ნინო ქათამაძე პოლიტიკის მსხვერპლი ხდება. ასეთია ცნობა, რომელიც მომღერალთან დაახლოებულმა პირებმა კერძო საუბარში გაავრცელეს. მათი თქმით, ქათამაძეს სურს, თბილისში ცხოვრების ფაქტი ოფიციალურად გააფორმოს, მაგრამ ამისთვის ბათუმის საცხოვრებელი ფართიდან ამოწერა და თბილისში ჩაწერა ესაჭიროება. ამის საშუალებას კი თითქოს იქაური ადმინისტრაცია არ აძლევს. მეტიც, მომღერლის გადაწყვეტილებაზე ინფორმაციამ აჭარის ლიდერის ყურამდეც მიაღწია და ამბობენ, რომ სწორედ აბაშიძეა დაინტერესებული, როგორმე არ გამოუვიდეს ქათამაძეს ეს საქმე.
მუსიკოსი, რომელიც მხოლოდ ცოცხალ შესრულებასთან ასოცირდება, აქამდე მხოლოდ საპროდიუსერო კომპანიებთან დაკავშირებულ სკანდალებში ეხვეოდა. როცა ის „არტ-იმედს“ დაუპირისპირდა, თქვეს, რომ ნინო თავისუფლებისმოყვარე შემოქმედია და მისი თამამი განცხადებები მოიწონეს. მაგრამ მალე ის ახლად შექმნილ „მელოდია არტსაც“ დაუპირისპირდა. გაჩნდა ეჭვი - ხომ არ ექცა ეს ხმაურიანი განცხადებები ქათამაძეს ჩვევად? ბოლო დროს ის ძალიან პოპულარული გახდა, იქამდეც კი, რომ პოლიტიკოსები თავიანთ მიღებებზე პატიჟობენ. რამდენიმე წლის წინათ ამას ცოტა თუ წარმოიდგენდა.
მაშინ ნინო ქათამაძესა და მის ჯგუფს (“ინსაითი“) თბილისში მხოლოდ გადმოცემით იცნობდნენ. ის, ვინც ბათუმში ხშირად ისვენებდა, ანდა, უბრალოდ, ხშირად სტუმრობდა აჭარას, ყვებოდა, რომ იქ მშვენიერი მუსიკოსი გოგონა ცხოვრობდა, ასევე მშვენიერ ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად. მოგვიანებით ნინო თბილისშიც გაიცნეს. ნაკლებად ნიჭიერი ქართველი პოპვარსკვლავებისა და „პლუს ფონოგრამის“ ბუმის ფონზე ქათამაძეს ცოტა დააკლდა და ლამის ქართველ ჯენის ჯოპლინად იქცა.
ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის კარიერა 60-იან წლებში დაიწყო. ტეხასელი გოგონა თავიდან ბლუზსა და ქანთრის ასრულებდა. მოგვიანებით ის როკის შემსრულებელი ხდება. თუმცა კრიტიკოსებმა მას „ბლუზის საუკეთესო თეთრკანიანი შემსრულებელიც“ უწოდეს. მას მეამბოხეს ეძახდნენ, ის ლამის ღრიალებდა ხოლმე მიკროფონში, კონცერტებზე ცეკვავდა, თავს იქნევდა და სცენაზე დახტოდა. მისი ცხოვრების ბოჰემურ წესზე ლეგენდები დადიოდა. მთელ თავის ენერგიას სცენაზე ტოვებდა და მთლიანად იფიტებოდა.
გაშლილი, გაწეწილი თმითა და ჩაცმის სტილითაც კი ქათამაძე თითქოს საგანგებოდ ემსგავსებოდა ჯოპლინს. ნინოს ცალკეული ფრაზები, რომლებსაც მის ადრინდელ ინტერვიუებში ამოკიკითხავთ, თავისი ვირტუალურ-სევდიანი და ფილოსოფიური ქვეტექსტით ძალიან ჰგავს ამერიკელი მომღერლის უკვე ციტატებად ქცეულ გამონათქვამებს.
ქათამაძე ქართულ თანამედროვე მუსიკაში გამორჩეული ფიგურაა. არავინ დაობს მის პროფესიულ შესაძლებლობებზე. მაგრამ საქართველოში პოპულარობა მხოლოდ მსმენელის სიყვარული არ გახლავთ, აქ ყველაფერი პოლიტიკად იქცევა ხოლმე. მით უფრო, არჩევნების პერიოდში. მას შემდეგ, რაც ნინო ქათამაძე არც ერთ საპროდიუსერო კომპანიაში არ გაერთიანდა, ის თავის პროდიუსერთან ერთად მუშაობს და მალე ალბომსაც გამოსცემს. თუმცა მანამდე მისი ტრანსფორმაცია აშკარად თვალშისაცემი გახდა - ის სოციალურად გააქტიურდა, ებრძვის საპროდიუსერო კომპანიებს, თმის ვარცხნილობაც კი შეიცვალა, უფრო მოწესრიგებულად ჩაცმულ-დახურული ჩნდება სცენაზეც.
ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე გამოჩენა გახლდათ. თვალსა და ხელს შუა არამიწიერი მუსიკოსიდან აშკარად განსხვავებული ტიპის ადამიანს ვიღებთ, რომელსაც თავად ძველი ნინო ქათამაძეც კი არ ჰგავს და რომელსაც, როგორც ამბობენ, დღეს რაღაც ყოფითი ხასიათის პრობლემა აქვს - ერთი ქალაქიდან მეორეში გადაწერას „აღორძინების“ ლიდერი არ ანებებს.
ამ საკითხზე კომენტარი ნინოს პროდიუსერმა, ირაკლი ნადარეიშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, ნინო ალბომის პრეზენტაციამდე პრესისთვის კომენტარებისა და ინტერვიუების მიცემისგან თავს იკავებს. ნადარეიშვილის თქმით, ტყუილი და ჭორია ინფორმაცია, თითქოს ნინო ქათამაძეს მისამართის შეცვლის პრობლემა აქვს, ის მსგავსს არაფერს აპირებს, თანაც მომღერალი დიდი ხანია, ბათუმში არ ჩასულა.
ჩვენს კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა მისი გამოჩენა ნინო ბურჯანაძის ღონისძიებაზე „ბურჯანაძე-დემოკრატებისთვის“ მხარდაჭერის დაფიქსირებას, ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ ნინო იქ უბრალოდ დაპატიჟეს, თუმცა, როგორც მან მოგვიანებით განმარტა, არც ის არის გამორიცხული, რომ ახალი ალბომის პრეზენტაციაზე მომღერალი თავის პოლიტიკურ სიმპათიებს გაამჟღავნებს.