პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებას ორი ახალი წევრის არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრული ლეგიტიმაცია აქვს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.
როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, იუსტიციის საბჭოში რა, როგორ მოხდა, მისი კომპეტენცია არ არის.
„იყო დრო, როცა ძმები კუბლაშვილებიდან ერთი უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო მეორე ძმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო ნიკა გვარამია და დასრულდა ის დრო, როცა საბჭო პოლიტიკით იყო გაჯერებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
აშშ-ის საელჩომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის არჩევასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა. ამავე საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.