„კატასტროფაა, როცა პოტენციურად, შენი ამომრჩევლების 52% არჩევნებზე არ მოდის, ეს რომ მიღებულ ხმებს დავამატოთ, გამოდის, ნაციონალებს 17-18%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვთ“

„კატასტროფაა, როცა პოტენციურად, შენი ამომრჩევლების 52% არჩევნებზე არ მოდის, ეს რომ მიღებულ ხმებს დავამატოთ, გამოდის, ნაციონალებს 17-18%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვთ“

არჩევნების დასრულებიდან, უკვე მეორე დღეს, ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული ოპოზიცია სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მოწოდებებმა, რომ ხალხს საკუთარი ხმების დაცვა საკანონმდებლო ორგანოსთან გაეგრძელებინა, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მარტივად რომ ვთქვათ, ოპოზიციამ საპროტესტოდ ქუჩაში ხალხი ამჯერადაც ვერ გამოიყვანა. სახელდახელოდ გამართულ აქციაზე, ერთი მნიშვნელოვანი რამ მაინც მოხდა, პოლიტიკურ ტრანსში მყოფმა მამუკა ხაზარაძემ, კამერების წინ საბედისწერო განცხადება გააკეთა, რომ ის პარლამენტს ტოვებს და საპროტესტოდ ქუჩაში გამოდის. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სპონტანური და გაუაზრებელი განცხადება იყო. ფაქტია, ხაზარაძე საპარლამენტო ოპოზიციამ პოლიტიკურ „ტისკში“ მოაყოლა და შედეგად, სიტუაციის გამოსწორება სცადა. „ლელო“-ს თავკაცმა განაცხადა, რომ თვითონ კი ტოვებს საპარლამენტო მანდატს, მაგრამ, მისი ფრაქცია პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს. მართალია, პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, მაგრამ ამ შემთხვევაში რთულია სიტყვების უკან წაღება, მით უმეტეს, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ უდგას ზეობის ხანა. ხმების დაცვის და აქციების ორგანიზების პარალელურად, მთავარ ოპოზიციურ ძალას, სავარაუდოდ, პარტიის ახალი თავმჯდომარის შერჩევაზე ზრუნვაც მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, მალე ნიკანორ მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად დატოვებს და „დევნილობაში“ მყოფ მერობის კანდიდატს, პოლიტიკურ თავშესაფარს „ლელო“ შესთავაზებს. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, ამისი მტკიცება, ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ მელიას ყველა გზა „ლელოსკენ“ მიდის. ამ ეჭვს ამყარებს ის ფაქტი, რომ არჩევნების დღეს, ნაციონალური პარტიის ლიდერი „ლელო“-ს ოფისიდან აკეთებდა განცხადებებს, რამაც კითხვის ნიშნები ბუნებრივად გააჩინა.

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამანადგურებელი მარცხი განიცადა, წააგეს ყველაფერი, რისი წაგებაც შეიძლებოდა, ამას დაემატა მამუკა ხაზარაძის განცხადება, რამაც ოპოზიციის უსუსურობა სამზეოზე გამოიტანა.

გოგა ხაინდრავა: მამუკა ხაზარაძის განცხადება, რა თქმა უნდა, სპონტანური იყო. მაგ კაცს შეგრძნებები ყოველთვის ჰქონდა, მან იგრძნო სრული კატასტროფა. როდესაც პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ გამოდის პარლამენტიდან და მიდის ქუჩაში, მიდის და წავიდეს, ისედაც ქუჩაში არაა? და ვისთან ერთად დგას, ეს არის საკითხავი. თბილისი არის ძალიან სპეციფიური ქალაქი, როგორც არ უნდა ეცადონ, ვერ გადააგვარებენ იმიტომ, რომ თბილისი დიდი ტრადიციების ქალაქია, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის. იმ წლებში, როდესაც ამ ქვეყანაში ცოდვის ტირილი იდგა, ბრწყინვალების ორდენს აიღებდა ღირსეული კაცი? ჯერ რას ვუყურებდით, რომ ნაციონალური პარტიის ლიდერი მთელი დღის განმავლობაში „ლელოს“ ოფისიდან აკეთებდა განცხადებებს, თავის პარტიაშიც კი ვერ მივიდა. ახლა, ნახეთ, რა ამბავი ატყდება მანდ, ყველაფერს მელიას დააბრალებენ, გათელავენ, გაპუტავენ, არ დარჩება მისგან არაფერი და მალე მელიას „ლელო“- ში ვიხილავთ. გახარიასაც განუცხადებია, რომ „ლელოსთან“ თანამშრომლობას აპირებს და მაინტერესებს, ის წერილი სად წავიდა? აღარ არსებობს? ანდა სამადაშვილს მინდა ვკითხო, გახარია თვალებთხარია აღარ არის? მაინტერესებს, ამ ყველაფერს როგორ უთავსებენ ყველაფერს, რაღაც ღირსება, თავმოყვარეობა, ხომ უნდა არსებობდეს, ხომ არ შეიძლება ყველაფერი შეწირო შენს პირად მოთხოვნილებას?

არჩევნების მიმდინარეობისას სერიოზული დარღვევები არ ყოფილა, ამას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღიარებენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას საერთაშორისო მხარდაჭერა ნაკლებად ექნება, მიუხედავად ამისა, ოპოზიცია აქციებისთვის ემზადება, რა იქნება პროტესტის შედეგი?

- ღმერთი რომ გონებას დაუბნელებს ადამიანს, ეგაა ყველაზე დიდი სასჯელი. ზუსტად ეს სასჯელი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. არაფრით, თუ არა გონების დაბნელებით არ შეიძლება ახსნა იმისა, რომ 7 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრობამ“ მიტინგი დანიშნოს. ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება და მეტყველებს იმაზე, რომ სრული დაბნელებაა მათ გონებასა და რიგებში. ეს არცაა გასაკვირი იმიტომ, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციაში ყოფნის 10 წლის თავზე აბსოლუტურად გამანადგურებელი მარცხი განიცადეს, წააგეს ყველაფერი, რისი წაგებაც შეიძლებოდა.
სიგიჟე ვიხილეთ „მთავრი არხის“ ეთერში, თუნდაც, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში, როდესაც ყველასთვის გასაგები იყო და, პირველ ყოვლისა, მელიასთვის, რომ სრული სიცრუე მოდიოდა. გვარამიამაც იცოდა და ყველა დანარჩენმაც, რომ ის რიცხვები, რაც ეკრანზე იყო წარმოდგენილი, იყო სიგიჟე, აბსოლუტური სიცრუე და ამას რომ ზეიმობდნენ, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ წუმპეს, სადაც ნებაყოფლობით ჩახტნენ სხვა ე.წ. ოპოზიციური პარტიები. რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოება მათსავით არის გაოგნებული მათი სიბეცით, არ ვიცი. იმის წარმოდგენა, რომ კოალიციური მთავრობა არის იქ, სადაც არიან მხოლოდ „ნაციონალური პარტიის“ წევრები: გირჩი ჯაფარიძე, ხოშტარია, მელია და მათთან გაერთიანებული ხაზარაძე, ესეც ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი. ამ შეურაცხყოფების და უგუნურების შედეგია ის გამანადგურებელი დამარცხება, როცა ყველაფერი წააგეს, რისი წაგებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ვერ გეტყვით, რომ ეს მაინცდამაინც მიხარია, რადგან ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური კლიმატი სასურველი არ არის, რომ ჩვენ რეალურად არჩევანი არ გვაქვს. ის, რაც გუშინწინ, 30-ში მოხდა, მორალური არჩევანი იყო და არა – პოლიტიკური. პოლიტიკურ არჩევანს საზოგადოება ასე არ გააკეთდებდა, მით უმეტეს, ისეთი საზოგადოება, როგორიც ქართულია.
ლაპარაკი იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დიდი პროცენტები ჰქონდა, განსკუთრებით – თბილისში, გონივრული არაა, რადგან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამომრჩევლების 52% არჩევნებზე არ მოვიდა. ეს ძალიან დიდი რიცხვია. პირველ ყოვლისა, „ოცნებისთვისაა“ დამაფიქრებელი. ვფიქრობ, კარგად უნდა გააანალიზონ, რამ განაპირობა, რომ ამომრჩევლების 52%, პოტენციურად „ოცნების“ მხარდამჭერები, არჩევნებზე არ მივიდნენ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, ამ სექტის მხარდამჭერი ყველა გამოცხადდა, სრული მობილიზაცია ჰქონდათ. ეს იყო პიკი, რისი მიღწევაც შეეძლოთ. „ქართული ოცნების“ პოტენციური მხარდამჭერები არ გამოცხადნენ. იმედია, ამაზე კარგად დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ საჭიროა საზოგადოებასთან ერთად ცხოვრება აუცილებად ყოველწუთიერად, ყოველწამიერად და არა მარტო არჩევნების წინ. ეს, ჩემი აზრით, პრობლემაა და ამ პრობლემას მოგვარება უნდა. საზოგადოებასთან ურთიერთობა დასალაგებელია, განსაკუთრებით – ახალგაზრდობასთან, განსაკუთრებით, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, რომლებიც მოწამალულები არიან ბენდუქიძეების უნივერსიტეტებში და „ილიაუნი“-ში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ სექტანტები არიან დაბუდებული. ამას მოვლა, ჭკუა უნდა. იმედი მაქვს, რომ ამას ყურადღებას მიაქცევენ. ჩემი აზრით, ეს კატასტროფაა, როცა ამომრჩევლების 52% არჩევნებზე არ მოდის, მით უმეტეს, პოტენციურად შენი ამომრჩევლები. თუ ამას გავითავალისწინებთ, მივხდებით, რომ ის პროცენტები: 42, 44 და 43 რაღაც ახალი არ არის. ეს ისევ ის პროცენტებია, რაც ამ სექტას ყოველთვის ჰქონდა იმიტომ, რომ ის 52% რომ დავამატოთ, მივხდებით, რომ 17-18%-ზე ზემოთ საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა არ ადის. ეს მწარე რეალობაა საქართველოსთვის, რომ არსებობს საზოგადოების 40, 32, თუ რამდენიმე პროცენტი, რომელიც მზადაა, ყავარჯნიან კაცს, იმ მწამებლებს ხმა მისცეს. ამ რეალობას შეცვლა, საზოგადოებასთან სწორი დამოკიდებულება უნდა. იმ პერიოდში, როდესაც არჩევნები არ არის, საზოგადოებასთან სწორი ურთიერთობაა საჭირო იმისათვის, რომ მსგავს ფაქტთან საქმე არ გვქონდეს. გონება დაბნელებულია, სხვანაირად იმის ახსნა შეუძლებელია, როგორ შეიძლება, რომ იმ ამომრჩევლებიდან, ვინც არჩევნებზე მივიდა, ყოველი მესამე თბილისში ხმას მელიას აძლევდეს. ეს ქვეყნისთვის ტრაგედიაა.

საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებები მთლად სახარბიელო არ არის მმართველი პარტიისთვის, მართალია სერიოზული არა, მაგრამ ფაქტია, დარღვევები იყო, რადგან ამაზე მიდის საუბარი.

- ვენეციის კომისია საქართველოს ყველაფერს ვერ ასწავლის, საქართველოს აქვს თავისი გამოცდილება. ევროპა საერთოდ არ არსებობდა, საქართველო კოლხა და იბერია რომ იყო. ვენეციის კომისიაში მთავარანგელოზები ხომ არ სხედან, ჩვენნარი ადამიანები არიან იქაც, რაღაც იციან რაღაც - არა. ყველა ქვეყანას თავისი წესი აქვს და ერთი წესი, რომელიც ყველა ქვეყანას ერგება, არ არსებობს, არც ვენეციაში და არც სხვაგან, ყველას თავისი წესი აქვს. ჩვენ ვხედავთ კიდეც ამას, ასეთი პრობლემები არის ბევრ ქვეყანაში მაგალითად - პოლონეთში. პოლონეთი დააჯარიმეს მილიონი ევრო დღეში, თქვენ წარმოგიდგენიათ რა გადაწყვეტილებაა? ეს ჭკუასთან ახლოს არის საერთოდ? ამიტომ, ჩვენს თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ. გვყავს მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ მათაც თავისი ინტერესები გააჩნიათ ამ ქვეყანაში და ეს ინტერესები ყოველთვის არ არის თანხვედრაში საქართველოს ინტერესებთან. მე ვარ მოწმე, იმ მთავრობის ახალი გადამდგარი წევრი ვიყავი, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი მზადდებოდა, ის ომი მზადდებოდა და ძალიან ბევრი ძალები იყვნენ დემოკრატიულ მსოფლიოში, რომლებიც ელოდებოდნენ როდის დაიწყებდა სააკაშვილი სიგიჟეს, რამაც ეს ყვეყანა მიიყვანა ოკუპაციამდე და ინტერვენციამდე. იცოდნენ, რომ ეს მოხდებოდა, აქეზებდნენ და ისიც ვიცი, კონკრეტულად ვინ აქეზებდა. ასე რომ, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს და პირველ რიგში, ამ სიბნელესთან ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ.

თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენა და ეს სუფთა გამარჯვება იყო?

- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რა არის? ის, რომ თეა წულუკიანი დადიოდა, თავისი პარტიის აგიტაციას ეწეოდა, ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა? თუ ეს ინდივიდუალური რესურსია რომელიც ოპოზიციას არ გააჩნია? ესენი ოროსნები არიან. ბარამიძე უნიჭოა, ყველა პოსტზე უნიჭო იყო, ოქრუაშვილი ყველა პოსტზე უნიჭო იყო და ყველაზე დიდი უნიჭო სააკაშვილია. ის, რასაც სააკაშვილი დგამდა, პირველი კურსის სტუდენტებიც კი ცნობენ, რომ ის ვიდეოები ფეიკია, სამარცხვინოდ არის გაკეთებული. არ რცხვენია იმ საზოგადოებას, რომ ეს არსება იყო საქართველოს პრეზიდენტი?

 

romani ნაცმოძრაობას 25% პლუს-მინუს აქვს და ექნება ელექტორატის რაობის გათვალისწინებით. მეტი არა, არასდროს. ხალხი მრავალი მიზეზის გამო არ მივიდა 2-რე ტურზე. მივიდა მობილიზირებული ნაცმოძრაობის მხარდამჭერი და ნაწილი 1-ლ ტურში გახარიას გამოჩენის გამო გზააბნეული ხალხი. საერთოდ, გახარიაზე, კუთხურობაზე და სხვა, გულისამრევ ქართულ ფენომენებზე, ძნელია კომენტარის გაკეთება. არაპროდუქტიულიც, რადგან ამ უბედურებას საქრთველოსი არაფერ ეშველება. ბედკრულად რომ ვიწოდებით, ამიტომ ალბათ. ისე, დედაკაცებს მოვუაროთ დროა, მაგრამ, როგორ, უკვე აწყვეტილები არია.
3 წლის უკან
romani ჩასწორებული

ნაცმოძრაობას 25% პლუს-მინუს აქვს და ექნება ელექტორატის რაობის გათვალისწინებით. მეტი არა, არასდროს. ხალხი მრავალი მიზეზის გამო არ მივიდა 2-რე ტურზე. მივიდა მობილიზებული ნაცმოძრაობის მხარდამჭერი და ნაწილი, 1-ლ ტურში, გახარიას გამოჩენის გამო გზააბნეული ხალხი. საერთოდ, გახარიაზე, კუთხურობაზე და სხვა, გულისამრევ ქართულ ფენომენებზე, ძნელია კომენტარის გაკეთება. არაპროდუქტიულიც, რადგან ამ უბედურებას საქართველოსი არაფერი ეშველება. ბედკრულად რომ ვიწოდებით, ამიტომ, ალბათ. ისე, დედაკაცებს მოვუაროთ დროა, მაგრამ, როგორ, უკვე აწყვეტილები არიან.
3 წლის უკან