აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებას არ გამორიცხავს.
ალიევმა ამის შესახებ გაბალინის რაიონში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის ყარაბაღის ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს შეხვდა.
„ჩვენთვის ყარაბაღზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს. ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგეს და აღდგება კიდეც ნებისმიერი გზით. თუ საკითხი მოლაპარაკებების გზით არ მოგვარდება, იძულებულნი ვიქნებით, ის სამხედრო გზით გადავჭრათ. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ოფიციალური ბაქო მთიან ყარაბაღზე კონტროლის აღდგენას მოითხოვს, რაც მან 1990-იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა.
ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით სომხეთსა და აზრბაიჯანს შორის მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის თანათავმჯდომარეებიც აშშ, რუსეთი და საფრანგეთი არიან.