თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის დასაძლევად, მთავარი გზა მასობრივი ვაქცინაციაა

თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის დასაძლევად, მთავარი გზა მასობრივი ვაქცინაციაა

სპეციალისტების თქმით, პირბადის გამოყენების 40%-იანი მაჩვენებელი და დღიურად აცრილთა უპრეცედენტოდ დაბალი მონაცემები მეხუთე ტალღისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის შეჩერებას აფერხებს. კოვიდაქტიური შემთხვევების შემცირების გზები კი, პირბადის გამოყენებას და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას უკავშირდება.

„უნდა შევეცადოთ, რომ ახალი და აქტიური შემთხვევების შემდეგი ზრდა ავიცილოთ თავიდან. თუ ახალი შემთხვევების ზრდა შემდგომში ისევ დაფიქსირდება, შესაძლოა, ჩვენ ვერ შევინარჩუნოთ არსებული სიტუაცია და ამას გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაც მოჰყვეს. პირბადეების გამოყენება არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რათა შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს. პანდემიის დასაძლევად, მთავარი გზა მასობრივი ვაქცინაციაა“, - აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 721 388 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 665 599, გარდაიცვალა 10 089 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.