„ნაციოანლურ მოძრაობაში“ დიდი დაპირისპირება დაიწყო. როგორც for.ge-ს სანდო წყარო უყვება, უახლოეს დღეებში ნიკა მელია პარტიიდან წასვლის შესახებ განცახდებას ოფიციალურად გააკეთებს. მელია, სავარაუდოდ, „ლელოში“ გადადის და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მამუკა ხაზარაძეს ჩაანაცვლებს. ხაზარაძე კი საერთოდ პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.
მელიას თან ის გუნდიც გაჰყვება, რომლებიც მან პარტიაში მიიყვანა. მოვლენები დრამატულად მას შემდეგ განვითარდა, რაც მიხელ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. როგორც წყარო ყვება, მისთვის ერთგულების დასამტკიცებლად პარტიაში ნამდვილი ომია გაჩაღებული. მელიას ერთ სიტყვასაც არავინ უსმენს და ის თავის მცირე გუნდთან ერთად ცალკე თამაშობს. ე.წ. „ლეგიონი“, რომლებიც სააკაშვილის ძველ ფრთას წარმოადგენს, მელიას საყვედურობს, რომ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე არ აქტიურობს და ე.წ. კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ასეთ დროს სრულიად უადგილო და უსარგებლო იყო. სააკაშვილთან კი მელიას დამბეზღებელთა რიგი დგას. თავად საააკაშვილს, განტევების ვაცი სჭრიდება, რომელსაც ყველაფერს დააბრალებს და მეორე ტურების წაგებაზე პასუხს აგებინებს, ასეთი კანდიდატურა კი ნიკა მელიაა, რომელსაც სააკაშვილის „შიმშილობის“ მიუხედავად, ცალკე თამაში აქვს წამოწყებული და მისი ქცევა პარტიაში ძალიან აღიზიანებთ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ვაკანსიას, ორი კანდიდატურა არსებობს. წყარო გვიყვება, რომ ეს არის გია ბარამიძე და სააკაშვილის უფროსი ვაჟი ედუარდ სააკაშვილი. ბარამიძის კანდიდატურას „ლეგიონი“ მხარს აქტიურად უჭერს, ხოლო ედუარდის კანდიდატურა სააკაშვილის მიერ არის დასახელებული. სავარაუდოდ, ციხეში ყოფნის გამო მას პარტიის სათავეში ყველაზე სანდო ადამიანი უნდა და შვილის პოლიტიკაში შემოყავანა ამიტომ გადაწყვიტა.
„ნაციოანლურ მოძრაობაში“ ძალიან დიდი გაურკვევლობა და დაძაბულობაა. არავინ არ იცის მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. ნიკა მელია ე.წ. „ლეგიონს“, რომელიც პარტიის ძველი სახეებისგან შედგება, უკვე ყელში ჰყავს გაჩხერილი და მის თავიდან მოშორება გადაწყვეტილია. მელიამ ეს კარგად იცის, ამიტომ უახლოეს დღეებში მაქსიმუმ ორ კვირაში ის პარტიის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს. მასზე პარტიაში გაბრაზებულები არიან და მიაჩნიათ, რომ ის სააკაშვილზე ეჭვიანობს და მის დასახსნელად არაფერს აკეთებს.
„ნახეთ, ალბათ, რუსთაველზე რაც მოხდა. აქციაზე ძირითადი პარტაქტივი და პარტიის წევრები არ მივიდნენ. ეს არ იყო ენმ-ის აქცია, ეს იყო ე.წ. კოალიციის მიერ ორგანიზებული აქცია. ხალხმა კარგად გაიგონა, რომ იქ სააკაშვილის სახელს სკანდირებდნენ და მელიას 40-წუთიანი ბლა-ბლა არავის აინტერესებდა. როგორც ვიცით, ის „ლელოში“ წავა და ხაზარაძეს ჩაანაცვლებს.
თან, იქ ახალგაზდრული ფრთა მიჰყავს, რომელიც თავად მოიყვანა. პარტიაში დაპირისპირება პარლამენტის დატოვებაზეც არის. ე.წ. ბობოლა ფულის შემომტან დეპუტატებს ეს აზრი არ მოსწონთ. ქუჩაში დარჩენილები, იციან, ვერაფერს იზამენ და ამაზეც დიდი დაპირისპირება დაიწყო. სააკაშვილთან ენის მიმტანების რიგი დგას. ერთმანეთს ლაქიაობასა და ფლიდობაში ეჯიბრებიან. მიშას ერთგულებას და სიყვარულს უმტკიცებენ. სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე სააკაშვილის შვილი იქნება. ამბობენ, ბარამიძე უნდა ამ რადიკალურ ფრთას, მაგრამ თავად სააკაშვილს საკუთარი შვილი უნდა, რადგან იცის, ციხიდან შესაძლოა, მალე ვერ გამოვიდეს, იქ ყოფნას ვეღარ უძლებს და ამიტომ პროცესების სათავეში ყველაზე სანდო ადამიანი სჭირდება“, - უყვება for.ge-ს წყარო.
შესაძლოა თუ არა ნიკა მელიას პარტიიდან წასვლამ ენმ-ის დაშლა გამოიწვიოს, ან რა სახის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს პარტიას იმ შემთხვევაში, თუკი დეპუტატები პარალმენტს დატოვებენ?
რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საკითხი უკვე დიდი ხანია სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, უბრალოდ, მის ბოლომდე გამოყენებას ცდილობდა. საყვარელიძე ამბობს, რომ მელია ამას კარგად ხვდება და სავარაუდოდ, სააკაშვილს დაასწრებს. პარტიიდან გაგდებულის სახელით წასვლას, საკუთარი ნებით „გმირულად“ წასვლას ამჯობინებს. თუმცა, თუკი ის „ლელოში“ გადავა, იქაც სტუმარი იქნება და ამ პარტიის იდეოლოგიას ნაკლებად მოერგება.
„რაც შეეხება ენმ-ს და იქ მიმდინარე პროცესებს, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ქვეყანაში მთავარი ბელადის დაბრუნების შემდეგ, მელია ისედაც ნომინალური ფიგურა, სრულიად უუფლებო გახდა. როგორც ჩანს, პარტიაში მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები ძალიან აღიზიანებთ და მელიას ე.წ. კოალიციური ძალაც გულზე არავის ეხატება. სააკაშვილმა ქვეყანაში დაბრუნებით ყველაზე მთავარი კარტი გაათამაშა, ამიტომ, ახლა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვების შესახებ ძალიან დიდი შეცდომაა. მაშინ მათ ლოგიკას თუ გავყვებით, საკრებულოებიც უნდა დატოვონ. თუ არჩევნები გაყალბდა, საკრებულოებში რაღას აკეთებენ? სააკაშვილს ასეთი ემოციური გადაწყვეტილებები სჩვევია და მის ქცევაში ლოგიკის დანახვას ნუ ვეცდებით. მელია პარტიაში მისი წევრების და მხარდამჭერების მიერ არის არჩეული. ამიტომ ენმ-ს მისი წასვლა არცთუ იაფი დაუჯდება. ის ახალგაზრდულ ფრთას გაიყოლებს და ელექტორატის ნაწილსაც. ახლა ყველაფერი სააკაშვილზეა დამოკიდებული. თუ პარტია ქუჩაში დარჩება, მაშინ საბოლოოდ სახლში წასვლა მოუწევთ. პოლიტიკურ მოვლენებს მოწყვეტილი პარტია ქუჩაში რას გააკეთებს, როცა მათ დაძახილზე ხალხი არ მივა“, - ამბობს for.ge-სთან საყვარელიძე.
ე.ი. მელია იქ წავა, სადაც პარტიის თავმჯდომარის ვაკანსია გაჩნდება?
ისა... ირაკლი კობახიძეც ხომ არ ტოვებს თანამდებობას, თუ იცით? :))