ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკის დამაზიანებელი ნარატივი წელიწადზე მეტია გვესმის. ოპოზიციის მესიჯში არანაირი სიახლე არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გაიგოს, რომ კონსტიტუციური დღის წესრიგის შეცვლა არ შეიძლება.
„მათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება ქვეყანაში კონსტიტუციური დღის წესრიგის შეცვლა იმის გამო, რომ არჩევნებს აგებ. ამ აქციების არც გამართვით და არც გაუმართაობით დიდი არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ბუნებრივია, რომ შვიდი ნოემბერი მათი მძიმე სიმბოლოა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი აქციის გამართვას 6 ნოემბერს გეგმავს. თავდაპირველად ოპოზიციამ 7 ნოემბერს აქცია ჯერ დააანონსა, შემდეგ კი გადაიფიქრა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს საპროტესტო აქციას გამართავს. 7 ნოემბრის აქცია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დააანონსა ექსპრეზიდენტმა და ამჟამად პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმაც, თუმცა მისი პოსტი ახლა აღარ იძებნება.
7 ნოემბრის აქციის ანონსს მალევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც განაცხადა, რომ „7 ნოემბერს აქცია არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“. ელენე ხოშტარიას კომენტარი გაავრცელა „ტაბულამაც“, სადაც ხოშტარია ამბობს: „აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, შეგვეშალა“.