შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები აანონსებენ სამოქალქო დაპირისპირებას

შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები აანონსებენ სამოქალქო დაპირისპირებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი, დღეს სესიაზე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ შერჩეულ უბნებზე ხმების დათვლის პროცესსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილის თქმით, რიგ უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლის შედეგად, კახა კალაძეს ამომრჩეველთა ხმები დაემატა.

„გუშინ ჩატარდა შემთხვევითი წესით შერჩეული უბნების გადათვლა, 201 უბანი გადაითვალეს უკვე, რაც არის უბნების 11%. მაგალითად თბილისში ამ გადათვლის შედეგად კახა კალაძეს დაემატა 12 ხმა, ხოლო ნიკა მელიას დააკლდა 10 ხმა. ეს რეალობა იქნებოდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, სამწუხაროდ, რომ არა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ოპოზიციისთვის კვლავ კვერის დაკვრა. აღმოჩნდა რომ „სამართლიანი არჩევნები“ განზრახ უმალავდა საზოგადოებას ერთი თვის განმავლობაში ნამდვილ რიცხვებს. საბედნიეროდ განსხვავებით შარშანდელისგან, როდესაც 26 ორგანიზაცია აწერდა ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, წელს მათგან მხოლოდ 16 დარჩა, თუმცა მათ შორის არიან „სამართლიანი არჩევნებიც“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ასევე არჩევნებთან და პარტიების კამპანიასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. „ჩახედეთ ანგარიშებს და ნახავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 200 000 ლარი დახარჯა მხოლოდ ფასიან რეკლამაში, სატელევიზიო რეკლამაში, მაშინ როდესაც „ქართულ ოცნებას“ 20 000-იც კი არ დაუხარჯავს. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, როდესაც ამ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აანონსებენ სამოქალქო დაპირისპირებას. სამწუხაროა, როდესაც ისინი ამას აკეთებენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.