ირაკლი ქადაგიშვილი: საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, პარლამენტი კონსენსუსზე დამყარებულ გადაწყვეტილებას მიიღებს

ირაკლი ქადაგიშვილი: საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, პარლამენტი კონსენსუსზე დამყარებულ გადაწყვეტილებას მიიღებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტი პარტიების საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მიღწეული კონსენსუსის შედეგად მიიღებს. თუმცა თავად ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს.

„საუბარია საარჩევნო 2%-იან ბარიერზე, მაგრამ ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საუკეთესოა 3%-იანი ბარიერი. იმასაც ვამბობ, რომ არათუ ორი მოწვევით, იქნება მუდმივად დარჩეს 3%-იანი ბარიერი და ეს სტანდარტი დავამკვიდროთ, იმიტომ რომ ეს სტანდარტი იძლევა საშუალებას, რომ შედარებით მცირე და საშუალო პარტიებმა გადალახონ ბარიერი და პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი“, - ამის შესახებ ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პარტიას მხარს უჭერს ამომრჩევლის 3%, ეს უკვე გარკვეული რაოდენობაა და 2% იმდენად მცირეა, რომ შესაძლოა შემდგომში პარლამენტის საქმიანობა ძალიან დაქსაქსული აღმოჩნდეს. „ამიტომ საბოლოოდ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღებთ კონსენსუსზე დამყარებულ გადაწყვეტილებას. ის გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანებულია, ამასთან დაკავშირებით, ჩემ პოზიციას დავაფიქსირებ. მე შეიძლება განსხვავებული პოზიცია მქონდეს, მაგრამ პოლიტიკა არის ურთიერთშეთანხმების ნაწილი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის პირველი მოსმენით პარლამენტმა მხარი 2%-იან საარჩევნო ბარიერს დაუჭირა.