„ისეთი თვისებებით დაეჯილდოებინა იგი ბუნებას, ათას კაცში რომ აგერიათ, სრულიად უცნობი ადამიანიც კი მიაქცევდა მას ყურადღებას... როგორი მხდალიც არ უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში,“ - ასე ახასიათებს თანარაზმელი ალექსანდრე სულხანიშვილი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილს. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი გოჩა საითიძე, სწორედ ამ ეროვნული გმირის ცხოვრების დეტალებზე გვიამბობს.
- 1888 წლის 14 ივლისს სოფელ მატანში, იოსებ ჩოლოყაშვილისა და დარია გოგნიაშვილის ოჯახში დაიბადა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. იგი სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში. 21 წლის ასაკში ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, საიდანაც ოფიცრის ჩინით დაბრუნდა. 1913 წელს დაოჯახდა: ცოლად შეირთო ილია მეღვინეთუხუცესის ასული ნინო, რომლისგანაც ორი ქალიშვილი - თამარი (ციცნა) და ქეთევანი შეეძინა. პირველი მსოფლიო ომის დროს ქაქუცაც ბრძოლაში ჩაება. იგი ჯერ ავსტრიის, ხოლო შემდეგ კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. აქ გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა ორი დიდი იმპერიის - რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის. იგი ზურგის ჯარის ასეულს მეთაურობდა, რომელსაც თურქების წინსვლის შეჩერება და სამხრეთისკენ განდევნა ევალებოდა. როცა ოსმალებმა სარიყამიშს შეუტიეს, ქაქუცამ მიიღო ბრძანება, უკან დაებრუნებინა სტრატეგიული მნიშვნელობის „არწივის ბუდის” მთა. იგი ამ ბრძოლაში სამჯერ დაიჭრა, მაგრამ დავალება მაინც შეასრულა.
ცნობილია, რომ ამისთვის იგი ოქროს ხმლით დააჯილდოეს.
- დიახ, ასე მოხდა. დამოუკიდებლობის წლებში ქაქუცა ჩოლოყაშვილი მსახურობდა ქართულ ჯარში და მონაწილეობდა იმ პერიოდში გადახდილ ყველა ბრძოლაში.
1918 წლის დეკემბერში მოხდა საქართველო-სომხეთის ომი, რომლის დროსაც გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართული ჯარის შტაბის უფროსი იყო. „ომი რამდენიმე დღის დაწყებული იყო, როცა, ვერ გეტყვით, რომელ რიცხვში, ღამით, ეკატერინენფელდთან, სადაც მთელ რაზმს მოეყარა თავი, ბრძოლა გაიმართა. სომხებმა შემოგვიტიეს, მოულოდნელად დაესხნენ თავს გვარდიულ ნაწილებს და ზარბაზნები წაგვართვეს. ღვთის წყალობით, ამ დროს იქ აღმოჩნდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მაისურაძე, ჯუღელი და სხვა ბელადები, რომლებსაც თავგზა არ დაუკარგავთ და საქმე მაშინვე გამოსწორდა... სომხები გარეკეს და ზარბაზნები დაიბრუნეს,“ - იხსენებს გიორგი კვინიტაძე.
რა ხდება მას შემდეგ, რაც საქართველო ბოლშევიკებმა დაიპყრეს?
- მოგეხსენებათ, ამ დროისთვის მთავრობა ემიგრაციაში გაემგზავრა, ერის რიგითი შვილი - ქაქუცა ჩოლოყაშვილი კი საქართველოში დარჩა... ქართველი ხალხის აჯანყებისთვის მზადებას ახორციელებდა „სამხედრო ცენტრი”, რომელიც 1922 წლის მარტში ჩამოყალიბდა გენერალ კოტე აფხაზის ხელმძღვანელობით. „ცენტრმა“ კახეთში პარტიზანული რაზმების მეთაურობა დაავალა ქაქუცა ჩოლოყაშვილს, ხოლო ქართლში - მიხეილ ლაშქარაშვილს.
შეფიცულთა რაზმის შექმნის შესახებაც გვიამბეთ.
- 1922 წლის 12 მარტს ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავის რაზმელებთან ერთად ტყეში გავიდა, რაც ბოლშევიკებთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ეს დღე დიდ რელიგიურ დღესასწაულს - აღდგომას დაემთხვა. იმ დღეს რაზმელებს სტუმრებიც ჰყოლიათ, მათ შორის, ხევსური ხევისბერი დიმიტრი ჭინჭარაული. ხევისბერს შემდეგ რაზმელებისთვის უთქვამს: „თქვენ, რაზმელებო, ალბათ, გახსოვთ, რომ ალექსანდრე ბატონიშვილს შეფიცულები ჰყავდა შემოკრებილი თავის ირგვლივ, თქვენც უნდა შეიფიცნოთ და გერქვათ შეფიცულთა რაზმი, რომელიც სამუდამოდ დარჩება. თქვენ შემოგყურებთ მთელი საქართველო. ეს პატარა რაზმი უნდა გადააქციოთ ქართულ ჯარად. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ლამაზი ქვეყნის სიდიადე. ჩვენ მედგრად უნდა ვებრძოლოთ რუსეთს - ისაა ჩვენი მთავარი მტერი“. ამის შემდეგ ქაქუცამ მიმართა რაზმელებს, რასაც შეფიცვა მოჰყოლია. „დიმიტრიმ ხევსურული წესით დაგვაფიცა და ხევისბერული ლოცვა დაიწყო... მან საკუთარი ხელით გამოჭრა თხილის სწორი და გრძელი წნელი, შეაბა ქართული დროშა, წინ გაგვიძღვა დროშით ხელში და გვითხრა: აბა, ახლა, სიმღერაო და, ჩვენც ყველამ ერთხმად დავჭექეთ“, - წერს ალექსანდრე სულხანიშვილი. ასე შეიქმნა „შეფიცულთა რაზმი“, რომელსაც 1922 წლის ივნისში პირველი შეტაკება მოუხდა მტერთან სიღნაღში. ივლის-აგვისტოში კახეთ-ხევსურეთის აჯანყება მოხდა. ქაქუცას რაზმმა თუშეთ-ფშავ-ხევსურეთისკენ მისასვლელი გზები გადაკეტა. შეფიცულებმა დუშეთის რაიონში წარმატებული ოპერაციები განახორციელეს, ჟინვალთან სასტიკად დაამარცხეს ბოლშევიკები, რის შემდეგაც ხევსურეთში გამაგრდნენ.
საბჭოთა ხელისუფლებამ შეფიცულების წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. ქაქუცა იძულებული გახდა, თავი ჯერ ხევსურეთისთვის, ხოლო შემდეგ ჩრდილო კავკასიისთვის შეეფარებინა. „სამხედრო ცენტრის” დავალებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ჩრდილოკავკასიელებთან დაიწყო მოლაპარაკებები. გადაწყდა, აჯანყება მთელი კავკასიის მასშტაბით მომხდარიყო, მაგრამ, მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა.
1923 წლის მარტში დააპატიმრეს და 20 მაისს დახვრიტეს „სამხედრო ცენტრის” მეთაურები: ბრძოლა შეჩერდა, მაგრამ არ შეწყვეტილა... „სამხედრო ცენტრის” ნაცვლად შექმნილმა „სამხედრო კომისიამ” ხალხი აჯანყებისთვის დარაზმა. ვინაიდან ამ აჯანყებაში ქაქუცა ჩოლოყაშვილს გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა, კომისიამ საჭიროდ ცნო მისი თბილისში ჩამოყვანა პირადად მოსალაპარაკებლად. ქაქუცა დათანხმდა ამ წინადადებაზე. ეს იყო უაღრესად სარისკო და გაბედული ნაბიჯი. დეკემბერში ქაქუცა თავის ორ შეფიცულთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და კომისიასთან ერთად აჯანყების გეგმა განიხილა. მთელი რვა დღე დარჩა იგი თბილისში. რა იცოდა ბოლშევიკების „ჩეკამ“, რომ ის, ვისაც ეძებდა, ერთი კვირა თბილისში ცხოვრობდა და ახალი გეგმითა და ახალი ენერგიით თბილისიდან მშვიდობით გავიდაო, - წერდა შალვა ამირეჯიბი. ამავე წელს ერთი მეტად საინტერესო ფაქტი მოხდა.
რას გულისხმობთ?
- საგურამოს რაიონში ქაქუცას ხელში ჩაუვარდა დიდი ილიას მკვლელი, გიგლა ბერბიჭაშვილი. რაზმელებს მისი მოკვლა უნდოდათ, მაგრამ ქაქუცამ ნება არ დართო და ცალკე დასაკითხად წაიყვანა. მკვლელის დაკითხვის ამბავი მას შემდგომ ალექსანდრე სულხანიშვილისთვის მოუყოლია. თურმე, დაკითხვის დროს ბერბიჭაშვილი მთლად ცახცახებდა და სიკვდილის შიშით სრული სიმართლე უთქვამს: ბერბიჭაშვილისთვის ილიას მკვლელობა თვით ფილიპე მახარაძეს დაუვალებია, თანაც, სამი თუმანი მიუცია სახარჯოდ, დანარჩენს კი სამომავლოდ შეჰპირებია. გარდა ამისა, აღუთქვამს, თუ ამ საქმეს გააკეთებდა, მთელი ცხოვრება პენსიით იქნებოდა უზრუნველყოფილი. ილიას წიწამურში გამოვლის დრო კი ბერბიჭაშვილისთვის მწერლის მეეტლეს, თედო ლაბაურს შეუტყობინებია. ქაქუცას ბერბიჭაშვილი გაუშვია - როცა დრო მოვა, მისი ჩვენება გამოგვადგებაო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დროს დადგომა არასოდეს ეწერა...
1924 წელს დაინიშნა საყოველთაო აჯანყება, რომელიც ყველგან ერთდროულად - 29 აგვისტოს, ღამის 2 საათზე უნდა დაწყებულიყო. საბედისწერო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჭიათურაში აჯანყებამ 24 საათით ადრე, 28 აგვისტოს იფეთქა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მაინც სცადა აჯანყების ბედის შეტრიალება: მან აიღო მანგლისი, დუშეთი, გაიმარჯვა სვიმონიანთ-ხევსა და ხევგრძელაზე გამართულ სასტიკ ბრძოლებში... და ამ დროს შეიტყო „დამოუკიდებლობის კომიტეტის” მიერ გამოცემული პროკლამაციის შესახებ, რომელიც აჯანყებას დამარცხებულად მიიჩნევდა და ხალხს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა. ქაქუცამ დაიწყო თბილისის დაზვერვა, რათა გაეგო, შეიძლებოდა თუ არა ქალაქის აღება, მაგრამ, უკვე გვიან იყო - ბოლშევიკებს ყველგან ზომები მიეღოთ. სამი კვირა ელოდა დედაქალაქიდან ცნობებს და ბოლოს შეიტყო ქართველი ხალხის დამარცხების ამბავი. აუცილებლად იქნა მიჩნეული საქართველოს დატოვება, რადგანაც, უამისოდაც დიდი მსხვერპლის კიდევ უფრო გამრავლება იყო მოსალოდნელი. ამ პერიოდში მთელი რაზმი უსახსროდ იყო. ზოგიერთებს ქაქუცასთვის შეუთავაზებიათ, რომელიმე ბანკი გავძარცვოთო... ბოლშევიკები ისედაც ყაჩაღებს გვეძახიან და, მართლა ყაჩაღებივით რომ მოვიქცეთ, სირცხვილი იქნებაო - უთქვამს ქაქუცას.
ჩოლოყაშვილმა სამშობლო 1924 წლის სექტემბერში დატოვა და შეფიცულთა ერთი ნაწილით ჯერ ოსმალეთში გადავიდა, ხოლო იქიდან - საფრანგეთში.
1923 წელს ჩეკამ დაიჭირა ქაქუცას მეუღლე - ნინო, შვილები 7 წლის თამარი და 3 წლის ქეთევანი. ნინოს ჰქონდა დახვრეტის მუხლი მიყენებული და რაღაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილით დასჯას.
საფრანგეთში როგორ გრძელდება შეფიცულთა ცხოვრება?
- საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ, ქაქუცას არ უნდოდა თავისი შეფიცულების დაფანტვა. მან პარიზის მახლობლად, ვიროფლეიში, იქირავა სახლი. სამშობლოზე ფიქრმა, დედის, მეუღლის, შვილების ნახვის სურვილმა, გატეხა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ამას ისიც დაერთო, რომ ძველი ჭრილობა გაეხსნა. იგი მთებში გაგზავნეს სამკურნალოდ, მაგრამ, მისი ჯანმრთელობა მაინც უარესდებოდა.1930 წლის 27 ივნისს ქაქუცა ცუდად გახდა. მას სასთუმალთან ედო ტყავში გამოკერილი ქართული მიწა და ჯვარი, რომელიც ტყეში გასვლის წინ ქალიშვილისთვის გამოურთმევია, რადგან თავისი ვერ უპოვია. 29 ივნისის ღამეს თავისი ქალიშვილი დასიზმრებია, რომელიც სთხოვდა, მამაჩემო, მომეცი ჩემი ჯვარიო. ქაქუცას უთქვამს, ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრებაო. სიკვდილის წინ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად სძაგდა კრემაცია, უთხოვია, მისი ნეშტი დაეწვათ, ერთადერთი მიზეზის გამო - იქნებ ასე მაინც მოვხვდე საქართველოშიო. ალექსანდრე სულხანიშვილმა ეს არ გააკეთა.
უამრავი ადამიანი დაესწრო ქაქუცა ჩოლოყაშვილის დასაფლავებას, მთელი ქუჩა სავსე იყო... ხალხმა ათ კილომეტრზე მეტ მანძილზე ხელით ატარა ქაქუცას ცხედარი პარიზის სენტ-უანის სასაფლაომდე, სადაც იგი დაკრძალეს. შემდგომში ქაქუცას ნეშტი ლევილში გადაასვენეს, 2005 წლის შემოდგომაზე კი მან სამუდამო განსასვენებელი სამშობლოში, მთაწმინდის პანთეონში, პოვა.