„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ პარლამენტის წინ აქციის დაანონსების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს მეორე ტურის შესახებ ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიების პირველად ანგარიშს და არჩევნების პირველადი შედეგები ისე გააპროტესტა.
„ობიექტური საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნის გაცნობამდე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი საათით ადრე დააანონსა, რომ ისინი კვლავ აპირებენ აქციების მოწყობას. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რაზეც ეუთო/ოდირიც საუბრობს, რომ ეს პოლარიზაცია, სხვისი აზრის მიუღებლობა და ზოგადად ობიექტური ჭეშმარიტების აღიარების შეუძლებლობა, რომელიც ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო ჯამში ვნებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. ისინი არც კი დაელოდნენ სადამკვირვებლო მისიების შეფასებას, თავსი აღქმით, დამოკიდებულებით, თავისი სურვილებით ხელმძღვანელობენ და დააანონსეს ეს აქცია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცესკომ თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერთა არჩევნების განახლებული წინასწარი მონაცემები წარადგინა. თითქმის ყველგან, მათ შორის თბილისშიც, „ქართული ოცნება“ იგებს.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.