სააკაშვილი უკანონო მოსმენებს ისევ აწარმოებს

სააკაშვილი უკანონო მოსმენებს ისევ აწარმოებს

სააკაშვილის ხელისუფლება ტოტალურ მოსმენებს რომ აწარმოებდა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე ამასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოძიებაც მიმდინარეობს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თითქოსდა, უკვე ოპოზიციაში მყოფ პრეზიდენტს და მის გუნდს უკანონო მოსმენებზე ხელი აღარ მიუწვდება, რადგან სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ (მაგალითად, კანონთან შეუსაბამობას), ამას სათანადო აპარატურა სჭირდება. თუმცა for.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლაც აწარმოებს უკანონო მოსმენებს.

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილის პირად დაცვას აქვს მოსასმენი აპარატურა, რომლითაც ახორციელებს უკანონო მოსმენებს და აგროვებს კომპრომატებს. ეს არის მცირე ზომის (დაახლოებით  ჩემოდანის ზომის) მოწყობილობა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, ერთდროულად მოუსმინოს 300 აბონენტს. მოწყობილობა სააკაშვილის დაცვის სამსახურმა ჯერ კიდევ ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიძინა, მაგრამ ის არ ასახულა დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე. ამ აპარატურის ღირებულება 1 მილიონ 200 ათასი დოლარია.

წყაროს ინფორმაციით, აპარატურა შეიძინეს ისრაელში, რადგანაც ამერიკულმა კომპანიებმა უარი თქვეს აპარატურის მიყიდვაზე.

For.ge-ს კონფიდენციალური წყარო ამ აპარატურის დახასიათებასაც იძლევა. მისი თქმით, ეს არის მცირე მოცულობის აპარატურა, მრავალარხიანი პასიური GSM დამჭერი („პერეხვატჩიკი“), და მუშაობს ისეთ რთულ სიხშირეებზე, როგორიც არის A5 და A6. თვითონ მოწყობილობა მუშაობს შემდეგი სისტემით - აპარატიდან უშვებენ გზავნილს ნომერზე, რომლის მისვლის შემდეგაც იშიფრება სიხშირე და შესაძლებელი ხდება ნებისმიერი აბონენტის მოსმენა.

წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილს პირადი დაცვის შემადგენლობიდან უკანონო მოსმენებზე გამოყოფილი ჰყავს 18 ადამიანი, როლმებიც 24 საათიან რეჟიმში უკანონოდ უსმენენ მათთვის საინტერესო აბონენტებს და აგროვებენ კომპრომატებს.

გარდა აღნიშნული აპარატურისა, სააკაშვილმა პირადი დაცვის სამსახურში გააფორმა 7 ადამიანისგან შემდგარი ჰაკერთა ჯგუფი, რომლებიც კომპიუტერული ვირუსების საშუალებით აღწევენ პირად კომპიუტერებში და უკანონოდ იღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციებს.

შესაძლოა, ამ ინფორმაციის დაჯერება ვინმესთვის შეუძლებელი იყოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის მმართველობის სტილს, რომელიც ტოტალურ მოსმენებს და ტერორს ემყარებოდა, ალბათ, ამ ინფორმაციის სარწმუნოობაში დაეჭვება რთული იქნება.

ჩვენ მკითხველებს აქვე შევახსენებთ, რომ ტოტალური მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გარკვეული პერიოდის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ სამინისტროში მისთვის გადაღებული ფარული ჩანაწერებით სავსე მთელი ჩემოდანი აღმოაჩინა. მან აღნიშნა, რომ ამას გარდა, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანისთვის გადაღებული ფარული ვიდეო თუ აუდიომასალა აღმოჩნდა.

შს მინისტრის თქმით, მათ ძალიან მძიმე კადრები აღმოაჩინეს, რის შესახებაც გამოძიება დაწყებულია და კონკრეტული პირებიც დაიკითხებიან. ამჟამად, ეს მასალები დალუქულია და უახლოეს მომავალში განადგურდება, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

გარდა ამისა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ კონსტიტიუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა, რომელთა შორის იყო 18 წლის ვასილ ჯამალაშვილიც. როგორც მისი დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი, ჯამალაშვილი კუდ-ში მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. გამოძიების ინფორმაციით, ჯამალაშვილმა შექმნა კომპიუტერული ვირუსი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებელთა კომპიუტერებში შეღწევა, მათში დაცული ინფორმაციის მოპოვება და აუდიო და ვიდეოთვალთვალი. შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდ-ის ხელმძღვანელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერული სისტემებიდან იღებდა ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ბექა კვარაცხელიამ აღიარა, რომ კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ფარულად მოპოვებულ ყველა მასალას 2010 წლიდან ეცნობოდა.

„ჩვენს შექმნილ ვირუსს პროგრამულად მითითებული ჰქონდა მოპოვებული ინფორმაციის მიწოდების მისამართი - მოდულის შენობის ერთ-ერთ ოთახში განთავსებული კომპიუტერების „აი-პი“ მისამართი, სადაც ავტომატურად იყრიდა თავს ფარულად მოპოვებული ინფორმაცია. ამ კომპიუტერებთან ხელი მიგვიწვდებოდა ექვს თანამშრომელს: მე, ავთო სოლომნიშვილს, გიორგი ჯავახიძეს, ვასილ ჯამალაშვილს, ერმალოზ ებანოიძეს და ალექსანდრე ბოცვაძეს, რომლებიც ასევე ეცნობოდნენ ფარულად მოპოვებულ ინფორმაციას. თავიდან ვუსმენდით ოპერატიულად საინტერესო პირებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნებისათვის მზადება დაიწყო, მთელი ჩემი სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო იქით, რომ მოგვესმინა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის“, - ამბობს თავის ჩვენებაში კვარაცხელია.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ასევე აღმოჩნდა, რომ პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტისა და სამინისტროების სერვერები თბილისში, ახალაშენებულ იუსტიციის სახლში იყო განთავსებული და სწორედ აქედან ამ უწყებების კომპიუტერების კონტროლი ხორციელდებოდა.

და ბოლოს, შეგვიძლია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც გავიხსენოთ. შეგახსენებთ, ოქტომბრის არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, სოციალური ქსელებით გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის, ბესარიონ სურმავას ვიდეო-მიმართვა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერების ფარული სატელეფონო ჩანაწერები ახლდა თან. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სურმავა წინა ხელისუფლების ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს ჰყავდათ გატაცებული და ამ ჩანაწერების გავრცელებაში სერიოზული თანხაც გადაუხადეს. ამასთან დაკავშირებითაც მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რაც უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით შეიძლება ჩამოვთვალოთ. ამდენად, როგორც ჩანს, ასეთი ხერხებით ქვეყნის მართვას შეჩვეული პრეზიდენტი ამ მეთოდს ახლაც ვერ ელევა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციის იმედით კომპრომატებს აგროვებს.