„რამდენი თვალთმაქცი პატიმარი გვინახავს, ვითომ ატირებული და აცრემლებული, მერე ციხიდან გამოსული და კიდევ უარესი დანაშაულების ჩამდენი“

„რამდენი თვალთმაქცი პატიმარი გვინახავს, ვითომ ატირებული და აცრემლებული, მერე ციხიდან გამოსული და კიდევ უარესი დანაშაულების ჩამდენი“

„შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი, რაში გჭირდება, ვის ეპოზიორები, ჯობია, აღიარო, რომ არასწორად იცხოვრე“, - ეს მიტროპოლიტ სტეფანეს სიტყვებია სააკაშვილის მიმართ. ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ როცა პრეზიდენტი ხარ, თავში არ უნდა აგივარდეს და ყველაფერი შენი არ უნდა გეგონოს, რადგან ამას ციხეც შეიძლება მოჰყვეს.

მეუფე სტეფანეს თქმით, სააკაშვილი არ უნდა შეეცადოს საქმის ისეთნაირად წარმოჩენას, თითქოს მას არაფერი დაუშავებია, თითქოს პოლიტპატიმარია და ახლავე უნდა გამოუშვან.

„რომ გამოგიშვან, ღვთის წინაშე რა მძიმედ დაისჯები... მადლობა უთხარი ღმერთს, რისი შიმშილობა? უწმინდესმა გამოგიგზავნა სებისკვერი და ლოცვა-კურთხევა, მიიღე და წყნარად, მშვიდად გააგრძელე სინანულით ცხოვრება. რად გინდა, რას ეპოტინები ხელისუფლებას? თუ უფალთან არ შევრიგდით, ბოროტთან შერიგება არ გამოვა“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას.

ეს უკვე მეორე ქადაგებაა, უფრო სწორად, სააკაშვილის მიმართ საკუთარი პოზიციის გახმოვანებაა მაღალი იერარქების მხრიდან. მანამდე პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიოსგან მოისმინა პატიმარმა სააკაშვილმა მსგავსი სიტყვები, როცა მეუფე შიომ პეტრე მოციქულის ფრაზა გაიხსენა - „მოიკვეთეთ უკეთური!“ როგორც ცნობილია, მეუფე შიო „საყოველთაო შერიგების“ იდეას შეეხო და თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას და მიიჩნევენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის შეურიგდე, ეს მაშინ, როცა სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება. ამ ქადაგების გამო მეუფე შიოს თავგადაკლული ნაცების რისხვა დაატყდა თავს და მას ეგზარქოსი შიოც უწოდეს, თუმცა ამ ქადაგებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე მეუფე შიომ კვლავაც შეახსენა სააკაშვილს, მისი სახელის მოხსენიების გარეშე, რომ რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ან ღვთის ნებით, ან ღვთისგან დაშვებულია, რათა ჩვენ ამა თუ იმ მოვლენის ღრმა სულიერი აზრის დანახვა ვისწავლოთ და ჩვენი თავი შევიცნოთ.

რა გავლენას მოახდენს მსგავსი ქადაგებები ნაციონალ ამომრჩეველზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ მათ თვალი აეხილოთ და ახლა მაინც გააანალიზონ, რა ხდებოდა 9 წლის წინ? თუ ნაციონალები და მათი მომხრეები უარყოფითად განეწყობიან საპატრიარქოს და, კონკრეტულად, ილია მეორის მიმართ, რადგან მან არ გამოიჩინა სააკაშვილისადმი თანადგომა მაშინ, როცა სააკაშვილის რეჟიმის დროს დატყვევებული პატიმრების მიმართ პატრიარქი დიდ ყურადღებას იჩენდა, ზოგჯერ თვითონაც ნახულობდა პატიმრებს (მით უმეტეს, იმ პერიოდში პატრიარქი ჯანმრთელობას არ უჩიოდა), უგზავნიდა მათ გასამხნევებლად სასულიერო პირებს და საჩუქრებს ატანდა მათთვის.

თავის დროზე ციხიდან ახლად გამოსული ნორა კვიციანი for.ge-სთან საუბრისას ამბობდა, რომ მისთვის უდიდესი საჩუქარი იყო, როცა საკანში მყოფს პატრიარქი გვერდში ამოუდგა და პირადი ნივთები უსახსოვრა.

„როგორც წესი, პატრიარქს ხალხი თავად აწყდება, რომ შეეხონ მის ტანსაცმელს, ამ დროს კი მე პირადად ჩამაცვა თავისი პალტო, ეს განძია ჩემთვის, საშვილიშვილოდ ვინახავ ამ განძს. თვითონ რომელი საბანიც ეხურა, ის საბანი მე შემომიგზავნა, კაშნე, სვიტერი, წმინდა გიორგის მედალიონი - ერთხელ, მეორედ, მესამედ… მოჰქონდა საჩუქრები და ახლა, რომ გამოვედი ციხიდან, პირდაპირ პატრიარქთან უნდა წავსულიყავი ჩემი შვილებით, ამჟამადაც ვიყავი იქ, ლოცვებს, პარაკლისებს კითხულობდა ჩემთვის. რა იყო ეს ჩემთვის, ამას ვერ გამოვთქვამ“, - გვითხრა წლების წინ ნორა კვიციანმა.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე არ გამორიცხავს, რომ მეუფეების ასეთი ქადაგებების შემდეგ სააკაშვილის მომხრეები შესაძლოა, ნეგატიურად განეწყვნენ საპატრიარქოს და კონკრეტული იერარქების მიმართ. მისი აზრით, ერთი მხრივ, გვარამიას უარყოფითი გზავნილი მეუფე შიოს მიმართ გათვლილია ნაციონალების ამომრჩეველზე ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით, მეორე მხრივ, სააკაშვილის განცხადებები პატრიარქის სულიერ შვილად დარჩენის შესახებ ეკუთვნის საკუთარი მომხრეების დამშვიდებას, რომ ეკლესიას არ ებრძვიან ნაციონალები.

„სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მის მომხრეებს შორის ბევრი მაზიარებელი მრევლია. არადა, ეკლესია და სააკაშვილი ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია. როგორ შეიძლება, ადამიანი მაზიარებელი იყოს, ქრისტიანული ღირებულებებით ცხოვრობდეს და „ნაცმოძრაობას“ ხმას აძლევდეს და თანაუგრძნობდეს სააკაშვილს, რომელიც იგივეა, რაც ნიკა გვარამია, მეგის ქარდავა და ა.შ.

მეუფე შიო და მეუფე სტეფანე საუბრობენ ქრისტიანულ მოძღვრებაზე და იმაზე, ქრისტიანულად რა მიეტევება და რა არ მიეტევება ადამიანს. მეუფე შიო ვერც ერთ შემთხვევაში სამართლებრივ საკითხებზე ვერ ისაუბრებდა. მან თქვა, ადამიანს თუ უნდა ზიარება და მიტევება, უნდა მოინანიოს, იმარხულოს, შენდობა ითხოვოს, ვისაც აწყენინა, პატიება სთხოვოს, აღსარებაში ყველა ცოდვა მოინანიოს, ასეთ შემთხვევაში, ადამიანს მიეტევება. ამავე აზრს გამოხატავს მეუფე სტეფანეს ქადაგებაც. აქ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილს არც ბოდიში არ მოუხდია არასოდეს, არც პატიება უთხოვია, არც შენდობა, არც შეწყალება. რომც ითხოვოს შენდობა, სამართლებრივად ეს არაფერს არ ცვლის. რამდენი თვალთმაქცი პატიმარი გვინახავს, ვითომ ატირებული და აცრემლებული, მერე ციხიდან გამოსული და კიდევ უარესი დანაშაულების ჩამდენი. თუმცა ის, რაც გვარამიამ იკადრა მეუფე შიოსთან მიმართებით და, ზოგადად, დედა ეკლესიასთან მიმართებით, იყო ძალზე დამაზიანებელი მათთვის. ამიტომ სააკაშვილი, რომელმაც წესიერად პირჯვარის გადაწერაც კი არ იცის, შეეცადა, ამით ხაზი გაესვა, რომ გვარამიას ნათქვამი არ არის მისი დაკვეთა და ის არ ებრძვის ეკლესიას, ეკლესიას ებრძვის მხოლოდ გვარამია. როგორ წარმოგიდგენიათ, გვარამია ერთი სიტყვის თქმას გაბედავდა სააკაშვილის გარეშე?“, - აცხადებს ლადო ბოჟაძე for.ge-სთან საუბრისას.

ამასთან, იგი ეხმიანება სააკაშვილის წუხილს, რომ მას ციხეში ჯვარს არ უბრუნებენ. ლადო ბოჟაძის თქმით, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ციხეში არ შეიძლება ჯვრის ტარება, რადგან შეიძლება თვითდაზიანება მიიყენოს პატიმარმა.

„ჯვარი როდის გაიკეთა ბოლოს? საქართველოს რუკისნაირი გულსაბნევი რომ დაამზადა, ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, სულ სხვაა რელიგიური საკითხები და სულ სხვა სამართლებრივი საკითხები“, - გვითხრა ლადო ბოჟაძემ.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ მეუფეებმა თქვეს ის, რაც უნდა ეთქვათ, რომ ბოროტება უნდა დაისაჯოს სამართლიანი კანონის მიღებით. აბსურდი იქნებოდა, გამოსულიყვნენ მეუფეები და ეთქვათ, სააკაშვილის დროს ბოროტება კი იყო, მაგრამ არ დავსაჯოთ დამნაშავე, გავაუქმოთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, გავაუქმოთ საერთოდ სახელმწიფო ორგანოები. მეუფეებს ან ეს უნდა ეთქვათ, ან აბსურდი ემტკიცებინათ, თითქოს სააკაშვილის დროს ბოროტება არ ყოფილა და ამ ყველაფერს ვიგონებდით.

„რაც შეეხება გვარამიას, მისი „საქმენი საგმირონი“ ყველას ახსოვს, გვარამია რას ითხოვს მეუფე შიოსგან, რომ ისე მოიქცეს, როგორც პატივცემული მელქისედეკი, პეტრე, ილია ჭიღლაძე, ბერბიჭაშვილი და მათი მსგავსნი? ეს კიდევ ცალკე საკითხია-„მიშიზმი ეკლესიაში“, ღრმა პრობლემას წარმოაჩენს ეკლესიის შიგნით, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია სასულიერო პირთა სტატუსთან. ეს ადამიანები, მიშას ავადმყოფი მომხრეებისგან მსგავსად, რას გვეუბნებიან? კი, წამება იყო ციხეში, მაგრამ იმ 25%-ს აწამებდნენ, ვინც იმსახურებდაო“, -აღნიშნა სოსო მანჯავიძემ for.ge-სთან საუბრისას.

 

trampi აცრემლებული კი არა.......................ხოშტერიას შვიშტოკი (გიორგი ჭანტურიამ დაარქვა მამამისს)


,,შერიგებული მტერი მტერზედაც უფრო მტერიაო,,
უარეს, უარესს იზამს...... ასჯერაც უფრო უარესსს
2 წლის უკან