კახა კალაძე: საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთებაა

კახა კალაძე: საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთებაა

საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება - საქმე, საქმე და საქმე. მივხედოთ ქალაქს!, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ 6 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას აქციის ჩატარების უფლება კანონის ფარგლებში აქვს.

„ეს მათი უფლებაა, რომ აქციები ჩაატარონ. მთავარია. ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემი დამოკიდებულება იქნება საქმის დაპირისპირება, დედაქალაქში კონკრეტული პროექტების განხორციელება, ასე ვაპირებ მომდევნო წლების განმავლობაში მუშაობის გაგრძელებას“, - განაცხადა კალაძემ.

ოპოზიციის ნაწილი აქციის გამართვას 6 ნოემბერს გეგმავს. თავდაპირველად ოპოზიციამ 7 ნოემბერს აქცია ჯერ დააანონსა, შემდეგ კი გადაიფიქრა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს საპროტესტო აქციას გამართავს. 7 ნოემბრის აქცია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დააანონსა ექსპრეზიდენტმა და ამჟამად პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმაც, თუმცა მისი პოსტი ახლა აღარ იძებნება.

7 ნოემბრის აქციის ანონსს მალევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც განაცხადა, რომ „7 ნოემბერს აქცია არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“. ელენე ხოშტარიას კომენტარი გაავრცელა „ტაბულამაც“, სადაც ხოშტარია ამბობს: „აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, შეგვეშალა“.