გიორგი ხელაშვილი: დაპირისპირების დასრულება აუცილებელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის დასაჩქარებლად

გიორგი ხელაშვილი: დაპირისპირების დასრულება აუცილებელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის დასაჩქარებლად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა კოლეგებს არჩევნების შედეგები მიულოცა და  განაცხადა, რომ ისურვებს  არჩვენების დასრულება ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის, სიძულვილის, ტყუილის და დაპირისპირების დასასრულიც იყოს. რასაც მოელის ჩვენგან საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება. „დაპირისპირების დასრულება აუცილებელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის დასაჩქარებლად.

ყველანი ვთანხმდებით, რომ დასავლეთთან საქართველოს ინტეგრაცია აუცილებელია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის და ქვეყნის და ხალხის გამდიდრებისთვის.

ახლა საქმის კეთების დროა, რასაც მოითხოვს ჩვენგან ჩვენი ხალხი და მოელიან საერთაშორისო პარტნიორები.

კარგია, რომ ოპოზიციის ნაწილი, როგორც განცხადებებიდან ჩანს, ამას აცნობიერებს, თუმცა ულტიმატუმების წამოყენებას ვერ ელევა.

ყველა, ვინც დღეს დაპირისპირების გაგრძელებისკენ მოგვიწოდებს, ასუსტებს საქართველოს, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მომავალს, და იმისდა მიუხედავად აცნობიერებენ თუ არა, ჩრდილოელი მეზობლის იმპერიული პოლიტიკის წისქვილზე ასხამენ წყალს",- განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით,  ადგილობრივ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები იყო ვერდიქტი, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა საერთაშორისო აღებული ვალდებულებების მიხედვით, კონკურენტული საარჩევნო გარემოს პირობებში, სადაც კანდიდატებს და პარტიებს კამპანიის წარმოების თავისუფლება ჰქონდათ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს როგორც უმრავლესობიდან, ისე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიიდან, ვინც წვლილი შეიტანეთ საარჩევნო რეფორმაში, რამაც საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. ისევე, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმატებულმა მუშაობამ.

მისი განცხადებით,  ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სამსახურმა- ოდირმა, ევროკავშირის მისიასა და ამერიკის საელჩოსთან ერთდ განსაკუთრებით აღნიშნა არჩვენების დღის განმავლობაში უზრუნველყოფილი მშვიდობიანი გარემო და ორგანიზაციის მაღლი პროფესიონალური დონე.

„თუმცა მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო უარყოფით გამოხმაურებებსაც.  აუცილებელია, რომ ყველა ის ხარვეზი, რომელიც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, დეტალურად იქნეს გამოკვლეული.

დეტალებს რომ არ ჩავუღრმავდე საერთაშორისო დამკვირვებლების ძირითადი კრიტიკა დაიმსახურეს ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა მთლიანად, ერთიანობაში, მიკერძოებულმა მედიამ და არაკეთილსინდისიერმა ე.წ. ადგილობრივმა დამკვირვებლებმა.

ჩვენი, პოლიტიკოსების ამოცანაა ყურად ვიღოთ ეს კრიტიკა, დავასრულოთ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება, უარყოფითი რიტორიკა და მტრობა თანამშრომლობით შევცვალოთ. მაგრამ ამას მმართველი პარტიის ნაბიჯები არ ეყოფა, უპირველესად ოპოზიციამ უნდა დაასრულოს ზიზღის და სიძულვილის თესვა და ძალადობისაკენ მოწოდება".

გიორგი ხელაშვილმა მედიასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, „რაც შეეხება პოლიტიზებულ მედიას, მოვუწოდებ გაითვალისწინონ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი და დაიბრუნონ ჟურნალისტის პროფესია, ნუღარ წაშლიან ზღვარს ტელევიზიებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის.  რადგან ქართულ დემოკრატიას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი  ჟურნალისტიკა სჭირდება და არა პოლიტიკური პარტიების მიერ მართული პროპაგანდისტული მანქანები".

მისი თქმით მიუმხრობლობის და ობიექტურობის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს ასევე არასამთავრობო სექტორის საქმიანობა. „მათ ვურჩევ სერიოზულად მოეკიდონ საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკას, თუ სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთ ორგანიზაცია გააგრძელებს მუშაობას როგორც პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფი, სამწუხაროდ მათი წვლილი ქართული დემოკრატიის განვითარებაში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ხოლო ხალხის მიერ მათ მიმართ ნდობის ხარისხი იმაზე დაბლა დაიწევს ვიდრე აქამდე იყო". 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, არჩვენებმა „ქართულ ოცნებას" მისცა მაღალი ლეგიტიმაცია, რომ როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე განაგრძოს რეფორმები. რომლებიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის და იმედოვნებს, რომ ეს რეფორმები არა მარტო ქართული ოცნების, არამედ ოპოზიციის მონაწილეობითაც განხორციელდება.