„აშშ-ს საელჩომ ძალიან სწორი მიმართულებით გააკეთა აქცენტი - ახლა არის გასაჩივრების პერიოდი და მიდით და ეს ბრალდებები ამტკიცეთო“

„აშშ-ს საელჩომ ძალიან სწორი მიმართულებით გააკეთა აქცენტი - ახლა არის გასაჩივრების პერიოდი და მიდით და ეს ბრალდებები ამტკიცეთო“

„რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ - თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, მმართველი გუნდი ამ ლოზუნგით აგრძელებს მუშაობას.

როგორც for.ge-თან უმრავლსობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი აქციები, ქვეყნის წინსვლას ხელს ვერ შეუშლის, ამიტომ მმართველი გუნდი მათ არაფერს დაუპირისპირებს, გარდა საქმისა.

„ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ სცნობს. მათ ერთი საპროტესტო აქცია უკვე გამართეს და ასევე უახლოეს დღეებში კიდევ მორიგი მიტინგი დააანონსეს. მმართველი გუნდი აქციების საპირსპიროდ რას აპირებს?

- 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა. ერთი მუნიციპალიტეტის გარდა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა გამარჯვება მოიპოვეს. „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რეფერენდუმი მოიგო, რომელიც ოპოზიციამ გამოაცხადა. რაც მთავარია, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, გარდა იმ მიმდინარე დარღვევებისა, რასაც საერთო შედეგებზე არ შეიძლება გავლენა მოეხდინა, სხვა მხრივ არჩევნები შეაფასეს შემდგარად  კონკურენტუნარიანად და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებულად. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური დასრულდა და გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. ყველაფერი დანარჩენი, რომელიც ეხება კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტებისა და მრუდე დღის წესრიგს, მათ სურვილს, რომ პროტესტი გამოთქვან - ცხადია, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული ქვეყანაა და კანონის ფარგლებში ადამიანის ჯგუფებს სრული უფლება აქვთ ესა თუ ის მოვლენა გააპროტესტონ. თუმცა, ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - თითქოს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პირების მხრიდან აქციების გამართვა პროტესტს არ ნიშნავს, ეს არის სუფთა წყლის დემაგოგია და მცდელობა, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ, შეუქმნან პრობლემები და შეიქმნას არასტაბილურობის განცდა, რასაც მოჰყვება ინვესტორთა მხრიდან საკუთარი გადაწყვეტილებების გადახედვა ქვეყანაში ინვესტიციების შემოტანასთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ მათი სურვილი, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები. ამიტომ, ამ კუთხით, ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მშვიდი და წყნარი. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ მათი ფართომასშტაბიანი აქცია 1000-კაციანი აქციით დასრულდა. ის დაბნეულობა და სრული გაუგებრობა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია, ესეც დაინახა საზოგადოებამ, როდესაც 7 ნოემბერს, მათთვის ყველაზე არასასურველ დღეს გადაწყვიტეს აქციის ჩატარება. თუმცა, შემდეგ კარგად მიხვდენენ, რომ ეს მათ პოლიტიტიკურ სასაფლაოზე გასვლას კიდევ უფრო დააჩქარებდა. მაგრამ, ეს პროცესი შეუქცევადია და მათი პოლიტიკური სცენიდან გასვლა რეალურად მოხდება 2024 წელს, რადგან მათი პოლიტიკური რეიტინგს საზოგადოება კარგად დაინახვას. ამიტომაც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგია საქმის კეთება, საკანონმდებლო სივრცეების სრუყოფა და ქვეყნის წინ წაყვანა. საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა არა „ქართულმა ოცნებამ“, არა კონკრეტულმა მერმა, არამედ ჩვენმა ქვეყანამ და ის ამბიციური გეგმები, რომელიც ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს ჩვენ ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ მაღალი ტემპი.

ელოდებით ოპოზიციისგან, რომ ისინი 2020 წლის ოქტომბერის მოვლენებს გაიმეორებენ, რადგან რამდენიმე პარლამენტარმა მამუკა ხაზარაძემ, ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა საპარლამენტო მანდატების დატოვება გადაწყვიტეს და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ამის ფონზე კვლავ დასავლელი პარტნიორების ჩართულობა გახდეს საჭირო?

- მთელი მსოფლიო ძალიან კარგად ხედავს ამ მოცემულობაში მხარეთა პოზიციებსა და სურვილებს. თუკი „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო ცხოვრების წარმართვა, ქვეყნის აღმშენებლობა და პროცესების დემოკრატიზაცია აქვს გადაწყვეტილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის აბსოლუტურად საპირისპიროს აკეთებს. მით უმეტეს იმ მოცემულობაში, რომ ისინი ყველა მიმართულებით დამარცხდნენ და უბრალოდ, ტყუიან ე.წ. დავაში. ისინი „ქართულ ოცნებასთან“ არ არიან დავაში, ისინი არიან საკუთარ სამშობლოსთან დავაში. თუკი მათ გადაწყვიტეს, რომ ისედაც არაფრის მაქნისი საპარლამენტო „კარიერა“, რაც ხაზარაძეს და მათ, ვისი გვარებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ჰქონდათ (თუმცა, რა კარიერაზეა საუბარი, როდესაც თითი თითზე არ აქვთ დადებული) შეწყვიტეს და პარლამენტიდან გამოვიდნენ, დამერწმუნეთ, ეს პარლამენტს არანაირად არ დააზიანებს.

რა თქმა უნდა, პარლამენტის მოქმედებისთვის ოპოზიციის ჩართულობა საჭიროა. ბედნიერები ვიქნებოდით, რომ ქვეყანას ჯანსაღი ოპოზიცია ჰყავდეს და ის ასრულებდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე მიცემულ ვალდებულებას, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რეალობა არ გვაქვს. ქვეყანას ოპოაზიციაში ჰყავს ძირითადი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“, ხაზარაძეებისა და მათი პოლიტიკური ბიძაშვილების სახით. თუმცა, საბედნიეროდ, არის ოპოზიციის ნაწილი, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილი არის. მე მაქვს „მოქალაქეებზე“, „ევროპატრიოტეზე“ საუბარი, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ყველაფერში არ ეთანხმებიან, მაგრამ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყნის ნგრევა არ არის. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია მუშაობა და საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციასთან. ასე რომ, ჩვენ ძალიან ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გველოდება. ჩვენ თამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა საიმედო ხელშია.

ასევე საინტერესოა თქვენი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ვკითხულობთ, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული და მშვიდი იყო, თუმცა ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტები კვლავ გრძელდება...

- უპირველეს ყოვლისა, ამერიკის საელჩოს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ძალიან დიდი დახმარებისთვის, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში აკეთებს. ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან გაკეთებული განცხადება. აშშ აღიარებს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და მადლობას უხდის საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი პროფესიონალიზმისთვის. საელჩო საუბრობს იმაზე, რომ ბრალდებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ იყო რაღაც გარკვეული ქმედებები და ფაქტები, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ იქვე აშშ-ს საელჩოს განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ წინ არის საჩივართა გასაჩივრების განხილვის პერიოდი. ეს ბრალდებები, თუკი, ზოგადად, ბუნებაში არსებობს, უნდა იყოს მტკიცებულებით გამყარებული. მხოლოდ საუბარი არ კმარა. ის, რომ ბრალდებები არსებობს, სამწუხაროდ ამაში დიდი როლი ოპოზიციას უკავია. მათი სრულიად დაუსაბუთებელი, მტკიცებულებებისგან დაცლილი ბრალდებები არაერთხელ მოგვისმენია. თუმცა, შეერთებული შტატების საელჩომ ძალიან სწორი მიმართულებით გააკეთა აქცენტი, რომ ახლა არის გასაჩივრების პერიოდი და მიდით და ეს ბრალდებები ამტკიცეთო. ამისთვის არსებობს სასამართლო და საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია პასუხი გასცეს იმ საჩივრებს, რომელიც იქ არის შეტანილი.

ასევე, ერთი მინდა ვთქვა - თუკი 2020 წლის არჩევნების მაგალითს ვნახავთ, ხმამაღალი ბრალდებები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ისმოდა, ვერც ერთი რეალური მტკიცებულებებით ვერ გამყარდა.

„ქართულ ოცნებას“ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა არ ჰყავს. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი მმართველი გუნდის მერებს მუშაობაში რამდენად შეუშლის ხელს?

- „ქართულ ოცნებას“ უმეტეს მუნიციპალიტეტებში მყარი უმრავლესობა გააჩნია. ამ მხრივ უმეტეს წილად პრობლემა მოგვარებულია. რაც შეეხება, მუნიციპალიტეტებს, სადაც მყარი უმრავლესობა არ არის, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიღებაში, „ქართული ოცნება“ მზად არის კონკრეტულ პირებთან, კონკრეტულ ადამიანებთან წარმართოს მუშაობა იმისთვის, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების სივრცეში მოახდინოს ამ პირთა კეთილიგანწყობის შექმნა. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი და ეს ნებისმიერ ქვეყანაში მიმდინარეობს.

უმრავლესობის სხდომა გაიმართა და თუ შეგიძლია გვითხრათ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული მმართველი გუნდის უმრავლესობის სხდომაზე?

- უმრავლესობის სხდომაზე ძირითადად საკითხები ეხებოდა არჩევნების შეჯამებას, შედეგების გააზრებას და კონკრეტული პრობლემურ საკითხებზე მსჯელობას, ასევე, რაც მთავარია სამომავლო გეგმებს. შემიძლია ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ მთელი უმრავლესობა არის მოწადინებული იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს სწრაფი განვითარება - სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი მკაფიო პროგრესით უნდა დასრულდეს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. კარგი იქნება, რომ ჩვენ არ გვყავდეს მტრები, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით. სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მტრები გვყავს. თუმცა, ქვეყნის შიგნით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველამ ერთად შევძლოთ გამოვნახოთ საერთო ენა. სამწუხაროდ, არის ადამიანთა კატეგორია, რომელთა აბსოლუტური დესტრუქციიდან გამომდინარე, რამის გაკეთება შეუძლებელია. მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანები თითზე ჩამოსათვლელია. ხოლო, ყველა დანარჩენი, არ აქვს პარტიული მნიშვნელობა, ჩვენ ერთი საფიქრალი გაგვაჩნია და სამშობლოს მშენებლობა ერთად უნდა გავაგრძელოთ. ამიტომ, მტრობის დრო ნამდვილად არ არის, როგორც დიდმა ილიამ ბრძანა - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“. ამიტომ, დღეს არის შენების დრო.