„არცერთი ტელევიზია და გაზეთი ჩემი პრეზიდენტობის დროს არ დაიხურება!“

„არცერთი ტელევიზია და გაზეთი ჩემი პრეზიდენტობის დროს არ დაიხურება!“

მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლიდან 2004 წლის 20 თებერვალს:

„ერთადერთი ინსტრუქცია მიიღო გენერალურმა პროკურორმა, კანონი უნდა იქნეს დაცული ყველას მიმართ. თუ ხვალ ნებისმიერი განგსტერი დადგამს ტელეკამერას, ამ ტელეკამერის წინ ორ სკამს, იყიდის ანტენას და იტყვის, რომ მისი უფლებების შელახვა ეს არის თავისუფალი პრესის შელახვა, მაშინ ქვეყანა არ აშენდება.

თავისუფალი ტელევიზია არის ხელშეუხებელი საქართველოში! არცერთი ტელევიზია ჩემი არსებობის დროს, მთავრობის მიერ, ჩემი პრეზიდენტობის დროს არ დაიხურება! მე შემიძლია ეს მყარად ვთქვა. არცერთი გაზეთი არ დაიხურება მთავრობის მიერ. ეს მინდა. კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავიმეორო, როგორც არ უნდა მლანძღონ.

მე ვაპირებ, პირდაპირ ვამბობ, უახლოეს თვეში პენსიების გაზრდას საქართველოში. საიდან ვაპირებ, ჰაერიდან მოვა თუ ვიღაცა ადამიანი მოწყალებას მომცემს? არა, მე ვაპირებ, რომ ეს ბანდიტები დავაშოშმინო. მე ვაპირებ, რომ დავამყარო საგადასახადო დისციპლინა და აქედან გავზარდო პენსიები. ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი...

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გამოდის ქალბატონი შევარდნაძე დღეს და გული ამერია პირდაპირ, რომ გითხრათ. გვამადლის, რომ პრეზიდენტის ოჯახზე მიმდინარეობს დევნა. ნებისმიერი ჩვენი ადამიანი ისურვებდა, ინატრებდა, იოცნებებდა, რომ მასზე ასეთი დევნა ხორციელდებოდეს. 350 მილიონი დოლარია ამ ოჯახის პირადი ქონება! მე ვიცი, რომ დედაჩემი, მამაჩემი, ბებიაჩემი, ბაბუაჩემი მთელი ცხოვრება მუშაობდნენ და თვიდან თვემდე ძლივს ჰყოფნიდათ თავისი საარსებო ფული. დედაჩემი მუშაობს შვიდ ადგილზე - „შავი ზღვის“ უნივერსიტეტში, სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ორ კერძო დაწესებულებაში, ორი რაღაცა ფონდის კონსულტანტია, კიდევ რაღაც გრანტებს იღებს და საერთო ჯამში უგროვდება თვეში 550 თუ 600 ლარი. ჯოხთაბერიძე იყო ტელევიზიის ერთი ჩვეულებრივი თანამშრომელი ათი წლის წინ. დღეს მისი ქონება არის 350 მილიონი დოლარი... ის დადის მანქანით, რომელიც შეფასებულია მილიონ ორასი ათასად - „მერსედეს-მაიბახი“, თუ არ ვცდები, რომელიც მსოფლიოში ჰყავს სულ 20 კაცს. „მაგთის“ ლიცენზია თავის დროზე ინჯიამ გაყიდა 40 ლარად. 40 ლარად აქვს ის, რაშიც უნდა გადაეხადა 60 მილიონი, რაც უნდა წასულიყო ხელფასებზე, პენსიებზე და ა.შ. რა გამჭვირვალე ბიზნესზე ლაპარაკობს. ეს ფული რეალურად არის მონოპოლიზირებული იმ ოჯახის მიერ საქართველოს მოსახლეობის  ხარჯზე. ამიტომ ამათ უნდა აგონ პასუხი.

იმასთან ერთად, რომ კორუმპირებული თანამდებობის პირები დავსაჯოთ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ზაფხულისთვის, მაქსიმუმ სექტემბრისთვის, მოვამზადოთ ისეთი საგადასახადო რეჟიმი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში შემცირდეს გადასახადი და მკვეთრად გამარტივდეს. ე.ი. ის, რასაც მე დავპირდი ჩვენ ხალხს, მაგრამ ამისთვის წინასწარ უნდა დამყარდეს საგადასახადო დისციპლინა.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ - რა გადასახადები არის ამოღებული, ამოღებადი, რა გადასახადებს ვერ ამოვიღებთ, რა გადასახადები არის შესაცვლელი. ამიტომ მე ვეუბნები ყველა ბიზნესმენს: პირველ აპრილამდე არის დეკლარაციების წარდგენის ვადა საგადასახადო ორგანოში. ყველა ბიზნესმენი, ვინც პირველ აპრილამდე წარადგენს ობიექტურ საგადასახადო დეკლარაციას, თუნდაც მრავალი წლის დამალულ გადასახადებს გაუკეთებს ლეგალიზაციას და იტყვის, რომ მზად არის, ახლა გადაიხადოს გადასახადი, მე ვაძლევ ჩემს საპრეზიდენტო სიტყვას, და თუ საჭირო გახდა კანონის ცვლილება, ამასაც გავაკეთებ, რომ განთავისუფლებული იქნება ყველანაირი პასუხისმგებლობიდან და არავინ მათ ხელს აღარ მოკიდებს - არცერთი სისხლის სამართლებრივი და სხვა დევნის ორგანო. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. მე ამ სიტყვას არ გადავალ.

რამე გაქვთ დამალული? რაც დამალეთ, გასაგებია. გააკეთეთ ლეგალიზაცია, ჩაწერეთ, რომ ამდენი და ამდენი გადასახადი მქონდა გადასახდელი. გადაიხადეთ და მე გაძლევთ სიტყვას, რომ არავინ საერთოდ შემდეგი ასი წელი არ შეგეხებათ!

სხვათაშორის, ოქრუაშვილს კი ჰქონდა ძალიან მიკნავლებული სახე ამ დილას, იმიტომ, რომ მართლა ღამ-ღამობით არ სძინავს, მაგრამ ძალიან მედგრად იბრძვის! ძალიან მედგრად იბრძვის და მე ხვალიდან მას მივეცი ერთ-ერთი მანქანა ძველი მთავრობის დროს ნაყიდი ტყვიაგაუმტარი მანქანებიდან. ვუთხარი, რომ გადასახლდეს კრწანისში, ძალიან არ უნდა, მაგრამ მინდა, რომ გადასახლდეს იქ. არ ვიცი, ახლა გაუხარდება თუ არა იქ ერთ მაცხოვრებელს ოქრუაშვილის გვერდით გადასახლება? იმასთან ეს არანაირად არის დაკავშირებული. ჩვენ გვინდა, უბრალოდ, კარგად დავიცვათ, უკეთესად დავიცვათ ჩვენი პროკურორი!“