„ნიკა მელიას ნაბიჯები არ ჰგავს „მართლმორწმუნე მიშისტების“ გადაწყვეტილებებს და შესაძლოა, ეს გახდეს მიზეზი, რომ მელიას „კარისკენ მიუთითონ“

„ნიკა მელიას ნაბიჯები არ ჰგავს „მართლმორწმუნე მიშისტების“ გადაწყვეტილებებს და შესაძლოა, ეს გახდეს მიზეზი, რომ მელიას „კარისკენ მიუთითონ“

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხანია დაპირისპირებაზე მიდის საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთგვარი განხეთქილების მიზეზი დღეს უკვე ოპოზიციური კოალიციის, „ჩრდილოვანი კაბინეტის“ შექმნა გახდა. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება „ენმ“-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას „შედარებით კონსტრუქციული“ ნაბიჯები. აღნიშნავენ, რომ მელია „რადიკალ მიშისტებს“ პრაქტიკულად გაემიჯნა.

შესაბამისად, „ვეტერანი“ წევრებისთვის ნიკა მელიას მიდგომა და გადაწყვეტილებები, გარკვეულწილად, შესაძლოა, მიუღებელიც იყოს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მისი მომხრეები მოსალოდნელია პარტიას გამოეყონ და სულ სხვა მიმართულებით წავიდნენ. უფრო რადიკალურ სცენარს თუ განვიხილავთ, ნიკა მელიას „ვეტერანებმა“ შესაძლოა, უბრალოდ „კარისკენ მიუთითონ“.

აღსანიშნავია ერთი საინტერესო ფაქტიც: ანალიტიკოსთა ნაწილი 14 ოქტომბრის მასშტაბური და მრავალრიცხოვანი აქციის დასრულებას რევანშისტული სცენარით მოელოდა. ის რაოდენობა, რომელიც თბილისში, თავისუფლების მოედანზე ვიხილეთ, რეალურად, იძლეოდა იმის საფუძველს და გარკვეულ მოლოდინს, რომ სწორედ ცუდი სცენარით განვითარებულიყო მოვლენები. თუმცა, საპროტესტო აქციამ სულ სხვა მიმართულება მიიღო, - იგი მშვიდობიანად დასრულდა.

რაც შეეხება უშუალოდ „ჩრდილოვან კაბინეტს“, ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მეორე ტური და სწორედ, ეს გაერთიანება იყოს საშუალება იმისა, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი დარწმუნდეს, არჩევნების მეორე ტურზე მისვლას აზრი აქვს. ამასთან, რეალურად არსებობს შესაძლებლობა და რესურსი, რომ კოალიციური მთავრობა შედგეს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციის კოალიცია მნიშვნელოვნად ამაღლებს „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯს დასავლეთის თვალში და ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ სწორედ ეს გამხდარიყო ამ პარტიაში დაპირისპირების მიზეზი.

თუმცა, ამასთან აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობაში“ შესაძლოა გარკვეულ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდეს, რადგან, მისი თქმით, ნიკა მელიას ნაბიჯები არ ჰგავს „მართლმორწმუნე მიშისტების“ გადაწყვეტილებებს. ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, შესაძლოა, სწორედ, ეს გახდეს მიზეზი, რომ პარტიის ძველმა წევრებმა მელიას „კარისკენ მიუთითონ“.

„ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ ნიკანორ მელიას აქტივობა, პარტიაში ახალი სახეების შემოყვანა, ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობაზე კატეგორიული უარის თქმა და მსგავსი ნაბიჯები არ მოსწონებოდათ პარტიის ძველ წევრებს, რომლებიც უფრო ხისტ პოზიციაზე დგანან და მართლმორწმუნე მიშისტები არიან. თუმცა, ის ფაქტი, რომ ისინი უკმაყოფილონი არიან ამ კოალიციის შექმნით, მაინც მეეჭვება.

კოალიციის, თუნდაც ხელოვნურის შექმნით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადადგა ძლიერი ნაბიჯი, უპირველეს ყოვლისა იმ კუთხით, რომ დასავლეთის თვალში ქულები ჩაიწერა. ისინი დიდი ხანია ითხოვენ საქართველოსგან, რომ ერთპარტიულ მმართველობას წერტილი დაესვას და უფრო მრავალპარტიული დემოკრატიისკენ წავიდეს ქვეყანა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ კოალიციის შექმნით უპასუხა ამ რეკომენდაციას და მგონია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილშიც ცვლილების მოლოდინი გააჩინა. რატომ უნდა გაჩენილიყო ეს დაპირისპირების მიზეზი, როდესაც ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უნდა დაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ირგვლივ გაერთიანებულ პარტიებს მობილიზებაში, მათ შორის მერყევი ამომრჩევლის, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია?

„ნაციონალური მოძრაობა“ არის მკაცრად დისციპლინირებული და კონსოლიდირებული ორგანიზაცია. თუ ნიკანორ მელიამ შიდა პარტიული „წითელი ხაზები“ გადაკვეთა, არ არის გამორიცხული, რომ კარებისკენ მიუთითონ, ან შეუქმნან ისეთი მდგომარეობა, პარტიიდან თვითონ წავიდეს. არ გამოვრიცხავ, რომ პარტიაში იყოს დაპირისპირება ამის თაობაზე, მაგრამ წინასაარჩევნოდ მათ ნამდვილად არ აწყობთ ამის საჯაროდ გამოტანა და დემონსტრირება.

მათ უარი თქვეს რადიკალურ სცენარზე იმის გამო, რომ იციან დასავლეთის პოზიცია, რომელიც არ მიესალმება დესტაბილიზაციის მცდელობას საქართველოში. ამის შესახებ ძალიან მკაცრად უთხრეს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ყველაფერი უნდა მოხდეს მშვიდობიან ფარგლებში, მათ შორის პროტესტიც. ასე რომ, სიგნალი „ნაცმოძრაობას“ მიღებული აქვს. ეს სიგნალი მიიღო თავად სააკაშვილმაც, რომ ის, თუნდაც ციხეში მყოფი, არ გახდეს საქართველოში არეულობის ინსპირატორი.

ამიტომაც იყო, რომ 14 ოქტომბრის აქცია, რომელიც თავისი რაოდენობით იძლეოდა სტიმულს და ცდუნებას, რომ გადაეზარდათ უფრო პერმანენტულ აქციაში, შეიცვალა სცენარი. ეს გამოიწვევდა ძალიან ნეგატიურ რეაქციას დასავლეთში და ოპოზიცია დაკარგავდა იმ მცირე მხარდაჭერასაც, რომელიც მათ ჯერჯერობით აქვთ იქ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.