საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და აშშ-ის საელჩოს შეფასებებს გამოეხმაურა. „საერთაშორისო დამკვირვებლებისა და საელჩოების განცხადებები დიდად არ განსხვავდებოდა არჩევნების პირველი ტურის შეფასებებისგან. ძირითადად არჩევნები შეფასებულია, როგორც კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული“, - ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ შეფასებებში საერთაშორისო კრიტიკაზე საუბარი არ არის. „ესაა სტანდარტული პროცედურა და მთავარია, რომ ისინი არჩევნებს ლეგიტიმურად აღიარებენ, დემოკრატიის მაღალი დონით და ხარვეზებით, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ახლავს არჩევნებს. ისინი მოგვიწოდებენ ამ ხარვეზების გამოსწორებისაკენ“, - აღნიშნა ხელაშვილმა.
ამასთან ხელაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და საელჩოების შეფასებები „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებია. „ჩვენ გუშინდელ გამოხმაურებაში პარტიის სახელით ნათლად აღვნიშნეთ, რომ ეს შეფასებები ჩვენთვის სრულიად მისაღებია. ჩვენ ოპოზიციასთან ერთად ვაპირებთ ვიმუშაოთ იმაზე, რომ ხარვეზები აღმოიფხვრას, თუ ოპონენტები გადავლენ კონსტრუქციულ ლიანდაგზე“, - განაცხადა ხელაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება. დიპლომატიური წარმომადგენლობა იზიარებს ოდირის შეფასებას, რომ „არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული“.