„ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი დესტაბილიზაციასა და ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას შორის, ამ გზიდან გადახვევას არავის აპატიებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატმა საკუთარი სიტყვა მმართველი გუნდისა და წარდგენილი კანდიდატებისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვით დაიწყო.
„მინდა, მოგილოცოთ წარმატებით ჩატარებული არჩევნები თქვენც და საქართველოს მთელ მოსახლეობას. განსაკუთრებით, ვულოცავ ყველა ახლად არჩეულ მერს, საკრებულოს წევრებს და ვუსურვებ, რომ წარმატებულად მშვიდად საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ნამდვილად დაძაბული არჩევნები იყო, პოლარიზებული, როგორც ყოველთვის... ამას შევეჩვიეთ. მინდა, მადლობა ვუთხრა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს, პოლიციელებს, ყველა საჯარო მოსამსახურეს, რომელთაც უზრუნველყვეს, რომ, ამ დაძაბულობის მიუხედავად, შეძლეს არჩევნების მშვიდად და სამართლიანად ჩატარება. მინდა, განსაკუთრებული მადლობა, კიდევ ერთხელ, ვუთხრა ქართველ ხალხს, ამომრჩევლებს, რომლებიც, ბოლო 9 წლის განმავლობაში, უკვე მერვედ დაუდასტურეს ნდობა „ქართულ ოცნებას“ და მოგვცა ქვეყნის მართვის მანდატი და მათ შორის, მესამედ მოგვცა ეს მანდატი მუნიციპალურ დონეზე. ამ არჩევნებით ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ სტაბილურობა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ამ ამოცანების შესრულების გარანტად სწორედ „ქართული ოცნება“ მიაჩნია. დაადასტურა ისიც, რომ ხალხი არავის მისცემს ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციის უფლებას და არ დაუშვებს ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნებას. დღეს აქ ზოგიერთი ჩვენი კოლეგა საუბრობდა პოლარიზებაზე, დაძაბულ საარჩევნო დღის წესრიგზე, მაგრამ რატომღაც არ უხსენებიათ, ვინ არის მუდმივად ამ პოლარიზების წყარო და, ამ დროს, საოცარ განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, არჩევნების დამთავრების შემდეგ. მაგალითად, მოვისმინეთ ასეთი განცხადება ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგის მხრიდან; თითქოს, არჩევნები არ არის ადამიანების ნების გამოხატულება და ეს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ტექნიკური საკითხია. ამ დღეებში, მათ კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ 7 ნოემბერი არ აკომპლექსებთ და არ ნანობენ მშვიდობიანი მოშიმშილეების დარბევას, „იმედში“ შეჭრას, ტელეკომპანიის დარბევას, ჟურნალისტების ცემასა და წართმევას მესაკუთრისთვის. არ ნანობენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რიგგარეშე არჩევნების გამოცხადებას. კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ მათი მთავარი მიზანი უახლოესი პერიოდის განმავლობაში იქნება მორიგი არეულობა და ხელისუფლებაში ძალადობით მოსვლა. მინდა მკაფიოდ განვუმარტო ყველას, ვისაც ეს არ ესმის ან არ უნდა რომ გაიგოს, არჩევნები ეს არის სწორედაც ხალხის ნების გამოხატულება და ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა და უნდა შეეგუონ ამას. მათ მოუწევთ ამასთან შეგუება. ვისაც ამ ჭეშმარიტების გათავისება უჭირთ, მკაფიოდ განვუმარტავ, რომ საქართველო დღეს შემდგარი სახელმწიფოა - ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტებით და ყველას მოუწევს, დაემორჩილოს კანონსა და ხალხის ნებას, რაც სწორედ არჩევნების გზით არის გამოხატული. ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი დესტაბილიზაციასა და ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას შორის, ამ გზიდან გადახვევას არავის აპატიებს. დღეს ჩვენ ძალიან ბევრი ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი და ახლა მთავარია, ამ ამოცანებზე კონცენტრირება. ეს არის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, მომზადება ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის, სიღარიბის დაძლევა, ყველა რეგიონის სტაბილური განვითარება, და ბოლოს,ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც სტაბილურობის გარეშე წარმოუდგენელია. ესენია ის საკითხები, რომლებიც წარმატებით შეგვიძლია ვითანამშრომლოთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომლისთვისაც ქვეყნის განვითარებაა მთავარი მიზანი და არა - ნებისმიერი ფორმით ხელისუფლებაში მოსვლა. დაბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ წარმატებით ჩატარებული არჩევნები. დროა, დავიწყოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა ყველა იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ფიქრობს ქვეყნის განვითარებაზე და რომლისთვისაც ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა არ არის ერთადერთი დღის წესრიგი და ამოცანა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.