ვინ და როგორ აყალბებდა დღემდე არჩევნებს? ამ კითხვას ყველა ასე პასუხობს - ყველა, ჩემს გარდა.
მიშა სააკაშვილი, საკუთარი თავის გარდა, ყველას ერთად ადანაშაულებს გაყალბებაში. თუმცა როგორც სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა, რომელიც იმ არჩევნებზე სააკაშვილის ერთ-ერთ მარჯვენა ხელს წარმოადგენდა, „ალიას“ დეტალურად გააცნო გაყალბების სქემა, რომლის წყალობითაც სააკაშვილმა გამარჯვება მოიპოვა 1999 წელს, ვაკეში.
რეალურად, არჩევნების გაყალბებაში ყველა ძალა მონაწილეობდა - სახელისუფლებოც და მაშინდელი ოპოზიციაც. ბიულეტენებს ყველა ყრიდა. ვინ მეტს, ვინ ნაკლებს - ეს დამოკიდებული იყო შნოზე და მარიფათზე.
გავიხსენოთ რა ხდებოდა 1999 წლის შემოდგომაზე. იმხანად მოქკავშირის კანდიდატებს უბნებზე ზურაბ ჟვანია წარადგენდა ხოლმე. მიშას უკვე აღარ აკმაყოფილებდა პარლამენტის თავმჯდომარის დონე და ყველანაირად ცდილობდა, ის უშუალოდ შევარდნაძეს წარედგინა. ამისათვის სტრასბურგიდანაც კი ურეკავდა შევარდნაძეს და სთხოვდა, ეს ფორმალური პროცედურა უშუალოდ მას ჩაეტარებინა. ასეც მოხდა, ოღონდ ნახევრად ოფიციალურ ვითარებაში.
თბილისობის დღესასწაულზე, ვაკეში მისული შევარდნაძე უნივერსიტეტის ეზოში გამართულ ბაზრობაზე, თუ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მშენებარე მეტროსთან შეკრებილ მოსახლეობას სიცილ-სიცილით აცნობდა - აი, თქვენი დეპუტატიო. გამარჯვების შემდეგ გამართულ ბანკეტზე მიხეილმა პირველად შევარდნაძის სადღეგრძელო შესვა.
მიხეილს დღეს უკვე სხვაგვარად სურს მისი წარსულის ჩვენამდე მოტანა. მისი თქმით, შევარდნაძის ხელისუფლება არჩევნებში სალარიძეს უჭერს მხარს. არადა, სააკაშვილის შტაბის სხდომები ძალიან ხშირად იმართებოდა ვაკის გამგებელ დავით სალარიძის კაბინეტში. მერე რა რომ საკრებულოში მოსულმა მიხეილმა პირველად სწორედ სალარიძეს გადაუტყლაშუნა მათრახი. ჩვენი ინფორმატორის თქმით, კარუსელების პარალელურად, ვაკეში გაყალბება ჰოლოგრამებით ხდებოდა.
ჰოლოგრამებით გაყალბების სქემა შემდეგნაირად გამოიყურება: 1999 წლის არჩევნებზე ბიულეტენებს აკრავდნენ ჰოლოგრამებს (აქციზური მარკებივით). ყველა საარჩევნო უბანს სხვადასხვანაირი ჰოლოგრამა ჰქონდა.უჰოლოგრამო ბიულეტენს ბათილად თვლიდნენ. ეს საგრძნობლად ართულებდა გაყალბებას.
მაგრამ ხელისუფლებამ მიშა არ გაწირა და ჩვენი ინფორმატორის მტკიცებით, მიხეილს წინასწარ მისცეს („ლევად“ დაბეჭდილი) 3 ათასი ჰოლოგრამა (სხვადასხვა უბნების) მაჟორიტარული არჩევნებისთვის და ცალკე 3 ათასი პროპორციული არჩევნებისთვის, მოქკავშირის სასარგებლოდ.
ხელისუფლებამ ჰოლოგრამებთან ერთად მიშას „სასტავს“, ცხადია, ბიულეტენებიც მისცა, სადაც ეს ჰოლოგრამები უნდა დაეკრათ. ბიულეტენებზე შემოხაზული იყო მიშა სააკაშვილი და მოქკავშირი. ინფორმატორის განმარტებით, ამ ჰოლოგრამებს აკრავდნენ ბეჭედდასმულ ბიულეტენებს, სადაც შემოხაზული იყო მიშა სააკაშვილი. მაგრამ ასეთი ბიულეტენი ჯერ კიდე არ იყო მზად ურნაში ჩასაშვებად. საჭირო იყო საუბნო კომისიის ორი წევრის ხელმოწერა, არჩევნების დღეს რამდენიმე წუთით გამოჰყავდათ კომისიის სანდო წევრი და აწერინებდნენ ხელს.
როგორ ხვდებოდა მზა ბიულეტენები ურნაში? უბანზე შედიოდა რამდენიმე კაცი, ძაბავდნენ სიტუაციას, ატყდებოდა აყალ-მაყალი და ამ დროს მომენტალურად ურნებში რომელიმე პირი ყრიდა ამ ბიულეტენებს. მერე სიტუაცია ჩვეულებრივ რეგულირდებოდა. ამ სპექტაკლის შემდეგ, კომისიის სანდო წევრები ადგილზე ჟურნალში აკეთებდნენ შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერებს. სულ ეს არის ჰოლოგრამებით გაყალბების ტექნოლოგია. ამის პარალელურად, ვაკეში კარუსელებიც კეთდებოდა. აკეთებდა მიშა და ცდილობდა სარალიძეც.
„ალიას“ ინფორმატორის თქმით, კარუსელის წყალობით მიშა სააკაშვილმა მიიღო 500 ხმა, რაც შეეხება ჰოლოგრამებით გაყალბებას, რიცხვი გაცილებით შთამბეჭდავია - 2000-2500-მდე მერყეობს. არადა, სააკაშვილმა სულ 1200 ხმით მოუგო არჩევნები სალარიძეს. სად წავიდა გამოუყენებელი ჰოლოგრამები? ინფორმატორის მტკიცებით, დღესაც არსებობს.
საინტერესო დეტალია სად იყო ხელოვნურად ატეხილი აყალ-მაყალის დროს პოლიცია? ინფორმატორის თქმით, ყველაფერი შეთანხმებული იყო. ამიტომაც პოლიცია თვალს ხუჭავდა ასეთ სიტუაციებში. სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობდა ვანო ზოდელავაც, რომელიც თბილისის შტაბის უფროსი იყო და ადმინისტრაციულ რესურსებს არ ზოგავდა მიშას გასამარჯვებლად.
ჰოლოგრამებით არჩევნების გაყალბების ფაქტზე „ალიამ“ კომენტარი თვითონ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა:
-არჩევნებამდე მე „ალიას“ არანაირ კომენტარს არ მივცემ, უნდა ვაცალო ჟვანიას „ალიათი“ საარჩევნო კამპანიის წარმოება.
- საიდან მოიტანეთ, ან ჟვანია რა შუაშია, ჩვენ კონკრეტულ საკითხზე გვინდა თქვენი კომენტარი. საქმე ჰოლოგრამებით 1999 წელს არჩევნების გაყალბებას ეხება.
-არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. დაბეჭდეთ რაც გსურთ, მე უკომენტაროდ ვტოვებ.
სააკაშვილს ყველგან ჟვანია ელანდება, ელანდება, თორემ მისი კომენტარი დროულია, როგორც პაპანაქება ზაფხულში - „უშანკა“ ქუდი.
„ალია“ დაუკავშირდა დათო მუმლაძეს, რომელიც სააკაშვილის შტაბის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.
-არა, შტაბის თავმჯდომარე მე არა, ლევან გაჩეჩილაძე იყო.
მის დანიშვნამდე და შემდეგ ხომ ასრულებდით მის მოვალეობას, შტაბში ხომ მუშაობდით? კონკრეტული პირი ამბობს, რომ არჩევნებზე სააკაშვილის სასარგებლოდ გაყალბება ჰოლოგრამებით ხდებოდა (დეტალურად ვუხსნით სქემას).
- რა გითხრათ, მე თვალით არ მინახია ეგ ჰოლოგრამები, მარტო ჩემს ბიულეტენებზე მიკრული მაქვს ნანახი. ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია ეს თემა, წარმოდგენაც არა მაქვს. შეიძლება ლევანმა იცოდეს რამე. ლევანს დაურეკეთ.
ლევან გაჩეჩილაძე ანალოგიურ პასუხს იძლევა, თუმცა აღიარებს, რომ მთელი იმდროინდელი სახელისუფლებო პირამიდა - კანცელარია, მერია, გამგეობები, პოლიცია, მოქკავშირის ცენტრალური ოფისი სწორედ სააკაშვილზე მუშაობდა.
-ხელისუფლება მაშინ ჩემზე - ესე იგი სააკაშვილზე მუშაობდა მობილიზებულად. ეს ფაქტია და მე ვერ ვუარყოფ. რაც შეეხება ჰოლოგრამებს, წარმოდგენაც არ მაქვს, მაგას მე ვინ მიმაკარებდა?
„ალია“ დაუკავშირდა „სამართლიან არჩევნებს“ და ინფორმატორის მიერ მოწოდებული სქემა გააცნო.
ზურა ჭიაბერაშვილი:
- აყალ-მაყალის ატეხა და ამ დროს მზა ბიულეტენების ჩაყრა, საკმაოდ ცნობილი მექანიზმია და დამკვირვებლებსაც არაერთხელ აქვთ დაფიქსირებული. ასე რომ, ბიულეტენების წინასწარ დამზადებაც შესაძლებელია და შემდეგ მათი ჩაყრაც. ჯამში, ეს იმხელა მექანიზმია, რომელსაც ვერანაირი დამკვირვებლები და ვერანაირი კარგი კანონი ვერ უშველის, თუ საზოგადოებაში ელემენტარული პატიოსნების ნიშანწყალი არ იქნება.