„პარტიული ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილი რატომ უნდა მისულიყო - ჩემთვის ამ შეკითხვის დასმაც კი უცნაურია“

„პარტიული ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილი რატომ უნდა მისულიყო - ჩემთვის ამ შეკითხვის დასმაც კი უცნაურია“

27 ოქტომბერს, თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ საარჩევნო შეკრებასთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში ისმოდა შეკითხვა, „სად არის პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი?“ - მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების ცალსახა პასუხი იყო, რომ „ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან და შესაბამისად, არც „ქართულ ოცნებასთან“ არ არის რაიმე სახის კომუნიკაციაში“.

თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ოპოზიციურად განწყობილი მედიის მხრიდან, ნარატივი და შეკითხვა, რომ „რატომ არ გამოჩნდა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ აქციაზე,“ მაინც მთელი დღის განმავლობაში ისმოდა.

ანალიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ უფრო მეტად გასაკვირი ის იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის მიერ გამართულ შეკრებაზე რომ გვეხილა და არა პირიქით. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, იგი წავიდა პოლიტიკიდან და მის გამოჩენას ამ აქციაზე, შესაძლოა უარყოფითად ემოქმედა „ქართული ოცნების“ რეიტინგსა და ბიძინა ივანიშვილის იმიჯზე.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის გაუგებარია ამ შეკითხვის დასმა და For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ რეპუტაციულად, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ამ აქციაზე ზიანის მომტანი იქნებოდა თავად მისთვის, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ვერანაირ დახმარებას ვერ გაუწევდა.

„მიკვირს, საერთოდ რატომ სვამენ ამ შეკითხვას? ეს იყო პარტიული ღონისძიება და იქ ბიძინა ივანიშვილი რატომ უნდა მისულიყო, როდესაც მან ოფიციალურად დატოვა, როგორც პარტია, ისე პოლიტიკა? ჩემთვის თავად ამ შეკითხვის დასმაც კი უცნაურია. არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ ის იქ მივიდოდა, ძალიან გამიკვირდებოდა, რომ ის აქციაზე გამოჩენილიყო, ივანიშვილი ამით საკუთარ თავს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებდა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ რაიმე დახმარებას გაუწევდა.

ის, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილი ახდენს გავლენას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებზე, დირექტივებს აძლევს, ეჭვების დონეზე შეგვიძლია ვივარაუდოთ ასეთი რამ, მაგრამ რაიმე ხომ უნდა გამოჩნდეს, რაც ამას დაადასტურებს, მე ჯერჯერობით ასეთ რამეს ვერ ვხედავ. „ქართული ოცნება“ აგრძელებს იგივე პოლიტიკას, რაც ჰქონდა მაშინ, როდესაც მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი იყო, რადიკალურ ცვლილებას ვერ ვხედავ, თუ არ ჩავთვლით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ ხისტ რიტორიკას“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა „ქართული ოცნების“ აქციაზე, დიდ ზიანს მიაყენებდა თავად მმართველ პოლიტიკურ ძალას. მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი დღევანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილოა და ყველაფერზე პასუხისმგებლობას მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

„არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი გამიჯვნოდა „ქართულ ოცნებას“. მან თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის და არანაირ კომენტარს არ გააკეთებდა მასმედიის წინაშე. უბრალოდ, ის ამჯობინებს, რომ იყოს ჩრდილში და საბოლოოდ მოიხსნას პასუხისმგებლობა იმ პროცესებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნის ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ დაედგომება საქართველოში. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა გუშინდელ აქციაზე „ქართული ოცნებისთვის“ დადებითად არ იმოქმედებდა. ვიცით, რომ ივანიშვილს გაცილებით დაბალი რეიტინგი გააჩნია, ვიდრე კახა კალაძეს. ივანიშვილის მიმართვას არ მგონია, დადებითი ეფექტი ჰქონოდა „ქართული ოცნების“ მიტინგზე, შეიძლება პირიქითაც ყოფილიყო, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ საქმიანობით. ყველა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემაზე ძირითად პასუხისმგებლობას მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს აკისრებს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, არანაირი სახით არ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში.

„მოგეხსენებათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი წასული არის პოლიტიკიდან, უკვე თვეებია არ მონაწილეობს არანაირი ფორმით ქართული პოლიტიკის ცხოვრებაში. შესაბამისად, პასუხი არის ძალიან მარტივი და ნუ ცდილობთ რაღაც სკანდალის შექმნას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ასრულებს თავის გადაწყვეტილებას, რომ არავითარი ფორმით აღარ ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში.

„ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არავითარი ფორმით აღარ ჩაერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში. პირველად გაკეთდა ასეთი განცხადება წელს, იანვარში, როდესაც მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ის მიყვება თავის გადაწყვეტილებას და ჩვენც ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.