„მედვედევი სამხედრო ტრიბუნალზე უნდა გასამართლდეს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად“

„მედვედევი სამხედრო ტრიბუნალზე უნდა გასამართლდეს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად“

უკვე მერამდენე დღეა ყველაზე აქტუალურ თემად საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხი რჩება. პირველი განცხადება ამასთან საკავშირებით იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა აგვისტოს ომის თემაზე პრეზიდენტი სააკაშვილი დაიკითხოს. შემდეგი განცხადება, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია, უკვე პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მან თქვა, რომ ქართული საჯარისო ნაწილები მზადყოფნაში მოვიდა და დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვრები. მოგვიანებით მან განმარტა, რომ არასოდეს უთქვამს, ომი საქართველომ დაიწყოო, მაგრამ ივანიშვილის განცხადებამ სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერის ამ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიება საქართველოს ინტერესებში არ შედის. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თინათინ ბურჯალიანის აცხადებს, რომ თუ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ნორმები დაირღვევა, საერთაშორისო სამართალის მიხედვით, ეს არა რომელიმე თანამდებობის პირის, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას წარმოშობს. აგვისტოს ომის თემაზე for.ge-ს სამხედრო ექსპერტი, ყოფილი პოლიტპატიმარი, ვახტანგ მაისაია ესაუბრება, რომელმაც 2008 წელს ამ საკითხს სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა და მისი განცხადებით, სწორედ ეს წიგნი გახდა რეალურად მისი დაპატიმრების მიზეზი.

ვახტანგ მაისაია: „ჩემს წიგნში დაფიქსირებული იყო, როგორ ვერ გაითვალისწინა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ის საფრთხე, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდიოდა. იქ ასახული ის ხარვეზები, რაც ქართულ სპეც-სამსახურებს და შეაიაღებულ ძალებს ჰქონდა. ასევე გაანალიზებული იყო უშუალოდ 7 აგვისტოდან 6 დღის განმავლობაში შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობის ფაქტები წუთობრივად. სხვათაშორის, წიგნში კონფლიქტის ორივე მხარის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების შესახებაც იყო საუბარი, მაგრამ ეს ჩემს მოსაზრებებს კი არ ეყრდნობოდა, არამედ ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, პოლიტოლოგის ჯეფრი სილვერმანის მასალას. ჩემი მხრიდან პოლემიკური ტიპის კომენტარები იყო გაკეთებული, რითაც მე ვხსნიდი, ჩვენ რატომ გამოვიყენეთ კასეტური ბომბები და ასევე რატომ გამოიყენეს ეს ბომბები რუსებმა. ამასთანავე, ზოგად კონტექსტში მოცემული იყო სამხედრო - პოლიტიკური პროცესების ანალიზი. ეს იყო ინგლისურენოვანი ფორმატი და ასახული იყო, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, ვინ იყვნენ აქტორები, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებების საფუძველზე პროცესების განვითარება და რუსეთის მხრიდან როგორ მოხდა ამაზე ასიმეტრიული, არაადეკვატური პასუხის გაცემა. წიგნში გამახვილებული იყო ყურადღება იმაზეც, რომ რუსეთის შემოჭრის და სამხედრო ოპერაციების წარმოების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ირანის მიმართულების გაყალბება.

კონკრეტული ფაქტებიც იყო მოყვანილი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის აგრესია გამოწვეული იყო არა იმდენად საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ეს იყო პრევენციული დარტყმები საქართველოს მიმართულებით, რათა ამერიკელებს საქართველო არ გამოეყენებინათ, როგორც პლაცდარმი ირანში საბრძოლო ოპერაციების განხორციელებისათვის.

ბოლო პერიოდში აგვისტოს ომის თემა ძალიან აქტუალურია განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის ცნობილი განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ ქართულმა სამხედრო შენაერთებმა მოქმედება დაიწყეს მანამ, სანამ რუსეთის ჯარი საზღვარს გადმოკვეთდა. თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რისი თქმა შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით?

- რა ინფორმაციაც მე გამაჩნია და რისი მომსწრეც ვარ, ამაზე დაყრდნობით, აბსოლუტურად ვადასტურებ ამ მოსაზრებას. 3 აგვისტოს დაიწყო ფარული მობილიზაცია და ამავე დღეს სააკაშვილმა გასცა ბრძანება, რომ ცხინვალის მიმართულებით საბრძოლო ოპერაციები დაწყებულიყო. 5-6 აგვისტოს გამოიცა ის ცნობილი ბრძანება, რომლის ფორმატშიც უკვე დაიწყო საბრძოლო ოპერაციის წარმოება.

მობილიზებული იყო საარმიო დაჯგუფებისხელა ძალა, ჩართული იყო ორი ბრიგადა, ხოლო მესამე რეზერვში იყო. მთავარი კი იყო ის, რომ ეს ოპერაცია დაიგეგმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ ერთობლივად, მაგრამ მთავარი „სკრიპკა“ აქ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო, ანუ მას მთავარი როლი დაეკისრა ცხინვალის დაკავებაში. სხვათაშორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი ალყაში მოექცა და ამ ალყის გარღვევის მიზნით ოპერაციაში სრული მასშტაბით ჩაერთო საქართველოს შეიარაღებული ძალები. ამით იყო განპირობებული ის, რომ მოხდა ცხინვალის მასობრივი დაბომბვა.

ეს რომელ რიცხვში ხდებოდა?

- ეს იყო 7, 8 და 9 აგვისტოს პერიოდში. შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროების სპეცრაზმებმა მოახერხეს ერთი ზღუდის გარღვევა (ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმს რამდენიმე ეშელონიანი ზღუდე ჰქონდათ გაკეთებული), მაგრამ მეორე ეშელონის გარღვევისას ისინი ალყაში მოექცნენ და ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში შეიარაღებული ძალები. მათ მოახდინეს შეტევა ცხინვალის მიმართულებით, დაკავებული იყო შანხაის რაიონი და ბრძოლები ფაქტობრივად უკვე ცხინვალის ცენტრში მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მაინც ვერ შეძლეს დასახული ამოცანის შესრულება, რადგან ცხინვალი აღებული ვერ იქნა.

სხვათაშორის, აქ საინტერესოა ის, რომ ედუარდ კოკოითი, სააკაშვილის მსგავსად, აღმოჩნდა ლაჩარი და პირველი გაიქცა, გადავიდა ჯავაში, ხოლო ქალაქის დაცვა თავის თავზე აიღო მაშინდელმა უშიშროების საბჭოს მდივანმა, გენერალმა ბარანკევიჩმა. სწორედ მან მოახდინა ამ თავდაცვითი ზღუდეების შექმნის ორგანიზება და სანამ რუსეთის ჯარი შემოვიდოდა, სწორედ ის უძღვებოდა საბრძოლო მოქმედებებს.

9 აგვისტოდან რუსეთის ჯარმა უკვე აქტიურად დაიწყო შემოსვლა. 10 აგვისტოს პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ მოდიოდა როკის გვირაბის გავლით 150-ტანკიანი კოლონა. ასე რომ, საბრძოლო მოქმედებები საქართველომ რომ რუსეთის არმიის შემოსვლამდე დაიწყო, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 7 აგვისტოს, ღამის თორმეტის ნახევარზე საქართველოს სამშვიდობო ძალების სარდალმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას იწყებდა. მაშინ საერთოდ არ იყო საუბარი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის პასუხის გაცემაზე. ეს ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. ოპერაცია კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისთვის დაიწყო და ამას ადასტურებს თავად ამ ოპერაციის მასშტაბები, ფორმები და მეთოდები.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ 2000 ბანერი გაკეთდა და დაგეგმილი იყო, რომ როდესაც ცხინვალს აიღებდნენ, სააკაშვილს, უგულავას და კიდევ რამდენიმე პირს ცხინვალის ცენტრში უნდა ჩაეტარებინა მიტინგი, სადაც იტყოდნენ, რომ ცხინვალი საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნდა. თავიდანვე დიდი შეცდომა იყო, რომ სამხედრო ოპერაცია ცხინვალის მიმართულებით დაიგეგმა და ამას სამხედროები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. ცხადი იყო, რომ ცხინვალში შესვლა ფიასკოთი დასრულდებოდა, რადგან ქალაქური (თუ ურბანისტული) ტიპის ბრძოლებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალები მზად არ იყვნენ. ეს იმითაც დადასტურდა, რომ მათ ცხინვალი ვერ აიღეს. ცხინვალის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილს, ასევე ქალაქის ცენტრის რაღაც ნაწილს (გმირთა მოედნამდე და ლენინის გამზირამდე) ბოლომდე სამხრეთ ოსეთის თავდაცვითი ძალები აკონტროლებდნენ. ქართველებს ცხინვალის 60% ჰქონდათ დაკავებული.

როდესაც აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიების საკითხი დაისვა, „ნაციონალური მოძრაობასაქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების შელახვაზე ალაპარაკდა. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თინათინ ბურჯალიანი აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართალში არ არსებობს ნორმა, რომელიც ომის დაწყებისთვის ინდივიდების პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ანუ დადგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და არა პიროვნებების. თქვენი აზრით, მაინც უნდა ჩატარდეს თუ არა ეს გამოძიება?

- ძალიან სწორად აღნიშნა პაატა დავითაიამ, რომ ევროკომისიამ ომთან დაკავშირებული მასალები მოიძია და გადასცა პროკურატურას. ამდენად, სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო, მაგრამ ეს გამოძიება არ იყო ბოლომდე მიყვანილი. ამიტომ ეს საქმე აუცილებლად უნდა იქნეს ბოლომდე მიყვანილი. ჩვენ გვაქვს იუგოსლავიის პრეცედენტი. როდესაც სერბეთის მხარემ მილოშევიჩის რეჟიმის პირობებში უარი განაცხადა იმ ქმედებების გამოძიებაზე, რომლებიც სერბულმა მხარემ ბოსნიაში და კოსოვოში განახორციელეს, საერთაშორისო ტრიბუნალმა თვითონ დაიწყო ამ მასალების მოძიება და რაც მოყვა ამას, ყველამ კარგად ვიცით. ოცამდე სერბი მაღალჩინოსანი ჩადენილი დანაშაულის გამო არის გასამართლებული.

იგივე მოხდება საქართველოსთან დაკავშირებითაც. თუ ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე არ გამოვიძიებთ, მას წაიღებს საერთაშორისო ტრიბუნალი. ტალიავინმაც აღნიშნა, რომ ღამის პერიოდში მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასირებული დაბომბვა და ეს ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით. მიხეილ სააკაშვილიმა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიაა და შესაბამისად, როდესაც სააკაშვილმა ცხინვალს გაუხსნა ცეცხლი, ამით მან საკუთარ მოსახლეობას ესროლა და ამასთანავე, გამოყენებული იყო კასეტური ბომბები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიერ ნასროლი კასეტური ბომბებით ქართველი სამხედროები დაიღუპნენ. საერთაშორისო ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად ქართული კასეტური ბომბებით სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

რას ნიშნავსმეგობრული ცეცხლი“?

- „მეგობრული“ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს ცეცხლი და ამ ცეცხლის საფარში ჩვენივე ჯარისკაცები მოხვდნენ. ამ მიმართულებითაც ხომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, ეს ვისი დანაშაულია?!

ესე იგი აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხი გაცემული არ არის?

- რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, - ვინ დაგეგმა ეს ოპერაცია, რატომ მოხდა მისი ასე უთავბოლოდ დაგეგმვა და ა.შ. როდესაც სამშვიდობო ძალების სარდალი ღამის საათებში აკეთებს განცხადებას, რომ კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღადგინოს, ცხადია, რომ მას ამასთან დაკავშირებით ბრძანება აქვს მიღებული. ასეთი საიდუმლო ბრძანებები მოდის ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე. ამდენად, ყურაშვილმა ეს ბრძანება რამდენიმე დღით ადრე მიიღო, უბრალოდ ეს გაახმოვანა მაშინ, როდესაც უკვე ამ სამხედრო ოპერაციის ძირითადი ფაზა დაიწყო. 7 და 8 აგვისტოს არავინ ამბობდა, რუსების აგრესია უნდა მოვიგერიოთო. ეს ყველაფერი დაიწყო 9 აგვისტოს შემდეგ, როდესაც რუსულმა სამხედრო შენაერთებმა დაიწყეს საქართველოში შემოსვლა.

ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები ტალიავინის დასკვნაზე აპელირებენ და ამბობენ, რომ იქაც კი არ ყოფილა ნათქვამი, ომი საქართველომ დაიწყოო.

- რაზეც მე ზემოთ ვილაპარაკე, იგივე თქვა ტალიავინმა. მან აღნიშნა, რომ რუსებმა სამხედრო ძალა არაპროპორციულად გამოიყენეს, ანუ თავიანთ უფლება-მოსილებას გადააჭარბეს და მათი ინტერვენცია აგრესიად და ანექსიად გადაიქცა. ეს აბსოლუტური სიმართლეა. რუსებმა არაპროპორციული და ასიმეტრიული ძალა გამოიყენეს, რადგან ამ ოპერაციაში ჩართეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალული შეიარაღებული კომპონენტები, იგივე „სმერჩის“ და „ურაგანის“ ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემები, ასევე ტაქტიკური ბირთვული ქობინები, რაც აკრძალულია. მათ საქართველოს წინააღმდეგ ფაქტობრივად ბირთვული კომპონენტი გამოიყენეს. ამის გამო, პუტინი და მედვედევი უნდა დაისაჯონ კი არა, ჩემი აზრით, ისინი ფეხებით უნდა ჩამოკიდო.

რეალურად, ეს საბრძოლო ოპერაციები დაიწყო კოკოითმა, რომელმაც ორივე მხარე - რუსული და ქართული მხარე ხაფანგში მოაქცია. კოკოითი ყოველთვის ცდილობდა, რომ თავისი პოლიტიკური რენომე გაემყარებინა, რადგან დეკემბერში უკვე პრეზიდენტობის ვადა ეწურებოდა და მას პასუხს მოსთხოვდნენ რუსეთიდან წამოღებული იმ ფულის გაფლანგვის გამო, რომელიც ცხინვალის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას უნდა მოხმარებოდა. კოკოითზე ამის გამო სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და მან იცოდა, რომ ციხე ელოდა. ამიტომაც მან დაიწყო ეს სამხედრო ავანტიურა და რუსული და ქართული მხარე ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრია. მე მგონი ყველასთვის ცნობილია ქართული მხარის რიტორიკა, რომ ცხინვალში ომით შევიდოდით. ამიტომ ამ სამხდერო კონფლიქტის განვითარება კოკოითის და სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა.

ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება თავის წინასაარჩევნო დაპირებებს ვერ ასრულებს და სხვადასხვა თემებით ცდილობს ამის გადაფარვას. მათი თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო აგვისტოს ომზე საუბარიც. თქვენი აზრით, რატომ გახდა ეს თემა აქტუალური?

- ეს თემა აქტუალური გახდა იმიტომ, რომ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ მოსთხოვეს, რომ ეს საქმე გამოეძიებინა. სხვათაშორის, ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენლები ანალოგიური მისიით 2010 წელსაც იყვნენ ჩამოსულები. მეტსაც გეტყვით, ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენლებმა ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით ჩემი დაკითხვა და ჩემთან შეხვედრა მოითხოვეს, რადგან მე ვიყავი პირი, რომელსაც სამხედრო კონფლიქტის პერიოდში ჯაშუშობის ბრალდება მქონდა წარდგენილი. ამდენად, თუკი ვინმე გამოძახებული იქნება მოწმის სახით ჰააგის ტრიბუნალის წინაშე, ეს ვიქნები მე. სწორედ ამიტომ იყო სააკაშვილი ჩემზე ასე რომ ყეფდა და ჩემი გვარი ძალიან მაღალ ტრიბუნებზე რამდენჯერმე ახსენა. სააკაშვილმა იცოდა, რომ ჩემი საქმე მის წინააღმდეგ დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა.

რაც შეეხება ამ საკითხის აქტუალობას, ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ქართული საზოგადოება ელის რეალურ ქმედებებს როგორც ქართული, ასევე რუსული მხარისგან. როგორც ვიცი, ანალოგიური მისია მოსკოვშიც იყო ჩასული და ამ მიმართულებით გამოძიების ჩატარება რუსულ მხარესაც მოსთხოვეს.

ბატონო ვახტანგ, პრემიერ-მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ თქვენი მოსაზრება. ივანიშვილმა ჯერ თქვა, რომ ქართულმა სახმედრო შენაერთებმა მოქმედება დაიწყეს მანამ, სანამ რუსული ჯარი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთდა, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ არასოდეს უთქვამს, თითქოს, საქართველომ დაიწყო ომი. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია მისი პოზიციის ასეთი ცვლილება?

- ის მართალია იმაში, რომ საქართველო აგრესორი ვერ იქნებოდა, რადგან საბრძოლო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აგრესია მაშინ ხდება, როდესაც ერთი ქვეყანა მეორის ტერიტორიაზე გადადის და იქ საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებს. ამ კუთხით აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ბიძინას, რადგან მას არ უთქვამს, რომ აგრესორი საქართველოა, მაგრამ საქართველოში იმ პერიოდში მოქმედმა რეჟიმმა ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა. მთავარი ეს არის, თორემ კოსოვოს არავინ ედავება, რომ კოსოვომ ალბანელების წინააღმდეგ აგრესია განახორციელა. სერბეთს ედავებიან იმას, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა. ამაშია საქმე, ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვახორციელებდით, როგორც ყურაშვილმა თქვა, საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენას და ეს აგრესიად არ ითვლება.

უბრალოდ, ჩვენ მოვახდინეთ ამ კონფლიქტის პროვოცირება და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოვიყენეთ. თუ ჩვენ ვთვლით, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, მაშინ იქაური მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება არაკონსტიტუციურია და ამით მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციური დანაშული ჩაიდინა.

საუბარია იმაზეც, რომ ივანიშვილის განცხადებამ რუსეთს ავისტოს ომზე სხვაგვარად საუბრის საშუალება მისცა. ამაზე რას ფიქრობთ?

- ეს არის სისულელე და იდიოტიზმი. სწორედ მიხეილ სააკაშვილმა მისცა რუსეთს ასე საუბრის საბაბი, რადგან საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა და ამასთანავე, რუსეთის მოქალაქეები დახოცა. საქმე ისაა, რომ 2008 წელს რუსეთმა მიიღო სამხედრო დოქტრინა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ რუსეთის მოქალაქის მკვლელობა აღიქმება, როგორც რუსეთის წინააღმდეგ აგრესია. რუსეთმა სწორედ ამ დოქტრინის პრინციპი გამოიყენა, რომ ამ კონფლიქტის დროს რუსეთის მოქალაქეები დაიღუპნენ და მათ საფრთხე შეექმნათ. სხვათაშორის, ანალოგიური ლოგიკით ამერიკელები გრენადაში შეიჭრნენ. მათი არუგმენტი იყო იმ ამერიკელი სტუდენტების დაცვა, რომლებიც სენტ-ჯორჯის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. სწორედ ასეთი მოდელი გამოიყენა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა როგორც მოგახსენეთ, რუსეთმა ამ კონფლიქტში აკრძალული იარაღი გამოიყენა, რის გამოც მედვედევი სამხედრო ტრიბუნალზე უნდა გასამართლდეს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად.