სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3 პროცენტია. სამი კვარტალის მონაცემები ადასტურებს, რომ ქვეყანა წლის ბოლოს ორნიშნა მაჩვენებელზე გავა და ევროპის მაშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ექნება.
საქსტატის დირექტორის გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში მშენებლობის სექტორის გარდა, სადაც კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. „განსაკუთრებით კი, აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროების და რესტორნების სექტორებში“, – აღნიშნა „საქსტატის“ ხელმძღვანელმა.
ამასთან, 2021 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაიზარდა 24 პროცენტით. ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 26 პროცენტით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 22 პროცენტით.
ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას აზრით, ეს კარგი მაჩვენებელია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში კუმულატიური ზრდის ტემპმა 11.3 პროცენტი შეადგინა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გადამამუშავებელ და სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიებზე, ასევე ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დასაწყობების და სტუმარმასპინძლობის სექტორზე, სადაც მაღალი ზრდა დაფიქსირდა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ტურიზმის სექტორში პოზიტიური ტენდენციებია და მალე დარგი პანდემიამდელ დონეს მიაღწევს. შაბოლოო ჯამში, ყველა მონაცემები გვაძლევს კიდევ უფრო მეტ იმედს, რომ ჩვენ მიმდინარე წელი შეგვიძლია ორნიშნა ზრდით დავასრულოთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
მარტის შემდეგ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა პერიოდულად აუმჯობესებდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და ამჯერად, 9.5%-მდე გაზარდა. ოპტიმისტურ შემთხვევაში კიშესაძლებელია ეს ციფრი მართლაც ორნიშნა მაჩვენებელზეც გავიდეს.
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ოთარ ანგურიძის აზრით, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, აჭარბებს არა მხოლოდ გასული პანდემიური წლის მაჩვენებლების, როცა მთელ მსოფლიოში ეკონომიკურ ვარდნას ჰქონდა ადგილი, არამედ 2019 წლის მაჩვენებლებსაც, როცა ეკონომიკა იყო მაღალი ზრდის ტემპით და ტურისტების ნაკადები შემოდიოდა ქვეყანაში წლიდან-წლამდე რეკორდული რაოდენობით და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც საკმაოდ პოზიტიურ გავლენას ახდენდა.
„ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებული შედეგები გვიჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა იყო სწორი და თანმიმდევრული პანდემიის მართვის პროცესში, რასაც ამყარებს და ამტკიცებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც აღიარებს და ხაზს უსვამს საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების სისწორეს. განსაკუთრებით აღნიშნავს, პრობლემური ფირმების რესტრუქტურიზაციის ქართული რეფორმას, რომელიც რეგიონში მისაბაძ და წარმატების ნიმუშად დასახელდა.
ფონდი მიიჩნევს, რომ ჩვენმა მთავრობამ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები საჯარო და ფისკალური სექტორის გასამყარებლად, რაც დაკავშირებულია ბიუჯეტის შესახებ ახალი კანონის მიღებით, ფისკალური წესების შემუშავებით, გამარტივებული საგადასახადო წესებითა და ფისკალური რისკების ანალიზისა და რეპორტინგის ხარისხის გაუმჯობესებით“ - წერს ანგურიძე.
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის წარმომადგენლის შეფასებით, მსგავსი ტიპის საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს საქართველოს რეფორმების სისწორესა და მხარდაჭერას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რაც წარმოაჩენს საქართველოს რეგიონში, როგორც ეკონომიკურად მოწინავე სახელმწიფოს და მიმზიდველს ხდის საერთაშორისო პარტნიორებისა და ინვესტორების თვალში.