ჩვენ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად რადიკალურ ოპოზიციას მოვუწოდებდით, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში. შარლ მიშელის დოკუმენტის მიღების შემდეგ მათ ეს გააკეთეს, მაგრამ ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ მათ ღირებული იქ არაფერი შეუქმნიათ, გარდა პროვოკაციის, ხმაურისა და ლანძღვა-გინებისა, იქ არაფერი მოგვისმენია, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დასანანია ის, რომ ასე უპასუხისმგებლოდ ეპყრობიან ხალხის მიერ მათთვის მიცემულ მანდატს.
„ისინი ხალხის მიერ არიან არჩეული და ხალხმა მათ მანდატი იმიტომ მიანიჭა, რომ შეასრულონ გარკვეული სამუშაო. ეს პრაქტიკულად მათი კონტრაქტია ხალხთან, რომელსაც, როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი თავისი ლიდერის მოწოდებით არღვევს ამ კონტრაქტს და კონტრაქტის დარღვევა საბოლოოდ, როგორც წესი, მთავრდება ამ რადიკალური ოპოზიციის სრული მარცხითა და მარგინალიზაციით“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.