„შეუძლებელი იქნებოდა სტრასბურგში საქმის მოგება, რომ არ მოგვეპოვებინა მტკიცებულებები, რომელიც ნაციონალების მიერ გატანილი იყო სხვა ქვეყნებში“

„შეუძლებელი იქნებოდა სტრასბურგში საქმის მოგება, რომ არ მოგვეპოვებინა მტკიცებულებები, რომელიც ნაციონალების მიერ გატანილი იყო სხვა ქვეყნებში“

სოზარ სუბარის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვების მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა, ქართულ მხარეს არ დაებრუნებინა მტკიცებულებები და მათ შორის კასეტური ბომბები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გატანილი იყო სხვა ქვეყნებში. როგორც უმრავლესობის წევრი აცხადებს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ამბობდნენ სად ჰქონდათ გადამალული მტკიცებულება, რომელიც ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი დეტალი იყო, თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მტკიცებულებებს მიაკვლია.

for.ge სოზარ სუბარს ესაუბრა.

ხელისუფლების ცვლილებიდან მე-9 წელს, ასე გამძაფრებით რატომ გაუჩნდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი? თქვენი ოპონეტები ამტკიცებენ, რომ არჩევნები ოპოზიციამ მოიგო...

სოზარ სუბარი: ვინ არის ჩვენი ოპონენტი? - მელია, რომელიც არის კრიმინალი, ერთ საქმეზე არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, მეორე საქმე დამთავრდა ამნისტიით. ასევე კრიმინალი ჰყავთ მეორე ლიდერი - სააკაშვილი, რომელსაც ერთ საქმეზე მისჯილი აქვს, მათ შორის ერთ-ერთ საქმეზე იყო სტრასბურგის მოთხოვნა; ორ საქმეზე მიდის სასამართლო პროცესი; საზღვრის უკანონო გადმოკვეთა - ეს არის მეხუთე საქმე, რომელზეც ახლა დაიწყო გამოძიება. ფოთის მეორობის კანდიდატი არის გიგი უგულავა, რომელიც ერთ საქმეზე მისჯილია, მეორეზე შეწყალებული და მესამეზე მიდის სასამართლო პროცესი.

ამ პოლიტიკური ბიოგრაფიის ადამიანიები ისევ ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ეს ჯგუფი დღეს თქვენს პოლიტიკურ გუნდს უყენებს ბრალდებას, მათ შორის კრიმინალში, კორუფციაში, არჩევნების გაყალბებაში და ა.შ. ამას როგორ ხსნით?

- მხოლოდ მცირე ნაწილი ჩამოვთვალე, არის კიდევ ორი ოპოზიციონერი ბანკირი, რომელთა წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება. არიან სხვებიც, რომელთა ნაწილს მისჯილი აქვს, ნაწილზე ძიება მიდის. თქვენს პირველ კითხვას დავუბრუნდეთ - რატომ უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება? - იმიტომ, რომ მათ ენატრებათ დრო, როდესაც სრულიად უკანონოდ სჩადიოდნენ ნებისმიერ ქმედებებს და მათ შორის ეს ქმედებები ძირითადად იყო დანაშაულებრივი.

რატომ ლაპარაკობენ არჩევნების გაყალბებაზე? - იმიტომ, რომ უკვე მე-9 წელია ყველა არჩვენებს აგებენ. 8 არჩვენები ჩატარდა და თითქმის ამდენივე შუალედური არჩევნები, ყველა წააგეს. ყოველი არჩევნების შემდეგ ამბობენ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ დასასრული, რომ ახლა „ქართული ოცნება“ 30%-საც ვერ აიღებს, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება.

და, ყოველ არჩვენებზე საპირისპირო შედეგია...

- დიახ, დასტურდება, რომ ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და ეს არის იმ გადაწყვეტილების დასტური რაც 2012 წელს მიიღო ქართველმა ამომრჩეველმა. ანუ, უარი „ნაციონალურ მოძრაობას“. ყოველი არჩევნების შემდეგ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ერთი მტკიცებულებაც არ დაუდიათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოება ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, იყო გარკვეული დარღვევები, მაგრამ ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ერთადერთი ვინც ამბობს, რომ არჩევნებო გაყალბდა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა თავისი გავლენის ქვეშ მოქცევას პერიოდულად ახერხებენ ხოლმე. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ამ პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტია, მათგან წასულები არიან. ზოგი მათი გენერალური მდივანი იყო; ზოგიც უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი; ზოგი პარლამენტის თავმჯდომარე და ზოგი ვინ, და ზოგი ვინ.

რაც შეეხება 27 ოქტომბრის აქციას, რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურის წინ აქციის გამართვა? თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ 14 ოქტომბრის გადაფარვას ცდილობს მმართველი გუნდი. რას ემსახურება ეს აქცია, ეს არის ერთგვარი ანგარიში, ელოდებით იგივე სურთას, რაც იყო 2012 წლის 28 სექტემბერს?

- ჩვენ პერიოდულად ვატარებთ ასეთ აქციებს. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ძალიან ჩვეულებრივი ნაწილი. მთელს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და საქართველოში რატომ უკვირთ, არ ვიცი. ამას აკეთებს ოპოზოცია შესაძლებლობის ფარგლებში და ამას ვაკეთებთ ჩვენც, იმ მხარდაჭერის ფარგლებში, რაც გვაქვს და ჩვენ რომ მეტი მხარდამჭერი გვყავს, ამას ადასტურებს ყოველი არჩევნები. ეს გამოჩნდა 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზეც, როდესაც 47%-იანი მხარდაჭერა მივიღეთ და ეს გამოჩნდება 27 ოქტომბერსაც და ასევე 30 ოქტომბერს.

გამარჯვებაში დარწმუნებული ხართ, იგივე პოზიცია გქონდათ პირველი ტურის წინ, მაგრამ დაგჭირდათ მეორე ტური და მათ შორის თბილისში. კახა კალაძემ მოუბოდიშა ამომრჩეველს და თქვა, რომ რაღაცა დააკლო. როგორ ფიქრობთ, რა დააკლო „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებს, რომ კალაძეს მეორე ტური დასჭირდა ბრალდებულ ნიკანორ მელიასთან, სააკაშვილის ფაქტორმა იქონია გავლენა? ანალიტიკოსები უშვებდნენ იმის ალბათობას, რომ რეგიონებში მეორე ტური გაიმართებოდა, მაგრამ თბილისში გამორიცხავდნენ...

- როდესაც ჩვენ ვატარებთ ცივილიზებულ საარჩევნო კამპანიას, მოწინააღმდეგე იწყებს ცილისწამების, ტყუილების და სიძულვილის ენის ტირაჟირებას, მიდის მაქსიმალურ კონფრონტაციაზე და პოლარიზაციაზე. როცა ამას შესაბამისად არ ვპასუხობთ, ეს ყოველთვის აისახება შედეგზე. გავიხსენებ საპრეზიდენტო არჩევნებს, როდესაც სალომე ზურაბიშვილის კონკურენტი იყო გრიგოლ ვაშაძე, კაცი, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს დროს იყო რუსეთის მოქალაქე, თან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

წარმოიდგინეთ, საგარეო საქმეთა მინისტრად გვყავდა ადამიანი, რომელიც იყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ჩვენ გვებრძოდა და რომელმაც მოახდინა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია, კაცი, რომელიც ომის შემდეგ ამაყოდა, რომ ჯიბეში ედო რუსული პასპორტი. ეს იყო ადამიანი, რომელიც საბჭოთა პერიოდში მუშაობდა ისეთ ადგილას, სადაც „არაკაკებეშნიკებს“ არ ამუშვებდნენ და „კაკებეშნიკობა“ კიდევ დროებითი არ არის. დანამდვილებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ მაშინაც, როდესაც ის იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და როდესაც კენჭს იყიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ფეესბეს ნომენკლატურა იყო.

ამ პირობებში, პარტიამ, რომელმაც ის წამოაყენა კანდიდატად, მოახერხა და ლამის მოსახლეობა დააჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის რუსეთის აგენტი! ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება, მთელი მისი წინაპრები იბრძოდნენ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, იყვნენ ემიგრანტები და რომელთათვის საქართველოში დაბრუნება იყო მთავარი ოცნება. მათ მოახერხეს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს შეებრუნებინათ ეს პარადიგმა და ამან გამოიწვია სწორედ ის, რომ მეორე ტური გახდა საჭირო. მაგრამ მეორე ტურში იმდენი ამომრჩეველი მოვიდა, რამდენიც 2012 წლის შემდეგ არ მოსულა არჩევნებზე, როდესაც ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას რამხელა ტყუილში აცხოვრებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში.

იგივე რეალობის წინაშე დადექით ახლაც?

- დაახლოებით იგივე მოხდა ახლაც, როდესაც კახა კალაძე ატარებდა ძალიან ცივილიზებულ საარჩევნო კამპანიას, ლაპარაკობდა პროგრამებზე, გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე, ჩვენი ოპონენტები ატარებდნენ სიძულვილის კამპანიას მის წინააღმდეგ. თუ რამეს დაკლებაზე არის ლაპარაკი, ალბათ, ეს იყო ერთადერთი. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ რამე დავაკელით. მიმაჩნია, რომ სწორი საარჩევნო კამპანია ვაწარმოეთ. ეს იყო კიდევ ერთი სწორი და ცივილიზებული საარჩევნო კამპანია. არ უნდოდათ ასეთი კამპანია, ახლა დავარქმევთ ყველაფერს თავის სახელს.

მეორე ტურის წინ ნამდვილად იგრძნობა სიმკაცრე თქვენს ტონალობაში. წარსულზე საუბარი დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“. ნამდვილად ძნელია ერთთვიანი საარჩევნო კამპანიით შემოიფარგლოს ის ძალადობის ფაქტები, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებობა ამ ქვეყანაში, მაგრამ საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებზე, ძალადობაზე, ეს არის პასუხი ოპონენტების ცილისწამებზე?

- მეორე მომენტი, რომელმაც ამისკენ გვიბიძგა და გარკვეულწილად, იძულებული გაგვხადა, რომ ჩვენც გავიხსენოთ და ჩვენს მოქალაქეებსაც გავახსენოთ საზარელი წარსული, ეს არის სააკაშვილის ჩამოსვლა, მისი მომხრეების და ზოგიერთი უცხოელი ლობისტის განცხადება, რომ ეს ადამიანი წარმოაჩინონ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, თუ პოლიტპატიმრად. იმდენად არასწორი ინფორმაცია აქვთ მათ მომხრეებს, რომ ისიც კი არ იციან, რომ სააკაშვილს ორ საქმეზე მისჯილი აქვს სასამართლოს მიერ. ამბობენ - რატომ გყავთ წინასწარ პატიმრობაში, გამოუშვით სანამ მიუსჯიანო და ამ დროს ადამიანს ორ საქმეზე აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სხვა საქმეზეც გრძელდება სასამართლო. აი, ესეც ინფორმაციის დამახინჯებულად მიწოდების ნათელი მაგალითია.

მეორე კი, ძალიან მძიმე წარსულია, მაგრამ რატომ გვიწევს გახსენება? - მე, რომელიც იმ ყველაზე მძიმე წლებში ვიყავი სახალხო დამცველი და სწორედ ჩემი აღმოჩენილია უამრავი დარღვევა, დანაშაული, წამება, მკვლელობა, რაც ჩადენილია სააკაშვილის რეჟიმის მიერ, ხშირ შემთხვევაში ადგილზე ვიყავი და მოწმეც ვიყავი ამ ყველაფრის, შეიძლება ყველაფერი არ გამახსენდეს.

მაგალითად, ციხის ბუნტის დროს იქ ვიყავი და ვხედავდი როგორ ისროდნენ ავტომატებით. უამრავი ფაქტის მოწმე ვარ და მეც კი შეიძლება რაღაცა დამავიწყდეს და მით უმეტეს, ეს არ ეხსომება იმ ახალგაზრდა თაობას, რომელიც მაშინ მე-2, თუ მე-5 კლასში იყო, თინეიჯერი იყო და არც ფიქრობდა ამაზე. ახალი თაობა მოვიდა და ვერც წარმოუდგენია, რომ ასეთი სისასტიკე შეიძლება ყოფილიყო.

წინა დღეებში ზუგდიდში გადადგა ანაკლიის სასაზღვრო სადგურის უფროსი, როგორც მან თქვა, პროტესტი გაუჩნდა ვიღაცის დაჭერის მიმართ. მაშინვე მივიღე წერილები ამ ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ, რომელიც ამ წლების განვალობაში იწერებოდა.

შეგიძლიათ უთხრათ ამომრჩეველს რა დანაშაულში ფიგურირებს ეს ადამიანი?

- მაგალითად ერთი ჩვენი ყოფილი კოლეგა არის - ზაზა დავითაია, რომელმაც გამომიგზავნა წერილი, სადაც ნაწამები ადამიანი ჩივის, რომ ეს კაცი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ისევ თანამდებობებზე არიან. დეტალურად ყვება სხეულზე როგორ აწვავდნენ სიგარეტს; როგორ აწამებდნენ; ურტყამდნენ, ცემისგან როგორ კარგავდა გონებას და როგორ ასხამდნენ წყალს და ამის შემდეგ როგორ აგრძელებდნენ ისევ ცემას, როგორ წამოაცვეს რეზინის ხელჯოხზე პრეზერვატივი და როგორ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით.

აი, ეს ადამიანი აქამდე მუშაობდა პოლიციაში მშვიდად, წყანრად და ახლა ვითომ რაღაცა პროტესტი გაუჩნდა და გადადგა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი ადამიანების წინააღმდეგ აქვთ კომპრომატები და ნებისმიერ წუთს შეიძლება ეს კომპრომატები აამოქმედონ, გამოიყენონ და აიძულონ ეს ადამიანები, რომ შეასრულონ მათი დავალებები. ეს არის ძალიან ცუდი რეალობა, ისევე როგორც ის, რომ ეს ადამიანი და არაერთი მისი მსგავსები, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მუშაობენ სტრუქტურებში, იმის გამივრად, რომ მათ მიმართ სამართლიანი სასამართლო ყოფილიყო, თუნდაც ეპატიებინა მერე იმ სასამართლოს, მაგრამ სასამართლო უნდა შემდგარიყო.

ბიძინა ივანიშვილის სიტყვები - ჩვენ, მათ მოვექცევით არა ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ქართველი ხალხი. შეიძლება, ხშირ შემთხვევაში, ჩვენც არასწორი ინტერპრეტაცია მოვახდინეთ იმიტომ, რომ ეს არ ეხება დამნაშავეს. ეს შეიძლება შეეხოს ვიღაცის პოლიტიკიდან გარიყვას, მაგრამ დანაშაული ყველა შემთხვევაში უნდა იყოს გამოძიებული. ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მეორე ტურში იძულებული გავხდით მათთვის შეგვეხსენებინა წარსული და მათ შორის საზოგადოებისთვისაც.

დამნაშავეები რომ დღემდე დასჯილი არ არიან, ეს თქვენი დამსახურებაა, ისინი დღემდე რჩებიან თანამდებობაზე და მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში. გასაგებია, რომ პროფესიონალი კადრის შენარჩუნება აუცილებიც არის, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ დამნაშვე და დანაშაულში მხილებული ადამიანები რჩებიან თანამდებობებზე. ივანიშვილის ეს ცნობილი ფრაზა, იგივე კოჰაბიტაცია ძალიან ცუდად გაიგო პროკურატურამ, სასამართლომ და ამის შედეგს ვხედვათ. თუ 2012 წლის არჩევნების შემდეგ სახლებიდან ვერ გამოდიოდნენ, დღეს პირიქით, საარჩევნო კამპანიას ატარებენ და იმაში გდებენ ბრალს, რაშიც თავად იყვნენ მხილებულნი...

- კუდ-ში, რომელიც ყველაზე პოლიტიზირებული უწყბა იყო, სასჯელაღსრულებაში, სადაც ადამიანების ყველაზე სასტიკი წამება ხდებოდა, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობდა. მათ შეიძლება არ მოსწონდათ ეს ყველაფერი, ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ არ მონაწილეობდნენ დანაშაულში. კი, მესმის, დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია და მორალურად გამართლებული არ არის, მაგრამ ბუნებრივია, რომ ასეთი ადამიანები, ვისაც გამოცდილება აქვთ, საჭიროა და ვერ მოვისვრით. მაგრამ ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, ისინი უნდა დაისაჯონ. ზაზა დავითაიას სტატიაში იმ კონკრეტულ წამების საქმეში ნახსენები იყო კოხტა კოდუაც და არა ერთი ადამიანი. მართლა არ შეიძლება ასეთი საქმეები გამოუძიებელი დარჩეს.

რაც შეეხება კითხვას - კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის დღეებში როგორ ზეიმობდნენ გამარჯვებას. ამ დღეებში საქართველომ წარმატება მოიპოვა სტრასბურგში, როდესაც სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩიოდნენ საქართველოს წინააღმდეგ, უარი უთხრეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. უთხრეს არა - ეს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველო არის მსხვერპლი. ეს საქმე და შარშან, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმე, დამერწმუნეთ, წაგებული იყო, იქ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო.

რას გულისხმობთ?

- არანაირი მტკიცებულება არ იყო დატოვებული. მართლა დაგვჭირდა თვეების, წლების ბრძოლა და შრომა იმისთვის, რომ ეს მტკიცებულებები შეგვეგროვებინა, დაგვედო და ამით გაგვემყარებინა საქმე. იცით, რომ მეორე საქმე იყო ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, სადაც საქართველომ წააგო საქმე რუსეთის წინააღმდეგ. რატომ? - იმიტომ, რომ ეს საქმე დამთავრდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ბუნებრივია, მტკიცებულებები არასწორად, არასაკმარისად იქნა წარდგენილი. არა მხოლოდ წავაგეთ, არამედ დაუშვებლად იქნა ცნობილი ჩვენი სარჩელი. საქართველოს მხრიდან იმდენად ზედაპირული იყო ეს სარჩელი, რომ სასამართლომ არც კი განიხილა.

რა შეიძლება ყოფილიყო საქართველოს საწინააღმდეგო მასალები რუსეთის მხრიდან და რეალურად რასთან გიხდებოდათ ბრძოლა?

- სტრასბურგში არსებობდა რეზოლუცია, სადაც მე-5, მე-6 და მე-11 მუხლებში საქართველოს მაშინდელ დელეგაციას საკუთარი სამშობლოსთვის დაბრალებული აქვს, რომ ომი დაიწყო საქართველომ, რომ რუსეთის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი; საქართველო იყენებდა საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულ იარაღს; საქართველო მოქმედებდა ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ და მათ შორის ცხინვალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა კონვენციით აკრძალულ იარაღს და, რომ საქართველო საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით აკრძალულ ქმედებებს სჩადიოდა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, შეუძლებელი უნდა ყოფილიყო იმ საქმის მოგება, რომელიც ჩვენ გასულ კვირას მოვიგეთ, მაგრამ ჩვენ ამას მივაღწიეთ.

შეუძლებელი იქნებოდა ამ საქმის მოგება ისე, რომ არ მოგვეპოვებინა და არ დაგვებრუნებინა მტკიცებულებები და მათ შორის კასეტური ბომბები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გატანილი იყო სხვა ქვეყნებში. არ ამბობდნენ სად ჰქონდათ ეს მტკიცებულება გადამალული, მაგრამ ჩვენ მივაკვლიეთ და წლები დაგვჭირდა ამისთვის.

2007 წელს სააკაშვილი ამბობდა, რომ სულ რამდენიმე თვე დარჩა მანამდე, სანამ ჩვენ შევალთ ცხინვალშიო. ეს არის ისეთი ნათქვამი, რომელიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს წინააღმდეგ და ბევრი მსგავსი განცხადება. აი, ამ ყველაფრის გადალახვა მოგვიხდა ჩვენ იმისათვის, რომ მოგვეგო ეს უაღრესად მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები სტრასბურგში და იგივეს ვაკეთებთ ჰააგის სისხსლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ეს დასკვნა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში არა მარტო პოლიტკური მხარდაჭერა გვქონდეს, არამედ სამართლებრივი დასაბუთებაც.

მოშიმშილე სააკაშვილი ციხიდან მოუწოდებს საკუთარ მომხრეებს, რომ 30 ოქტომბრამდე აუცილებელია საპროტესტო მუხტის შენარჩუნება. მართლია, დასავლეთმა სააკაშვილის ეს გეგმა არ იყიდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ევროპარლამენტარს, ასევე სააკაშვილის მეგობარ ბრაიზასა და გლუკსმანს. როგორ გგონიათ, მხოლოდ შიდა მოხმარებაზეა გათვლილი მისი ეს შიმშილობა და განცხადებები?

- ყველამ იცის, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე და ის, როგორც დამნაშავე აგებს პასუხს. აქ რომ პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნაზე ყოფილიყო ლაპარაკი, ამას ექნებოდა შესაბამისი რეაქცია, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ასე არ არის. ცხადია, იგივე ევროპარლამენტში არიან ადამიანები, რომელიც მისი პოლიტიკური თანამებრძოლები იყვნენ, ან გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები შეიძლება აქვთ და ასეთები შეიძლება გამოჩნდნენ სხვადასხვა პარლამენტებში, სენატში, კონგრესში.

თქვენ ახსენეთ ზღულაძის მეუღლე - გლუკსმანი, ეს ადამიანი იყო სააკაშვილის მრჩეველი, რომელსაც ებარა ტელევიზია, უზარმაზარი ხელფასი ჰქონდა, ფინანსურად იყო დავალებული სააკაშვილისგან. ხელმომწერებს შორის არის შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც სააკაშვილს რამდენიმე მილიონი დოლარი აქვს გადარიცხული საიდუმლო მუხლებით ლობისტობისთვის. როდესაც ეს არის ფარული ხარჯები, არ არის ღია, ბუნებრივია, ჩნდება ბევრი კითხვა. ასეთი ადამიანები არიან ხელმომწერებს შორის. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირები აწარენ ხელს. მათ ხელმოწერას არ აქვს არავითარი წონა. რაოდენობის გაზრდა უნდოდათ.

პრემიერი ამბობს, რომ სააკაშვილი სასჯელს სრულად მოიხდის საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ის არის უკრაინის მოქალაქე, უკრაინა არ ითხოვს მის ექსტრადირებას. გაქვთ მოლოდინი, რომ ექს-პრეზიდენტი სასჯელს სრულად მოიხდის ქართულ ციხეში?

- პირველი, უკრაინა ვერ მოითხოვს იმიტომ, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და სანამ არ დამთავრდება, რამე გადაცემაზე ლაპარაკი ზედმეტია. მეორე - სააკაშვილმა მადლობა უნდა მოიხადოს იმ ცვლილების გამო, რომელიც ჩვენს დროს განხორციელდა. მისივე კანონებით რომ გაესამართლებინათ და პლუს, ამნისტია არ შეხებოდა, მას 6 კი არა, 15 წელი ექნებოდა მოსახდელი. მიმდინარე საქმეებშიც თუ დამნაშვედ იქნა ცნობილი, 35 წლამდე ავიდოდა მისი პატიმრობის ვადა და ამას დაემატებოდა საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტი.

ასე რომ, სააკაშვილი სასჯელს მოიხდის რეფორმირებულ ციხეში, სადაც კარგი პირობებია, განსაკუთრებით მე-12 დაწესებულებაში. ყურადღება მისი ჯანმრთელობის შესახებ ბუნებრივია, უფრო მაღალია, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ყოფილი პრეზიდენტი. ნურავინ ნუ იტყვის, რატომ უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღება. ყველას ექცევა ყურადღება, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ყურადღება იქნება.

თუმცა, ეს განსაკუთრებული ყურადღება, როგორც ჩანს, ხელს არ აძლევს დაცვის მხარეს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მიზანმიმართულად გადაჰყავთ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, რომ დამნაშავეთა სამყაროს წევრებთან მოხდეს მისი პირდაპირი კომუნიკაცია...

- მისი მხარდამჭერების ნაწილი პირდაპირ და აშკარად, ზოგი ირიბად აქეზებენ მას, როგორმე არ შეწყვიტოს შიმშილობა. მის შიმშილობას რაც შეეხება, დღეში 5 ლიტრა ლიმონათს, უზარმაზარი რაოდენობით თაფლიან ჩაის სვამს და პლუს მიირთმევს სეფისკევერებს, რომელიც, რა თქმა უნდა, პური არ არის. რაც შეეხება გლდანის სამკურნალო დაწესებულებას, ის იზოლირებულია მე-8 დაწესებულებიდან, აბსოლუტურად ცალკეა, სადაც ძალიან კარგი პირობებია.

სამეგრელოში იმყოფებით, რა მოლოდინი გაქვთ? მოსახლეობა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სენაკის მერობის კანდიდატის, კობა ნაყოფიას მხრიდან ღიად ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა, ხშირ შემთხვევაში, საუბარია 200, 300 და 500 ლარზე, თან ეს ხდება ღიად. თუ იცით ამ ფაქტის შესახებ?

- ამის შესახებ და სხვათა შორის უშუალოდ ნაყოფიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. არა მხოლოდ სენაკში, არამედ წინა დღეებში ზუგდიდის სოფლებში დადიოდა. მაგრამ როცა არ მაქვს მტკიცებულება, ამაზე აპელირება ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი. რაც შეეხება, ზოგადად, მოსყიდვებს, რამდენიმე ფაქტი გადაცემული გვაქვს პროკურატურისთვის, რომ შეისწავლონ.

Katana . ამ დროს, რა ტექსტებით აპროტესტებდა სააკაშვილი უკრაინიდან - წულუკიანი ცდილობს სტრასბურგში დაამტკიცოს, რომ ჩვენი პატრიოტი ბიჭები, ჩვენი გმირი სამხედროები საშინელებებს სჩადიოდნენ ცხინვალში და უნდა, რომ ისინი დააპატიმრებინოს და დაასჯევინოს საერთაშორისო სასამართლოსო!..
*
ნაცებმა რომ მოაწერეს ხელი - ომი საქართველომ დაიწყოო (რასაც დიდხანს და გულმოდგინედ მალავდნენ), ამავდროულად, პატრიოტიზმის ტესტად რომ აქციეს ფრაზა - "ვინ დაიწყო ომი?" და თუ ვინმე დაეთანხმებოდა ტალიავინის კომისიის დასკვნას, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო სააკაშვილის მიერ ცხინვალზე განხორციელებული შეტევით - ჩაქვავება გარანტირებული ჰქონდა! + მტრისთვის ნადავლის სახით გადასაცემი ტერიტორიების მიზანმიმართული გაფართოება ომის წინა პერიოდში, როგორც აფხაზეთში, ისე "სამხრეთ ოსეთში" + 70-წლიანი ოკუპაციის შემდეგ ძლივს გაყვანილი რუსული სახედრო ბაზების უკან შემოყვანა საქართველოში + "ენგურჰესით" დაწყებული, მთელი ქართული ენერგეტიკის რუსეთისთვის გადაცემა + ნივთმტკიცებათა გადამალვით, აშკარა ხელშეწყობა რუსეთისათვის, რომ მოეგო ჩვენთვის სტრასბურგის სასამართლო... ტოვებს კიდევ რაიმე სივრცეს იმის სამტკიცებლად, რომ ნაციონალური მოძრაობა რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს მთელი ეს წლები?!
1 თვის უკან