ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ შესაძლოა დაიშალოს

ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ შესაძლოა დაიშალოს

მამუკა ხაზარაძის მიერ მეათე მოწვევის პარლამენტის დატოვების შემთხვევაში ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ შესაძლოა დაიშალოს. მიზეზი რეგლამენტით გათვალისწინებული ის ნორმა იქნება, რომელიც ფრაქციის არსებობისთვის 7 დეპუტატის წევრობას ითვალისწინებს.

ამის შესახებ „ქრონიკასთან“ კომენტარი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმაც გააკეთა.

„თუ მამუკა ხაზარაძე ოფიციალურად დაწერს განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაზეც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს და შემდგომ უკვე საქართველოს პარლამენტი, აქედან 7 დღის განმავლობაში ფრაქციას საშუალება აქვს შეიერთოს სხვა წევრი, თუ ეს ვერ მოხერხდება ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ეს ფრაქცია დაიშლება“,- განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ, ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ იგი პარლამენტს ტოვებს.