„მე მოვალ შენ წადი“ - ოპოზიციას ისევ ქუჩა ეძახის

„მე მოვალ შენ წადი“ - ოპოზიციას ისევ ქუჩა ეძახის

არღვევს თუ არა ოპოზიცია შარლ მიშელის შეთანხმებას, როცა დეპუტატების ნაწილმა პარალმენტის დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო? - როგორც აღმოჩნდა, ამ იდეას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც აღფრთოვანებული შეხვდა და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს.

პოლიტიკური ლოგიკა გვკარნახობს, რომ თუკი პარლამენტი არალეგიტიმურია და იქ ყოფნის მორალურ საფუძველს ოპოზიცია ვეღარ ხედავს, მაშინ საკრებულოების დატოვების გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, თუმცა, როგორც ჩანს, ამჟამადაც პოპულიზმთან გვაქვს საქმე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ პარლამენტში დარჩენაზე დეპუტატებს ხვეწნას არ დაუწყებენ. ამიტომაც მათი გადასაწყვეტი იქნება დარჩებიან თუ მანდატზე უარს იტყვიან. იმის გათვალისწინებით, რომ 3 წლის განმავლობაში არჩევნები აღარ იქნება, გამოდის, დეპუტატების უმეტესობა ისევ ქუჩის ამარა რჩება.

უკვე ცნობილია, რომ პარალმენტი მამუკა ხაზარაძის შემდეგ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანი წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ და ლევან ხაბეიშვილმა დატოვეს. მიჰყვებიან თუ არა მათ ენმ-ის სხვა დეპუტატებიც ჯერჯერობით უცნობია. ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ის გადაწყვეტილებას გუნდთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. ენმ-ში პარლამენტის დატოვების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის გარკვეული უთანხმოება გაჩნდა. არაა გამორიცხული ამან ენმ-ის შიგნით არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავოს. სავარაუდოდ, სწორედ ამაზეა გამწყრალი სააკაშვილი, რომელმაც ციხიდან გუნდს ბრძანების შესრულებისკენ მოუწოდა და მამუკა ხაზარაძის მიერ სადეპუტატო მანდატის დატოვებას ციხიდან გამოეხმაურა: „ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო! უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა! უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე.

ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ ბატონ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი, მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას.

ერთი სული მაქვს, როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია, იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურება, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე.

ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლის, ასევე უბრალოდ, ქვეყნის პატრიოტების, წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და დატოვონ „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილისთვის ხაზარაძის ეს ნაბიჯი პოლიტიკურად გაუგებარია. დეპუტატი for.ge-სთან ამბობს, რომ თუ ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს, ეს საკრებულოსაც უნდა შეეხოს.

„ლელოს“ პარტიის წარმომადგენლობიდან მხოლოდ მამუკა ხაზარაძე ტოვებს პარლამენტს. თუ ბოიკოტს აცხადებს ოპოზიცია, მაშინ ეს საკრებულოსაც უნდა შეეხოს და საკრებულოში წარმომადგენლობაზე ასევე უარი უნდა თქვას და მაშინ პოლიტიკურად გასაგები იქნება. სხვაგვარად ეს გადაწყვეტილება რა მიზანს ემსახურება, ვერ გავიგე“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

რესპოდენტი ამბობს, რომ რაღაც თვალსაზრისით ოპოზიციის ნაწილის ესმის, რადგან ბევრად უფრო მარტივია, თანამოაზრეებს - ათასობით ადამიანს, რომელიც ტაშს გიკრავს, შენსავით ფიქრობს, ქუჩაში შეხვდე და მიესალმო, ვიდრე დაუპირისპირდე უშუალოდ ბრძოლის ველზე შენს მოწინააღმდეგეს. ეს ბრძოლის ველი კი პარლამენტია. ამიტომ მისი დატოვება, ბრძოლის ველის მიტოვების ტოლფასია.

ოპოზიციის ლოზუნგია - „მე მოველ შენ წადი, ხალხში არ მუშაობს“

პოლიტოლოგი გია ხაუხაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ერთიანად უნდა ყველაფერს მიაღწიოს. დღეს რომ რევოლუციას დაიწყებენ, ხვალ უკვე დასრულებული უნდა ჰქონდეთ და ხელისუფლებაში იყვნენ. ეს კი წლებია არ გამოდის და მაინც იგივე წრეზე სიარულს აგრძელებენ. For.ge-სთან ხუხაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა, რომელიც გააზრებულიც კი არ აქვთ.

„გასგებია, რომ ოპოზიციას ეჩქარება და სწრაფად უნდა ყველაფერი, მაგრამ ასე არ გამოდის. პოლიტიკური სტრატეგია უნდა დაიგეგმოს და იმას მიჰყვნენ. ხელისუფლების ცვლილება რიგგარეშე არჩევნებზე უნდა მოხდეს, ან კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამისთვის კი გეგმაა საჭირო და არა ქუჩაში უაზრო სირბილი. დავუშვათ, ოპოზიციას თბილისში, ქუთაისში, ბათუმში მოეგო, მერე? იცვლებოდა რამე? „ოცნება“ ხელისუფლებიდან მიდიოდა? ფაქტობრივად, ხელისუფლების ცვლილების თვალსაზრისით, არაფერი კატასტროფული არ მოხდებოდა. მელია რომ მერი გახდებოდა, მთავრობას გადააყენებდა? კი ბატონო, ინსტიტუციონალური ბალანსი გაჩნდებოდა და ოპოზიციური მერი სახელმწიფოებრივად რაღაცა ახალს მოგვცემდა, მაგრამ სხვაგვარად არაფერი შეიცვლებოდა“,-ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, დღევანდელი ოპოზიციური ელიტა მარტივ მდგომარეობაში არ არის. არჩევნების დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური თამაში დასრულდა. ის ვა-ბანკზე უკვე წავიდა, რაღაცა შედეგი დადგა და ახალს ვერაფერს იზამს.

„ახლა რიგგარეშე არჩევნები რომ დანიშნონ, რა აზრი აქვს? ეს ინსტიტუციონალური ხვრელები და მამაძაღლობა თუ არ ჩაიხურა და მთელი ფული ისევ ხელისუფლების ხელში იქნება, ოპოზიციას ყველა წყარო გადაუკეტა, არჩევნებს როგორ იგებენ? ისევ ქუჩაში გამოვარდებიან და გულს მოიფხანენ? ეს არის პოლიტიკური მანევრი და ტაქტიკა. დილას რომ დაიწყონ და ხვალ საღამოს დაასრულონ, ასე პოლიტიკა არ კეთდება. ესე ბევრჯერ უქნიათ და რა გამოუვიდათ?

სააკაშვილის მოწოდება პარლამენტის დატოვების შესახებ გასაგებია, მისგან ეს არ მიკვირს. ერთი თვეა შიმშილობს, რაღაცა ცალხმრივი ინფორმაცია აქვს და მეორე მხრივ ის ასეთია. ამ ადამიანში მუდმივად რევოლუციური განწყობაა და მისგან არც მიკვირს. უბრალოდ, ჭიდაობისთვის ტატამზე რომ ადიხარ და მზად არ ხარ, როგორ მოუგებ? რევოლუციური განწყობა მაშინ იქმნება ქვეყანაში, როცა სტერილური ხელისუფლება ერთ მხარეს რჩება, მეორე მხარეს კი საზოგადოებაა დარჩენილი. დღეს გვინდა თუ არა, ასეთი რეალობა ქვეყანაში არ დგას. ამიტომ ცოტა გააზრებაა საჭირო და არა ემოციური გადაწყვეტილებების მიღება“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

პოლიტიოლოგი ვანო მაჭავარიანიც იგივე აზრზეა და ფიქრობს, რომ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა. მაჭავარიანი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მხოლოდ ქუჩით ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს.

„საპროტესტო აქცია ლოზუნგით - „მე მოვალ და შენ წადი“, არსად არ გამოსულა. თუ საზოგადოების მუხტზე დაკვირვებით არ ჩანს, რომ აქციებზე მილიონი ადამიანი გამოვა, ამას მთავრობაც ძალიან კარგად გაიგებს და „ქართული ოცნება“ ამ ტიპის საპროტესტო აქციებს შეეგუა. დაუგეგმავი ჩანს ეს ქუჩა და პოლიტიკური პროცესები. როგორც ჩანს, ადამიანი, ვინც ამ გადაწყვეტილებების მიმღებია, ყველაფერს თავის თავზე იღებს, არ არის ერთიანი პოზიცია ამასთან მიმართებაში და სხვანაირად უნდა მიდგომა. პარლამენტის ბოიკოტი არ არის სწორი არჩევანი და როგორც საზოგადოება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ნაბიჯს არ იღებს“, - ამბობს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, ეს არის დაგვიანებული და ათასჯერ განვლილი თემა. გაუგებარია იყო პოლიტიკური აქტორი და არ იყო საპარლამენტო პროცესების ნაწილი. საერთაშორისო თანამეგობრობაც და საზოგადოებაც ამ ნაბიჯს უარყოფითად იღებს. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ისევ ემოციურ ფონზე კეთდება და ოპოზიციას მძიმე დარტყმას მიაყენებს.