უმყარებს ისიც, თუ როგორ განვითარდა 8 თებერვლის აქცია, როცა თბილისის მერი გამომწვევად იქცეოდა და პროვოკატორად მოგვევლინა.

„შესაბამისად, მათ სურთ, გარკვეული დესტაბილიზაცია გამოიწვიონ ქვეყანაში და ამის მთავარი ფაქტორი იყოს 19 აპრილის შეკრება, მაგრამ ერთია, მათ რა სურთ და მეორეა, რისი საშუალება აქვთ და რამდენად მიიღებენ ადეკვატურ რეაქციას საზოგადოებისგან, რომელმაც „ნაცმოძრაობას“ პასუხი გასცა 1-ელ ოქტომბერს“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, ის შეცდომები და დანაშაული, რასაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა, ხილული გაკვეთილი იყო და ამ შეცდომების გამეორებას ახალი მთავრობა არ აპირებს. ამდენად, შეკრების უფლება ამ ძალების კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა, ამასთანავე, მათ აქვთ ვალდებულება, დაიცვან კანონი და იმოქმედონ კანონის ფარგლებში. ამის კარგი მაგალითი იყო „ქართული ოცნების“ გრანდიოზული მანიფესტაციები თუ მსვლელობები, რომლებიც გასულ წელს იმართებოდა, როცა ასი ათასობით ადამიანი ისე გამოდიოდა მანიფესტაციებზე, რომ პროვოკაციაში არ ჰყვებოდა იმჟამინდელ ხელისუფლებას.

რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან საბუთების დახევას და ფორმის გახდას, გია ცაგარეიშვილი კითხულობს, ფორმის გახდა რას ნიშნავს? უნდა გაშიშვლდნენ და დედიშობილა ირბინონ მიტინგზე თუ საცურაო კოსტუმებით აპირებენ მიტინგზე გამოსვლას? კი ბატონო, გაშიშვლდნენ, ეს იმდენად არასერიოზულია, არ ვიცი, ვინ ვის უმტკიცებს ერთგულებას და რა ფორმით?! თუ მასკარადებს მოაწყობენ, ან ბატუტზე იხტუნავებენ, ეს მათი საქმეა, როგორც უნდათ, ისე ჩაატარონ მიტინგი, ეს მათი უფლებაა.

თუმცა, გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რისთვის იკრიბებიან ეს ადამიანები და რას აპროტესტებენ, მით უფრო, რომ 23-ში პრემიერ-მინისტრი მიბრძანდება ევროპარლამენტში და სიტყვით გამოდის.

„ამდენად, იმ ქვეყნის მთავრობის ხელძღვანელი, რომელიც თურმე მიექაჩება თავის ქვეყანას არარსებული ევრაზიული კავშირებისკენ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოდის? სად არის აქ ლოგიკა?“ - კითხულობს პარლამენტარი.

ამასთან, დესტაბილიზაციის აღკვეთის საქმეში თბილისის მერიის ჩართვას ერთადერთ გამოსავლად არ მიიჩნევს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი მმართველობა პასუხისმგებელია ამ აქციის ჩატარებაზე, ისინი იძლევიან ნებართვას და, ვინც იძლევა ნებართვას, ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ აქცია არ გასცდეს დადგენილ საზღვრებს.

ცაგარეიშვილის თქმით, გიგი უგულავას კარგად აქვს წარმოდგენილი, როგორ უნდა გაიმართოს ეს აქცია, რადგან იგი ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია და ამ აქციაზე ნებართვის გამცემია. ამიტომ, რაც მოხდება ამ აქციაზე, აბსოლუტურად მათი პასუხისმგებლობის საკითხია. მით უფრო, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს 26 მაისს მათ მიერ უზრუნველყოფილი „მშვიდობიანობა“, როცა აქციის მონაწილეებს პირდაპირ მიუქსიეს კბილებამდე შეიარაღებული სპეცნაზი.

გია ცაგარეიშვილის აზრით, მთელი უბედურება ისაა, რომ 26 მაისის აქციის დარბევის მთავარი ინიციატორები დღეს უკვე არიან 19 აპრილის აქციის მთავარი შემოქმედები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რუსთაველის გამზირი არის საძულველი ქუჩა. თუმცა, დღეს უკვე, ამ საძულველ პროსპექტზე მართავენ მიტინგს. ამიტომ, საზოგადოებას თმენის ვალდებულება აქვს.

სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს მიაჩნია, რომ 19 აპრილის აქციაზე მიმსვლელი ადამიანების სავარაუდო რაოდენობა არ შეიცავს რაიმე ხიფათს, რადგან ჩვენ უფრო მრავალრიცხოვანი და ბევრად უფრო გაღიზიანებული ადამიანის თავშეყრა გვინახავს, რომელთაც უკმაყოფილების მეტი საფუძველი ჰქონდათ. ამის მიუხედავად, საქართველოში ყველა ეს თავშეყრა ყოველთვის კანონიერების ჩარჩოებში ჯდებოდა და არ გამოირჩეოდა აგრესიულობით.

ამდენად, 19 აპრილის თავშეყრა არც თავისი მოცულობით და არც წარსულის გამოცდილებით, არ შეიძლება იყოს რაიმე დესტაბილიზაციის შემცველი. მით უმეტეს, არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აწარმოებს საინფორმაციო და პიარაქტიურობას, რომ რაღაც დასკვნა გავაკეთოთ, რომ გათვლილი იყოს დესტაბილიზაციაზე.

ამის მიუხედავად, გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პიარსტრატეგიის შემადგენელი ნაწილია დაანახოს საზოგადოებას, განსაკუთრებით დასავლეთს, რომ ახალი ხელისუფლება ვერ ახერხებს თავშეყრის დემოკრატიული ღონისძების უზრუნველყოფას და ვერ ფლობს სიტუაციას. ამას ემატება ისიც, რომ მმართველი ძალის გარდა, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც უკმაყოფილოა ყოფილი ხელისუფლებით და აქედან გამომდინარე, ინციდენტები მოსალოდნელია იმის მიუხედავად, ეს მმართველ ძალას სურს თუ არა.

ამიტომ ექსპერტი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების ღონისძიება აუცილებლადაა მისაღები. იგი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამას თვითდინებაზე არ მიუშვებს და თუ ამ დემონსტრაციის ორგანიზატორთა კეთილი ნებაც იქნება, ეს გაცილებით უფრო ორგანიზებულ ხასიათს მიიღებს.

„19 აპრილს რაიმე ინციდენტი თუ მოხდა, ეს აქციის ორგანიზატორების კისერზე იქნება. რაც შეეხება სამხედროებს ან პოლიციელებს, ეს ადამიანები კანონს უნდა იცავდნენ. ამიტომ დოკუმენტების საჯაროდ დახევის, ან ფორმის გახდის სახალხო რიტუალური ნაბიჯები მიუღებელია. მით უფრო, რომ ახლა საინფორმაციო საუკუნეა და ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გააპროტესტოს არსებული ვითარება. არც საბუთების დახევა იქნება კანონდარღვევა, მაგრამ თუ მათ სურთ საზოგადოება გარკვეულ პრობლემებზე ინფორმირებულ იყოს, მათ შეუძლიათ, ეს სხვა მეთოდებით გამოხატონ და არ ჩაატარონ შუა საუკუნეობრივი რიტუალები, რომლებიც ემოციაზე იქნება გათვლილი, ვიდრე ამა თუ იმ პოლიციელის მკაცრად ჩამოყალიბებულ ხედვაზე“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

ამასთან, მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ყოფილი მინისტრის ერთგულება, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მინისტრის ცვლილებას ითვალისწინებს, რაგინდ კარგი თუ ცუდი მინისტრი იყოს იგი. უფრო მეტიც, არავის უყიდია ან მემკვიდრეობით არ გადასცემია თანამდებობა და მისი ჩამორთმევა ჩვეულებრივი მოვლენაა.

„კარგად გვახსოვს მერიის როლი შარშანდელი 26 მაისის საქმეში, მაგრამ შარშანდლისგან განსხვავებით, ამჟამად კარდინალურადაა შეცვლილი სიტუაცია. ამიტომ, შს სამინისტროს მხრიდან მერიის ჩართვა ამ საქმეში ნიშნავს, რომ ის აიღებს პასუხისმგებლობას და ამ მხრივ მათ ეყოლებათ მაკონტროლებელი. გვახსოვს პერიოდი, როცა მაკონტროლებელიც და შემსრულებელიც ერთი და იგივე ძალა იყო და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ხარვეზი შეიძლება დამალულიყო. თუმცა, დღეს უკვე მერიის თანამონაწილეობა ამ საქმეში პასუხისმგებლობის გადანაწილებას ნიშნავს და ამ შემთხვევაში, თითის გაშვერა ძნელი იქნება“, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი.