კოვიდდაზღვევა ცუდად მუშაობს, მთავრობა ცდილობს სავალდებულო მექანიზმი მაქსიმალურად თავიდან აირიდოს

კოვიდდაზღვევა ცუდად მუშაობს, მთავრობა ცდილობს სავალდებულო მექანიზმი მაქსიმალურად თავიდან აირიდოს

ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობა, სადაზღვევო სექტორთან ერთად, ტურისტებისთვის სავალდებულო კოვიდდაზღვევის შემოღებას გეგმავდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს. პრობლემაა მწვანე პასპორტთან დაკავშირებითაც. ბიზნესი თითქოს ნერვიულობს, მაგრამ რეალურად ჯერჯერობით არაფერი იცვლება.

მიმდინარე წლის ზაფხულიდან სადაზღვევო კომპანიებმა უკვე დაიწყეს კოვიდ დაზღვევის პაკეტების შეთავაზება, როგორც შემომსვლელი, ისე გამსვლელი ვიზიტორებისთვის. როგორც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამთა ყიფიანი აცხადებს, მოთხოვნა ტურისტების მხრიდან აღნიშნულ პაკეტზე პრაქტიკულად არ არის. ეს პროდუქტი ძირითადად იმ ქართველებზე იყიდება, რომლებიც სამოგზაუროდ სხვა ქვეყანაში მიდიან.

„ქართველები, როცა მიდიან სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ, აქტიურად იყენებენ კოვიდ დაზღვევის პაკეტებს, თუმცა, როცა საუბარი ეხება შემომსვლელ ტურისტებს, მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა აეროპორტში იყიდება ჩვენი პროდუქტი და ტურისტულ სააგენტოებსაც აქვთ საშუალება, რომ ის ტურისტებს შესთავაზონ, ამის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდდაზღვევაზე, შემომსვლელი ვიზიტორების მხრიდან, მოთხოვნა, პრაქტიკულად, არ არის. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ არ არის ტურისტებისთვის კოვიდ დაზღვევის შეძენა სავალდებულო“, - განაცხადა ყიფიანმა.

საპირისპიროს ამტკიცებენ „თიბისი დაზღვევაში“. კომპანიის გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა მაინც მზარდია.

„ტურისტებისთვის კოვიდდაზღვევა სავალდებულო არ არის, თუმცა შემომავალ ტურიზმზე ძალიან კარგად მუშაობს სახელი - კოვიდდაზღვევა. ეს იმიტომ, რომ მოგზაურობის დაწყების დროიდან ტურისტები ფიქრობენ, რომ კოვიდდაზღვევა სავალდებულოა, მოსთხოვენ მათ, ამიტომ ისინი წინასწარ აკეთებენ ამ დაზღვევას, რომელიც საკმაოდ იაფი ღირს. მე ვთვლი, რომ ამ ნაწილში სავალდებულოობა არ არის საჭირო, იყო დისკუსიები ამ საკითხზე და საბოლოოდ გადაწყვეტილება გაჩერდა იმაზე, რომ კოვიდდაზღვევა სავალდებულო მხოლოდ სტუდენტებისთვის იყოს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ პაატა ღაძაძე და დასძინა, რომ ტურისტებისთვის კოვიდდაზღევა დაახლოებით 8 ლარი ღირს, ხოლო სტუდენტებისთვის მისი ღირებულება საშუალოდ 35 ლარიდან იწყება.

ჯერჯერობით ასევე არ არის სავალდებულო ე.წ. მწვანე პასპორტებიც. აქაც თითქოს ისმის ინიციატივა, მოწოდება, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. არადა, ბიზნესის ერთი ნაწილი ემხრობა მსგავსი ტიპის საბუთის პრაქტიკაში ფართოდ დანერგვას, თუმცა სხვებს ეს აზრი არ იზიდავს.

„შეიძლება ვაქცინა სავალდებულო არ იყოს, მაგრამ ისე გავაკეთოთ, რომ აუცრელი სავაჭრო ცენტრში, კაფეში ვერ შედიოდეს. შესაბამისად, თუ არ მინდა, არ ავიცრები და არც მოლში შევალ, მაგრამ თუ გვინდა, ქვეყანა გამოჯანმრთელდეს, გავაკეთოთ ეს“, - განაცხადა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მთიულიშვილმა.

მისი აზრით, მაგალითი უნდა ავიღოთ ისეთი წარმატებული ქვეყნებისგან, რომლებმაც პანდემია გადალახეს.

„ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ ყოფა-ცხოვრება და მეტად არ გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რამდენიმე წელი გაგრძელდება ეს. მგონი, გვავიწყდება რამდენ ადამიანს ვკარგავთ ყოველდღიურად, 40-50 ადამიანი გვეღუპება. მესმის, რომ ძნელია მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლობას უკავშირდება, მაგრამ არის ხოლმე ქვეყანაში მდგომარეობა, როდესაც უნდა მიიღო ის ზომები, რაც გადაარჩენს შენს თანამოქალაქეებს.

როცა თქვენ არ იცრებით, თქვენ გამო მე ვიზღუდები, ეს ხომ ჩემი თავისუფლების შეზღუდვაც არის? მესმის, რომ არჩევნების წინ ხისტი პოლიტიკა არ უნდათ, მაგრამ აუცილებელია“, - დასძინა გიორგი მთიულიშვილმა.