ნაციონალებმა ჩამშვებთა მობილიზაცია გამოაცხადეს

ნაციონალებმა ჩამშვებთა მობილიზაცია გამოაცხადეს

ახალმა ხელისუფლებამ კუდიანებზე ნადირობის სეზონი გახსნა და მოხალისე მონადირეთა - იგივე ჩამშვებთა მობილიზაცია გამოაცხადა. სქემა მარტივია - მოვლენ, დაგიკაკუნებენ, წაგიყვანენ, ერთი-ორი დღე მეხუთე იზოლატორის ნესტიან საკანში გაყურყუტებენ, მერე კი შემოგთავაზებენ - დააბეზღე სხვა კუდიანები და გაგიშვებთ, ანუ ჩაუშვი და მოგეშვებითო!

ცდუნება მართლაც დიდია, მით უფრო თუკი შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ხარ და ტელეეთერით იხილე, როგორ ატერორებენ რუსეთს გაქცეული ლევან მამალაძის ოჯახსა და მოხუც დედას...

ჩაშვება, მოგეხსენებათ, დასწრებაზეა და, ვინაიდან ადრე თუ გვიან ახალი ხელისუფლება უკლებლივ ყველა კუდიანის კარზე დააკაკუნებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოხალისაე ჩამშვებთა რიგი სათანადო უწყებებთან დიდხანს არ დაილევა...

გათვლა ამ შემთხვევაშიც მარტივია: თუკი შენ -  შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი - ყურად არ იღებდი შეგონებას, რომ მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალია, ამასთან, თუკი შენს კარზე ჯერ არავის დაუკაკუნებია, უნდა აჩქარდე. დიახ, სანამ ბადრაგით მიგიყვანენ, თავად უნდა გამოცხადდე, სადაც ჯერ არს და გულწრფელი ხალისით ჩაუშვა ყოფილი თანამოსაქმეები თუ უფროსები, ანუ რაც შევარდნაძის დროს მარტოდმარტომ ჭამე, ისიც გაუყო ბიუჯეტს - ანუ ახალ ხელისუფლებას, მერე კი, იქნებ შეგეშვან კიდეც...

თითქოს, ცუდი არაფერია, თუკი ყოფილი მექრთამე ჩინოსნები ქილაში დამწყვდეული ობობებივით დაერევიან ერთმანეთს და „დანოსების“ წერის ესტაფეტას გამართავენ, მაგრამ...

ამ ლოგიკით ძალიან მალე, შესაძლოა, ნებისმიერ თქვენგანს, თუნდაც „ვარდების რევოლუციის“ მგზნებარე მხარდამჭერს, დაუკაკუნონ კარზე...

მიზეზი?!

ინტრიგან მეზობელს, ცბიერ კონკურენტს, შურიან კოლეგასა თუ არაკეთილსინდისიერ პარტნიორს რა გამოლევს და თითოეულ მათგანს ქილერის დაქირავებას ნამდვილად ურჩევნია, ცრუ დასმენით გაუსწორდეს არასასურველ მეზობელს, კოლეგას, პარტნიორს თუ კონკურენტს...

თუკი გავითვალისწინებთ, რომ ახალმა გენპროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა საჭიროების შემთხვევაში „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი შემოქმედის მიხეილ მაჭავარიანის კარზე დაკაკუნებაც არ გამორიცხა, ადვილი დასაშვებია, რომ „დანოსების“ შედეგად უბრალო მოკვდავთა გაკუდიანება მალე ჩვეულებრივ საქმედ იქცეს!

ცნობისთვის: არც ის უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, თუ ვის ჩაშვებას მოსთხოვენ ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელ მიხეილ მაჭავარიანს, თუკი საჭიროებამ მოითხოვა და მას მართლაც მიუკაკუნეს კარზე...

რაც შეეხება იდეოლოგიურ ბაზასა და კუმირებს, ახალი ველოსიპედის გამოგონებით ახალი ხელისუფლება თავს, ალბათ, არ შეიწუხებს და პავლიკ მოროზოვის ნაფთალინმოყრილ სახებას ამოიღებს ძველი სკივრიდან...

ჩაშვება ხომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასწრებაზეა და თუკი თქვენს კარზე ჯერ კიდევ არ დაუკაკუნებიათ, იცოდეთ, ეს მხოლოდ დროის საკითხია და სანამ ძალიან გვიან არ არის, - ჰერი პროკურატურისაკენ, ე მანდ ვინმემ არ დაგასწროთ, თორემ ჩაგიშვებენ, დაგიჭერენ და ამტკიცეთ მერე, რომ მგელი კი არა, „ვარდების რევოლუციის“ მხარდამჭერი ერთი ჩეულებრივი ობივატელი ხართ...