ოპოზიციის ვა-ბანკი - არსაიდან არსაითკენ!

ოპოზიციის ვა-ბანკი - არსაიდან არსაითკენ!

იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებდა, ის სცენარი, რომლითაც მოვლენების განვითარებას ექსპერტთა ნაწილი პროგნოზირებდა, პრაქტიკულად მართლდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, არც მის შედეგებს აღიარებს. ოპოზიცია ემზადება ერთგვარი რევანშისთვის, „მშვიდობიანი რევოლუციისთვის“ და ხელისუფლების შესაცვლელად.

ოპოზიციამ კვირას, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა, თუმცა მოგვიანებით თარიღი შეცვალეს. საქმე ისაა, რომ 7 ნოემბრის აქციის დარბევა „ნაციონალური მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს შლეიფად მიყვება და 7 ნოემბრის დასახეკებამ თავად ოპოზიციის გულშემატკივრებიც კი გაოგნებული დატოვა.

ასე თუ ისე, როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა აქციები გაიმართება, მაგრამ ოპოზიციას სჭირდება დრო ხალხის მობილიზებისთვის.

„ჩვენ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას. ჩვენ ვაპირებთ სამშაბათს ბათუმში ჩასვლას, ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ. ვიყოთ ქუთაისში და მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს, მაგრამ ეს აქცია, ეს დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან ბევრი თვალსაზრისით. ნება მომეცით, ამაზე მეტად დეტალებში ახლა არ შევიდეთ. რა თქმა უნდა, მასშტაბი იქნება იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენ ბოლოს 14 ოქტომბერს ვნახეთ, თუმცა შინაარსი და დატვირთვა იქნება განსხვავებული, ისეთი, როგორიც ამ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციას 7 ნოემბრამდე სხვადასხვა მშვიდობიანი აქტივობა ექნება.

„კვირა დღემდე სხვადასხვა აქტივობა გაიმართება ძალიან მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე, წინააღმდეგობრივი. არ მივცემთ მოძალადეებს ამოსუნთქვის საშუალებას“, - აღნიშნა მელიამ.

ფაქტია, მოვლენების დინამიკა იცვლება და ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, შესაძლოა, მოვლენები სწორად იმ სცენარით განვითარდეს, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში არაერთხელ გვინახავს, ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით განხორციელებული.

ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში არც იმას გამორიცხავენ, რომ დაიწყოს საპროტესტო გამოსვლები, პერმანენტული და მასშტაბური აქციები, რასაც საბოლოოდ, მოსალოდნელია, რომ მხოლოდ ერთი დასასრული ჰქონდეს - ვითარების ესკალაციის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ერთი რევოლუცია და სამოქალაქო დაპირისპირებაც კი.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილს არ წყვეტს და „ნაცმოძრაობა“ და მისი „სექტა“ მზად არის თავისი „ბელადისთვის“ ყველაფერი გააკეთოს და ექსპრეზიდენტი საპატიმროდან დაიხსნას.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სცენარი სწორად ისე ვითარდება, რაც უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს აქვთ გაწერილი. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გასაჯაროებული ჩანაწერები სწორედ ამის დამადასტურებელი საბუთია. ანჯაფარიძის განცხადებითვე, რევანშისა და სამოქალაქო დაპირისპირების რისკი მაღალია:

„ველოდებოდი მოვლენების ისეთ განვითარებას, რა სცენარითაც ახლა ვითარდება. სამწუხაროდ, ალბათ, უნდა ველოდოთ აქციებს და ზუსტად იმ სცენარის განმეორებას, რაც აღწერილი იყო სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებში, სადაც სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მაიდანის სცენარს განიხილავდნენ. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ოპოზიციას სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ ვა-ბანკზე წავიდეს. ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც მან რეფერენდუმად გამოაცხადა, როგორც ვხედავთ, ამომრჩეველთა უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ ნდობა გამოუცხადა.

ოპოზიციამ მიიღო ძალიან სერიოზული დარტყმა და მას არჩევნების შედეგები რომ ეღიარებინა და ეთქვა, რომ ელოდება 2024 წელს, რა თქმა უნდა, ეს მას ამომრჩეველს დააკარგვინებდა და ზოგიერთ პარტიას შესაძლოა ვერც კი მიეღწია საპარლამენტო არჩევნებამდე. ამიტომაც აირჩიეს ის ერთადერთი გზა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს საკუთარი პოლიტიკური არსებობა გაიხანგრძლივონ და შეეცადონ კიდევ ერთხელ, ხელისუფლების შერყევას, რომ ამჯერად მაინც გამოუვიდეთ. შეიძლება საერთაშორისო წრეების იმედი აქვთ, მაგრამ ამაში არ ვარ დარწმუნებული, რადგან არავის სურს საქართველოში ახალი დესტაბილიზაცია და სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა, ოპოზიცია იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია და ვიცით, მისი პოზიცია რაც არის, ვფიქრობ, რომ ყველაფერი იმ სცენარით მიდის, რაც პრინციპში, ადგილად პროგნოზირებადი იყო.

ოპოზიცია მიდის ვა-ბანკზე, რამდენად გამოუვათ რევოლუციური სცენარი და რამდენად წარმატებული იქნება, ეს ძალიან ბევრ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული - რა რაოდენობის ხალხი გამოვა, რამდენად შეძლებენ, რომ აქციას მისცენ პერმანენტული ხასიათი, რომ საპროტესტი აქციებზე მუდმივად იდგეს ბევრი ხალხი და სახლში აღარ წავიდეს, როგორი იქნება საერთაშორისო მხარდაჭერა, ექნება მას სიმპათიები თუ არა, იქნება ხელისუფლებაზე თუ მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდებენ.

გარდა ამისა, თვითონ ხელისუფლება როგორ მოიქცევა, ამაზეც არის დამოკიდებული, დაუშვებს თუ არა ის შეცდომებს მომიტინგეებთან მიმართებაში, თუ მომიტინგეებმა გადაწყვიტეს რადიკალური გზით მოქმედება. ჩანაწერებში საუბარი იყო, რომ შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი დაზიანდეს. ოპოზიციას უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. მათ განიცადეს პოლიტიკური მარცხი. ამიტომ, ახლა ისინი შეეცდებიან რადიკალური გზით მიაღწიონ შედეგს, რამდენად გამოუვათ, ამას პროცესების დინამიკა დაგვანახებს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.