20:0 „ოცნების“ სასარგებლოდ

20:0 „ოცნების“ სასარგებლოდ

თვითმმართველობის არჩევნების „დამატებით დროში“, პირველადი მონაცემებით „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 20:0 აჯობა. 20 მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობროვი არჩევნების მეორე ტური ტარდებოდა, მმართველი გუნდის კანდიდატები გავიდნენ. მთავარი პენალტი კი ექს-ფეხბურთელმა, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ ნიკა მელიას გაუტანა.

ცესკოს პირველადი მონაცემებით,

თბილისი

კახა კალაძე - 55%; ნიკა მელია - 44%

ქუთაისი

იოსებ ხახალეიშვილი - 52%; ხატია დეკანოიძე - 47%

ბათუმი

არჩილ ჩიქოვანი  - 52%; გიორგი კირთაძეს - 47%

რუსთავი

ნინო ლაცაბიძეს - 92%; დავით კირკიტაძე - 8%

ზუგდიდი

მამუკა წოწორია - 52%; ანზორ მელია - 47%

ფოთი

ბექა ვაჭარაძე - 58%; გიგი უგულავა - 41%

წალენჯიხა

გოგა გულორდავა - 64%; გიორგი ხარჩილავა - 38%

ჩხოროწყუ

დათო გულუა - 53%; ბადრი ქარჩავა - 46%;

სენაკი

ვახტანგ გადელია - 53%; კობა ნაყოფია - 47%

ხობი

დავით ბუკია - 57%; ბესიკ შენგელია - 43%

მარტვილი  

თორნიკე ჯანაშია - 53%; თეიმურზ ჯანაშია - 47%

ცაგერი

გიორგი ნემსაძე - 63%; ბესარიონ ბენდელიანი - 37%

ოზურგეთი

ავთანდილ თალაკვაძე - 52%; კონსტანტინე შარაშენიძე - 48%

წყალტუბო

გენადი ბალანჩივაძე - 57%; ზაზა მეტრეველი 43%

ბაღდათი

კახა ენუქიძე - 60%; გიორგი რობაქიძე - 40%

ხელვაჩაური

ზაზა დიასამიძე - 54%; მიშა ბოლქვაძე - 46%

თელავი

ლევან ანდრიაშვილი - 58%; გიორგი ბოტკოველი - 42%

თიანეთი

ლევან წიკლაური - 59%; თამაზ მეჭიაური - 41%

ხაშური

თენგიზ ჩიტიაშვილი - 61%; იოსებ ბუაძე  - 39%

ქარელი

ზაზა გულიაშვილი - 60%; ნიკოლოზ ახალკაცი - 40%

რაც შეეხება თავად არჩევნების მიმდინარეობას, დილიდან საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საერთო ეროვნული არჩევნები ჩვენ მოვიგეთ. მივიღეთ 47%-ით, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს და ასევე წააგეს 44 მუნიციპალიტეტში. ჩემი ღრმა რწმენით, ვიცით რა წინასწარი განწყობები, დღეს ყველგან, 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.

„მე მგონი, საჭიროა, რომ თქვენც და ჩვენც ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ წინასაარჩევნო პერიოდში და წინა პერიოდში, დასრულდება იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს, თუ არადა ხეირობს მხოლოდ ერთი - ჩვენი მეზობელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არჩევნებზე საკუთარი პოზიცია თბილისის მერობის კანდიდატებმაც დააფიქსირეს. მოქმედი მერი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა და ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ხმა ქვეყნის განვითარებას მისცა.

„მე ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანო ყველა უბანში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე - N41 იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც გვაქვს დაწყებული 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას, რადგან ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ყველა მიმართულებით, რაც დაკავშირებულია რეფორმებთან, სიახლეებთან. ეს ყველაფერი გაგრძელდება და მინდა, მოვუწოდო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ იაქტიურონ. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თბილისის განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდეს და ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ კარგი საქმეების გაკეთება ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ამ ქვეყნისა და ქალაქის მომავლისთვის“, - განუცხადა ხმის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

მისი კონურენტის, ნიკა მელიას განცხადებით კი, მმართველ გუნდს ხელისუფლების დათმობის შიში აქვს, თუმცა, ეს ადრე თუ გვიან მოხდება.

„ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს. მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ. ასე მუშაობს დემოკრატია. მესმის, რომ მათ ხელისუფლების დათმობის შიშები აქვთ, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. ეს ხდება დღეს, ეს ხდება თბილისში ეს ყველაფერი თბილისიდან იწყება. თბილისში გამარჯვების შემდეგ შევქმნით პრეცედენტს, საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიციური მმართველობა ერთადერთი სწორი ფორმაა მმართველობის, რომელიც ცენტრალურ დონეზე იქნება გადატანილი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მივიდა. ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ ხმა მთაწმინდის N1 ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე მისცეს. არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ყოფილ პრემიერს ჟურნალისტებთან განცხადება არ გაუკეთებია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, რა თქმა უნდა, ხმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს მისცა.

„რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახი კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთვლი კიდეც, რომ ალტერნატივა არ ჰყავს, იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და ის, თუ რას აპირებს კახი მომავალი 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ კიდეც მის გამარჯვებაში.

დამაჯერებელი გამარჯვება იყო პირველ ტურში, ზუსტადაც, ჩვენ მიერ 47%-ის აღება, და, რა თქმა უნდა, კახის საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, ექს-პრემიერმა და აწ უკვე ყოფილმა თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამაც. როგორც აღმოჩნდა, მან არჩევანი არც ერთ კანდიდატზე არ გააკეთა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც გვაიძულებენ ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არც ერთს ხმას არ მივცემ“, - განაცხადა გახარიამ.

მეზობელსა და უბნელს მისცა ხმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„მივეცი ხმა ჩემს უბნელს, მე მივეცი ხმა ოპოზიციური ცვლილებებს, მე მივეცი ხმა იმას, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს ძარცვა და ადამიანის ქონების და ღირსების მიტაცება. ღვთის მადლით, საქართველოში უზენაესი არის საქართველოს მოქალაქის ნება და ეს გამოიხატება ხოლმე. მე მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, თავისი მოქალაქეობრივი ვალი ძალიან მტკიცედ დააფიქსირონ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თბილისის გარდა, არჩევნების მეორე ტური 19 რეგიონში მიმდინარეობდა, თუმცა, ყველაზე დიდ ყურადღებას ზუგდიდი იქცევდა. რა თქმა უნდა, სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, ზუგდიდში დაპირსპირების გარეშე არც არჩევნები ყოფილა. ზუგდიდის მე-20 უბანზე დაძაბულობა იყო, რის გამოც სამართალდამცველების ჩარევაც კი გახდა საჭირო. პოლიციას ძალის გამოყენება დასჭირდა და დაკავებულია სულ 5 პირი, აქედან 4 არის „მოძრაობა საქართველოს“ წევრი, რომლებიც სპეციალურად არჩევნებისთვის თბილისიდან ზუგდიდში ჩამოვიდნენ. მეხუთე დაკავებული კი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მისი დაკავება ადგილზევე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთივე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა და მათ როგორც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას, ასევე წვრილმან ხულიგნობას ედავება.

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში ამით არ დასრულებულა. დაპირისპირებას ადგილი ზუგდიდის 26-ე უბანზეც დაფიქსირდა. აღნიშნულ უბანზე გარკვეული დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც მედიის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად უბნის გარეთ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

მომხდარის გასარკვევად, შენობაში შესულ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბაჩო დოლიძე და ზუგდიდის მერობის კანდიდატის ანზორ მელიას პრესსამსახურის უფროსი ნენე დალაქიშვილი დახვდნენ. დალაქიშვილი აცხადებდა, რომ უბანზე მას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ჩიქოვანმა დალაქიშვილს ურჩია, მომხდარის გამო იქ მყოფი პოლიციის წარმომადგენლებისთვის მიემართა.

დაპირისპირება იყო ქარელის მეორე საარჩევნო უბანზე, სადაც ტელეკომპანია „მონიტორინგის“ ჟურნალისტს „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა ჟურნალისტმა რეაგირეისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

არჩევნების მეორე ტურის მშვიდად მიმდინარეობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა“, თუმცა მცირე დარღვეებზე ამახვილებს ყურადღებას. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც მათი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარდგენილი, დროულად გაიხსნა.

„ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 8 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები: კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა, საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა, დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შეშვება, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი დარღვევები“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხმაურის გარეშე არჩევნებს არც რუსთავში ჩაუვლია. რუსთავის 38-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. იგი უბნის შიდა ტერიტორიაზე შევიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელს გაესაუბრა. ამის შემდეგ ხაბეიშვილმა საუბნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ შენიშვნის მიცემა დაიწყო. ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ დამკვირვებლები ახლოს იდგნენ ხმის მიცემის კაბინასთან, რითაც კანონი ირღვეოდა. ასევე, მას შენიშვნა ჰქონდა დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩაერთვნენ სხვა დამკვირვებლებიც, რომლებიც მიუთითებდნენ იმაზე, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი არ აძლევდა მათ საშუალებას, ემუშავათ. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი ძალიან ახლოს იდგა სამაგიდო სიებთან. აღნიშნული დაპირისპირების გამო ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გამოძახებაც გახდა საჭირო, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა.

დღის ბოლოს დაძაბულობა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება თბილისში, 62-ე საარჩევნო უბანზე მოხდა. ადგილზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც აპროტესტებდნენ თუ რატომ ჩაქრა ელექტროენერგია. კომისიის წარმომადგენლების განცხადებით კი, დენის გათიშვა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ადგილზე იმყოფენოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. 62-ე უბანზე ერთმანეთს პოლიტიკოსების გარდა მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც სამართალდამცველების ჩართულობა გახდა საირო. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

„ვერ გააყალბებთ არჩევნებს“, ამ შეძახილებით გამოირჩეოდა თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია. „ჩვეულებრივი პროვოკატორი ხარ“, ასეთი პასუხი გასცა ადგილზე მისულმა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა.

„უბანზე, უბრალოდ მოკლე ჩართვის გამო შუქი ჩაქრა. ამ უბანში გამარჯვებულია „ქართული ოცნება“. მოვარდა ნიკა მელია, რათა ჩვენი მოგებული უბანი გააუქმოს. შუქის ჩაქრობის გამო, ტიპს უნდა, რომ გააუქმოს არჩევნების შედეგი, მთელს თბილისში აგებს და რა მნიშვნელობა აქვს ერთ უბანზე პროვოკაციის მოწყობას?“, - განაცხადა ადგილზე მისულმა მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წარმოამდგენელმა, ბექა დავითულიანმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში ეგზიტპოლებს, მხოლოდ „მთავარი არხი“ ატარებს. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ არხის დირექტორმა ამჟამად ეგზიტპოლები  კომპანია „იფსოსს“ არ დაუკვეთა. „მთავარი არხის“ დაკვეთით ეგზიტპოლს კომპანია „ანოვა“ ატარებდა, რომლის ხელმძღვანელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველია. კომპანიის დირექტორს, ნინო ქოქოსაძეს 2021 წლის 20 აგვისტოს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 15 ათასი ლარი აქვს გადარიცხული. ქოქოსაძე აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელია. ეს ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბაზაშია განთავსებული.

ეგზიტპოლები ჩაატარა ტელეკომპანია „იმედმაც“, რომლის ჩატარებაც „გორბის“ ანდო.

ზუსტად 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. არჩევნებისთვის საქართველოში 1 830 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში კი 2 088 722 ამომრჩეველი იყო.

როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურა, „ქართული ოცნების“ ოფისში გამარჯვება უკვე იზეიმეს და მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ.

„მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს. ძალიან კარგად, მშვიდად ჩატარდა არჩევნები და წინასწარი მონაცემების მიხედვით ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. მინდა მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება“, - განაცხადა პრემიერმა.

ამის შემდეგ მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს მნიშვნელოვანი იყო გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და დღეს ეს გამარჯვება ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ. კახი კალაძეს ვულოცავ გამარჯვებას, ასევე - 19-ე კანდიდატს, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ამის შემდეგ, ტრიბუნა თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დაიკავა.

„ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ჩვენ შევძელით მეორე ტურში გამარჯვება მოგვეპოვებინა. შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ღირსეული გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს. ყველა იმ ადამიანს ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და სწორი არჩევანი გააკეთა ქალაქთან, სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან დაკავშირბით. დღეს, ყველაზე მეტად რაც თბილისს სჭირდება ეს არის განვითარება, აღმშენებლობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. მე, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ 24-საათიან რეჟმში ვემსახურო ამ ქალაქს. მზად ვარ დაუღალავი შრომით ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განუყრელად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. მე პირობა დავდე ვიქნები ყველას მერი. ვიყავი ყველას მერი და ასე გავაგრძელებ მომავალშიც. მეორე დღიდან ვიწყებ კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, გამწვანების მიმართულებით, სოციალური თუ ჯანდაცვის საკითხების მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ გამარჯვება იზეიმა ნიკა მელიამ, რომელმაც თანაპარტიელებს ხმების დაცვისკენ მოუწოდა. „მიუხედავად ძალადობისა, მიუხედავად მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა, არ ეყოთ! არ ეყოთ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს. დიდი მადლობა ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს კოალიციის სასარგებლოდ, სიკეთის სასარგებლოდ, ცვლილების, კონკურენციის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მაინცდამაინც მზე და მთვარე არ ამოსდიოდეთ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომელიც გავერთიანდით, ბავშვიც კი მიხვდა, რომ რეალობა ვერ შეიცვლება ცვლილებების გარეშე. ახლა ჩემი თხოვნაა, ვისაც გაქვთ ე.წ. ბეიჯი შევიდეთ საარჩევნო უბნებზე და ქალბატონებს, ბატონებს, ვთხოვ, უბნების მიმდებარედ თავი მოვიყაროთ და 100 მეტრის მეშვეობით, ელემენტარულად ტელეფონის მეშვეობით, შეიძლება ისტორიული წვლილი შევიტანოთ ხმის დაცვის პროცესში. ისტორია დაიწერებოდა მჯეროდა და ისტორია დაიწერა. დავიწყე და დავამთავრებ - დიდი მადლობა კომისიის წევრებს. აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, არაფერი ამაში ტრაგიკული არაა, ნუ გეშინიათ ბატონო კალაძე, ღარიბაშვილო, კობახიძე“, - განაცხადა მელიამ.