ოპოზიციის მიერ 31 ოქტომბერს დაანონსებულმა აქციამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თარიღი 7 ნოემბერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახის ერთ-ერთი „კარგი“ ილუსტრაციაა, თუ რა ხდებოდეს წინა ხელისუფლების პირობებში და კიდევ რისი გამეორება სურთ მათ.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს. მათი თქმითვე, დაიწყებენ ბოიკოტს, პიკეტირებას, აქციებს და იქნება მორიგი რევოლუცია, რომელსაც „მშვიდობიანს“ უწოდებენ.
ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ დღეს საზოგადოებაში არ არის ის მუხტი, 2003 წლის სცენარი გამეორედეს. ოპოზიცია ვერ შეძლებს იმ რაოდენობის ადამიანების გამოყვანას ქუჩაში, რომ ხელისუფლება რევანშისა და რევოლუციური გზით შეიცვალოს.
რაც შეეხება საკრალურ თარიღს, რომელიც ოპოზიციონერი ლიდერობის განმარტებით, „შეეშალათ“, ჩასწორდა და აქცია 6 ნოემბერს გაიმართება.
თავდაპირველად 7 ნოემბერს აქციის გამართვის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა. შემდეგ კი, გარკვეული განმარტებების გაკეთება პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას მოუხდა. როგორც ელენე ხოშტარიამ თქვა, აქცია ნამდვილად იქნება, 6 ან 8 ნოემბერს, თუმცა 7 ნოემბერს არ უნდა იყოს.
„7-ში არ იქნება, მოდი, პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. გადაწყვეტილია, იქნება ნამდვილად 6-ში ან 8-ში, არ გადაიწევს სხვა ციკლში. უბრალოდ, 7-ში არ იქნება, იმიტომ, რომ 7-ში არ უნდა იყოს“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა, მათ თარიღი ნამდვილად შეეშალათ, რადგან გათვლა იყო კვირა დღეზე.
„მათ თქვეს, რომ აქცია კვირას იქნებოდა და რა რიცხვი იყო ის კვირა, მერე ნახეს. შესაძლოა, შემდეგ ნახეს და მაინც არ ახსოვდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, იმ დროს, კვირის დღე იყო მთავარი და არა რიცხვი. ამიტომ, მგონია, რომ ამ მხრივაც არ იყო ორგანიზება.
რაც ნიშნავს ხალხის გამოსვლას, „გამოვა“ ნიშნავს, რომ ხალხი თვითონ დააპირებს გამოსვლას, მაგრამ არის კიდევ ზმნა „გამოიყვანენ“, - მგონია, ეს მეორე ზმნა არის უფრო ადეკვატური მათ განზრახვაში. ვეჭვობ, მოახერხონ იმდენის გამოყვანა, რამდენიც 14 ოქტომბერს იყო.
2012 წლის შემდეგ მასშტაბურ-პერმანენტული აქციების დაპირება ჯერჯერობით ვერ შესრულდა და იმ სურათის შემდეგ, რაც არჩევნების შედეგად დადგა, ეს მაინც მარცხია. მეეჭვება, დამარცხებულს ამდენი ადამიანი ახლდეს, რომ აქცია მასშტაბური და პერმანენტული გამოვიდეს საბოლოოდ, რადგან მოსახლეობაში არ არის ის განცდა, რასაც ტრიბუნიდან ამბობს ოპოზიცია, თითქოს მიღებული შედეგი უსამართლოა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მთავარი გათვლა კვირა დღეზე იყო, რადგან ამ დღეს უფრო მეტი ადამიანი იყრის თავს აქციაზე ხოლმე. როგორც მან აღნიშნა, ზოგადად, შაბათი დღე ოპოზიციას სჭირდება იმისთვის, რომ რეგიონებიდან ხალხის მობილიზება მოახდინოს და კვირას აქცია გამართოს, ასე იყო 14 ოქტომბრის აქციაზეც.
„უბრალოდ, უნდოდათ, რომ კვირა დღეს დაემთხვიათ, რადგან ამ დღეს უფრო მეტი ადამიანი მივიდოდა. გვახსოვს, 14 ოქტომბერს სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა და უქმე დღე იყო. შაბათს ჰქოდათ დრო რეგიონებში ხალხი შეეკრიბათ და ჩამოეყვანათ თბილისში აქციაზე. თუმცა, რადგან 7 ნოემბერია, აქცია 6-სთვის გადაიდო.
ალბათ, იქნება ის რაოდენობა, რაც 14-ში ვიხილეთ, რადგან მათთვის მიუღებელია ის საარჩევნო პროცესი, რაც საქართველოში მიმდინარეობდა. ამასთან - სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია. მგონია, რომ ბევრი ადამიანი მოიყრის თავს და გააპროტესტებს იმ უსამართლობას, რაც დაკავშრებული იყო არჩევნებთან. შესაძლოა, მართლაც მიიღო 55% კალაძემ, მაგრამ გასათვალისწინებელია წინასაარჩევნო პროცესი, როგორ ხდებოდა ადამიანების დაშინება და მოსყიდვა“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ამასთან, 2 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, 17:00 საათზე ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან აქცია იმართება. დღესვე, 18:00 საათზე აქცია იქნება რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული. აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„საქართველო პროტესტს იწყებს! 17:00 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან/თავისუფლების კვარტალი). ასევე, 18:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე! ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!“ - ნათქვამია ნიკა მელიას განცხადებაში.