„მელიას თავზე თმა არ ტრიალებს, დანარჩენი - ყველაფერი“

„მელიას თავზე თმა არ ტრიალებს, დანარჩენი - ყველაფერი“

„ვიცი, რას განიცდი, მიშა, ბევრს ეცადნენ მტრები თუ მოყვარეები, ჩვენს შორის უთანხმოება ჩამოეგდოთ, როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, გვერდში დგომის მეტი ჟინი მიჩნდებოდა“, - მიმართა სააკაშვილ ნიკა მელიამ, რომელიც, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უახლოეს დღეებში დატოვებს. არაოფიციალური ინფორმაციით, მელიამ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პირველი ტურის შემდეგ მიიღო, მაგრამ გადაწყვეტილება პარტიის წევრის კობა ნაყოფიასთან და მიხეილ სააკაშვილთან აუდიენციის შემდეგ დროებით გადადო. ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ პარტიის ლიდერებსაც.

რა ხდება მელიას თავს? - ამის შესახებ for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ნიკა მელიას პოლიტიკური ბერკეტები ეცლება პარტიაში - არ არის დეპუტატი, არ არის პარტიის თავმჯომარე, ვერ გახდა მერი, მხოლოდ ბრალდებულის სტატუსი აქვს. რა სარგებელი დარჩა მელიას ამ პოლიტიკური ბრძოლიდან, რომელიც ბოლო დღეებია პოლიტიკურ განცხადებას „ლელოს“ ოფისიდან აკეთებს? მელია, რომელიც სააკაშვილისთვის მიუღებელი გახდა, დაუკავშირებს პოლიტიკურ ბედს „ლელოს“?

რამაზ საყვარელიძე: ეს ვერსია ტრიალებს. თუკი „ლელოში“ მოხდა მიგრაცია, ალბათ, გადავა მაღალ სტატუსის მქონე ადამიანად, მაგალითად - თავმჯდომარედ. ასეთ შემთხვევაში არსებული თავმჯდომარე სად წავა? აი, ეს არ მესმის ამ სქმეაში. იმიტომ, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს პარტიის აგების დროს ალბათ, ჰქონდათ ის გეგმა, რომ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის ბლოკირება შეძლებოდათ. თუკი მელიას ხათრით ასეთ პარტიულ თანამდებობას ჩამოშორდებიან, მერე როგორ დაიცავენ საკუთარ სტატუსს? - გაუგებარია, ისევე როგორც გაუგებარია, რატომ გამოვარდა პარლამენტიდან ხაზარაძე, რადგან მას საპარლამენტო მანდატი დაიცავდა. მათი პარტიის რიგითი წევრობის შემთხვევაში, ბევრი რაღაცა შეიძლება მოხდეს. მოგეხსენებათ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

ამ ფონზე, რამდენად ხედავთ მელიას ადგილს „ლელოში“ და არის ის ფიგურა, რომელიც ბოლო რიგში დადგეს? პარტიაში ხაზარაძის და ჯაფარიძის შემდეგ პოლიტიკური პროცესები მიჰყავს ანა ნაცვლიშვილს, რომლის ადგილს მელია ვერ დაიკავებს...

- ამ კითხვას საფუძველი უდავოდ აქვს და ამიტომ ვერ ვხედავ ასეთ კომბინაციას - მელია „ლელოში“. იმიტომ, რომ იქ ყველა ადგილს თავისი პატრონი ჰყავს, მელიას ჩაიზე ხომ არ დაპატიჟებენ? გაუგებარია რა თანამდებობაზე დაპატიჟებენ. თქვენს კითხვას გავაგრძელებ - მელია სტილისტურად არის განსხვავებული დანარჩენებისგან. ეს განსხვავება, ადრე თუ გვიან, სადავო გახდება. რადიკალური ანა ნაცვლიშვილიც კი გამოდის და ცდილობს, რომ პოზიცია ჩამოაყალიბოს და არა შეიგინოს. მელია, გარდა იმისა, რომ იგინება, სტილიც რადიკალური აქვს. თქვენ მკითხეთ რა ტრიალებს მელიას თავსო - მელიას თავზე თმა არ ტრიალებს, დანარჩენი - ყველაფერი.

მეორე მხრივ, ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილმა თავისი ვერ გაიტანა და მაინც აირჩიეს მელია. ე.ი. პარტიაში ვიღაცები მისი მომხრეები არიან. თან ეს ისეთი ვიღაცები არიან, რომლებსაც შეუძლიათ სააკაშვილს გაუწიონ წინააღმდეგობა. ეს პოზიცია არსებობს, ამიტომ მეეჭვება, რომ მელიას ამბავი ასე გაგრძელდეს. უფრო ლოგიკური იქნება პარტია გაიყოს მელიისტებად და მიშისტებად.

იმ შემთხვევაში, თუ მელია ოფიციალურად დატოვებს პარტიას, აქვს იმის პოლიტიკური რესურსი, რომ შექმნას ახალი პოლიტიკური ძალა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და რა ჯგუფი შეიძლება გაყვეს მელიას?

- სტილისტურად მელია ნაციონალია. ასე რომ, ნაციონალების მოყვარული ადამიანებისთვის ის მისაღები იქნება. მათი პოზიცია - ივანიშვილი გადმოვაგდოთ, შევაგდოთ, დავწვათ, - ეს ნაციონალური რეპერტუარიდანაა, სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება არის მხოლოდ განსხვავებული. მელიას ადრეც ჰქონდა ეს განსხვავებული დამოკიდებულება და ამიტომ, დასაშვებად მიმაჩნია, რომ შეიქმნას ახალი „ნაციონალური მოძრაობა“. მელიას რა განასხვავებს ტრადიცული ნაციონალებისგან? - ის, რომ მას არ აქვს ნაციონალური ბიოგრაფია. იმ 9 წელიწადში მელიას სახელი არ ურევია. ასე რომ, მას შეუძლია პარტია გააკეთოს უსისხლო ნაციონალებისგან.

ის ჯგუფი, რომლებიც ასოცირდებიან ძველ ნაციონალებთან, დარჩებიან სააკაშვილის გარშემო, ხოლო მელია ეცდება ააწყოს ახალი. მელიასთვის ეს ვარიანტი იქნება მომგებიანი. ამ შემთხვევაში, ლოგიკიდან გამოვდივარ, რადგან თვითონ ნაციონალების შიგნით ბრძოლა შეიძლება არ იყოს მისთვის პერსპექტიული.

ვიცით, რომ მიშას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ჩაფიქრებული ჰყავს საკუტარი შვილი და არა მელია. ამიტომ მგონია, რომ მელიას დამოუკიდებლად გასვლა, სადაც ის თავმჯდომარეც იქნება და ლიდერიც, უფრო მიზანშეწონილია, მაგრამ მიშას გარეშე არც მას ექნება ხმები, ისევე, როგორც არ აქვს „ევროპულ საქართველოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ პარტიას აქვს თავისი ფუნქცია  - დესტაბილიზაციის მოწყობა საქართველოში, რომელსაც არავინ არ შეასრულებს. ამ ფუნქციას ვინ აიღებს, გარდა ნაციონალებისა?!

თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებელი არის მზარდი. პარტია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალადობაზე აგებდა პოლიტიკას, იგივეს აგრძელებს ოპოზიციაში ყოფნის შემთხვევაშიც. როგორ შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ დამძიმებული წარსულის მიუხედავად, ამ ძალის მიმართ პოლიტიკური ინტერესი არსებობს მოსახლეობაში, თანაც მზარდია ეს ინტერესი. რამდენად პრობლემური იქნება ეს პროცესი უკვე 2024 წლის არჩევნებზე?

- დამძიმებული წარსული ჰიტლერს რომ ჰქონდა, ისეთი უნდა, მაგრამ ნიურნბერგის პროცესის მერე გერმანულ საზოგადოებაში არის ნაწილი, რომელიც დღესაც მხარს დაუჭერდა ნაცისტურ პარტიას, მაგრამ იქ კანონით არის აკრძალული ნაცისტური პარტია. ანალოგიური მოვლენაა - მინუსებს ვერ ხედავს ადამიანი და მიუხედავად ყველაფრისა, მხარს უჭერს რომელიღაცა ერთ პარტიას, ეს არაა გასაკვირი. მაგათ ხან ფანატიკოსებს ეძახიან და ხან ქარიზმას. არსებობს ასეთი მოვლენა და ფენომენი. ვინც გიყვარს, იმის ცუდიც კარგი გეჩვენება.

მე, მაგალითად გამიგია ასეთი რამ: „ციხეში აკეთებდნენ მაგას?“; „აკეთებდნენ იმიტომ, რომ ქურდებს ჰქონოდათ შიში და უარი ეთქვათ ქურდობაზე, რადგან იცოდნენ ცხიეში თუ მოხვდებოდა, რას უზამდნენ“ - აი, ამითი ამართლებენ, ისევე როგორც სტალინს ამართლებენ. გულდასაწყვეტია, მაგრამ გასაკვირი არ არის. ჩვენს სინამდვილეში ეს ვითარება სულ იქნება, სანამ არ გაჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა. ადამიანთა ფანტაზია ვერც კი შორდება ამ ორ ძალას - „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“. დიდი იმედი მქონდა, რომ გახარია აღმოჩნდებოდა რაღაცა სიახლის მატარებელი, მაგრამ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სიახლე ნაკლებად არის გახარიასთან.

არ ფიქრობთ, რომ პრემიერ-მინისტრმა რადიკალური ცვლილება უნდა გაატაროს, როგორც მთავრობაში, ასევე პარტიაში? კობახიძის გუნდის მიმართ, დაახლოებით იგივე რეაქცია აქვს საზოგადოებას, როგორც თავის დროზე გიგა ბოკერიას მიმართ. „ნაციონალური მოძრაობის“ მზარდი რეიტინგის ფონზე, რამდენად არის აუცილებელი პარტიის რადიკალური ცვლილება? ამ გუნდით, ალბათ, ძალიან რთული იქნება პოლიტიკური დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“...

- აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ მე არ ვიცი ღარიბაშვილი უნდა იყოს ასეთი განახლების ავტორი, თუ ვინმე სხვა. ის, რომ განახლება აუცილებელია, ამაში გეთანხმებით. მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მართლა მივიდნენ იქამდე, რომ მოსახლეობის ნაწილმა ისევ გადაწყვიტოს, რომ ხმა ნაციონალებს მისცენ. შეიძლება ბევრი რამე სტილისტურია და „ოცნების“ ახალგაზრდა გუნდს აქვს პრობლემები, მაგრამ არის კი ღარიბაშვილი ამ პრობლემის გადამჭრელი? - ეს არ ვიცი, რადგან არ ვიცი, რამდენად მოქმედებს დღევანდელ „ოცნებაზე“ ყოფილი თავმჯდომარე.