ტკბილეული და ხილი - გაძვირების ლიდერები

ტკბილეული და ხილი - გაძვირების ლიდერები

საახალწლო ფასების ბუმი უკვე დაიწყო. წლევანდელი „მზარდი ტენდენცია“, ძირითადად, ხილსა და ტკბილეულს შეეხო. შაქრიდან მოყოლებული ყველა სახეობის ტკბილი ნაწარმი გაძვირდა, ხოლო ვაშლისა და ტროპიკული ხილის ფასმა ბოლო წლების რეკორდი მოხსნა.

 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში შაქარი, საშუალოდ, 10-15 თეთრით გაძვირდა. როგორც შაქრის უმსხვილეს მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანია „აგარაში“ აცხადებენ, წლის ბოლომდე მას შაქრის საკმარისი მარაგი აქვს, ამდენად პროდუქტის კიდევ მეტად გაძვირება არ იგეგმება, თუმცა მსოფლიოში შაქრის გაძვირების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ახალი წლიდან ფასის ზრდა საქართველოშიც გარდაუვალი იქნება.

 

ექსპერტები 2010 წლის დასაწყისიდან შაქრის მკვეთრ გაძვირებას ბრაზილიაში ცუდ მოსავალს და ინდოეთის მხრიდან ექსპორტზე შეზღუდვის დაწესებას უკავშირებენ.

წლის დასაწყისიდან საქართველოში შაქრის ფასი 30-40%-ით გაიზარდა. დღეისათვის ქართულ ბაზარზე ერთი ტომარა შაქარი 95 ლარი ღირს. სუპერმარკეტებში კი 1 კგ შაქრის ფასი 2.10-2.30 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

მართალია, შაქრისაგან განსხვავებით ნიგოზი ადგილობრივი პროდუქტია, მაგრამ ახალი წლის დღეებში ყველაზე მოთხოვნადი. ამიტომაც მოვაჭრეებმა მის გაძვირებაზე ზრუნვა რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნიგოზი 18-19-დან 22-23 ლარამდე გაძვირდა. საუკეთესო ხარისხის ნიგოზი ბაზრობებზე 25 ლარადაც იყიდება.

 

რაც შეეხება მეორე უმნიშნვნელოვანეს პროდუქტს - თაფლს - დღეისათვის სუფთა თაფლი, საშუალოდ, 13-14 ლარი ღირს, თუმცა მოვაჭრეების ვარაუდით, უახლოეს დღეებში ის, ალბათ, კიდევ 3-4 ლარით გაძვირდება.

 

ჯერჯერობით, თითქმის არ გაძვირებულა ხორცპროდუქტები და ამის მიზეზი ის არის, რომ ახლა საქართველოში შობის მარხვაა. ცხოველურ პროდუქტებზე და მათ შორის მოთხოვნის შემცირებამ ფასები სტაბილურობა უზრუნველყო. ამ მომენტამდე ფასებმა მხოლოდ 0.50-1 ლარით მოიმატა. 

 

ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ აგრარულ ბაზრობაზე 1 კგ ინდაურის ხორცი 8.5-9 ლარი ღირს, ღორისა და ძროხის - 9-9.5 ლარი, ხოლო ყველაზე მოცრო ზომის გოჭის ფასი 60-80 ლარის ფარგლებში მერყეობს. ქათმის ხორცი ჯერჯერობით საერთოდაც არ გაძვირებულა. ე.წ. ფერმის ქათმის მყიდველს სადღეისოდ 1 კგ-ში 5.5 ლარის გადახდა უწევს.

 

საშულოდ 1 ლარით გაძვირდა ყველი. კერძოდ, 1 კგ სულუგუნი 11-12 ლარი ღირს, იმერული ყველის ყიდვა კი მსურველს ჯერჯერობით 8-9 ლარის ფარგლებში შეუძლია.

 

რაც შეეხება ტკბილეულს, როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ხილზე ფასმა ასევე საგრძნობლად მოიმატა. კერძოდ, 1 კგ მანდარინის ფასი 0.70-1.50 ლარის ფარგლებში მერყეობს. 2-დან 3.5-4 ლარამდე ღირს ფორთოხალი. საშუალოდ, 30-50 თეთრით გაძვირდა კომში და ბროწეული, რომლის ფასი, შესაბამისად, 3-4 ლარის ფარგლებშია.

 

აღსანიშნავია, რომ ხილის ადგილობრივ სახეობებს შორის ბაზრობებზე ყველაზე ძვირი ვაშლი ღირს, რასაც მოვაჭრეები გორის რაიონის სოფლებში ვაშლის ცუდი მოსავლით ხსნიან.

 

როგორც სააგენტო „პირველთან“ საუბრისას ყოფილი დეზერტირების ბაზრობის ერთ-ერთმა მოვაჭრემ აღნიშნა, საახალწლოდ 1 კგ ვაშლი ალბათ, 5-6 ლარი ეღირება.

„წლეულს ქართლში ვაშლის ძალიან ცუდი მოსავალი მივიღეთ.  დეფიციტის გამო გორში 1 კილოგრამი ვაშლის ფასი 4-5 ლარის ფარგლებში მერყეობს. თბილისში ჩამოტანას ხომ ცალკე ხარჯები უნდა. ამას ისიც ემატება, რომ ყოველდღიურად ბაზრის ადმინისტრაციას 25 ლარს ვუხდით. ამიტომ იძულებულნი ვართ, ფასები გავზარდოთ. მართალია, ხალხს ფული არ აქვს და მაინც ვერ ყიდულობს, მაგრამ საახაწლოდ, ალბათ, ყველა გაიჭირვებს“, - განაცხადა მოვაჭრემ.