"მილუოკი ბაქსის" ქართველმა კალათბურთელმა NBA-ში პირველი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. მისი დებიუტი ჯერ კიდევ წინა ტურში შედგა, მაგრამ ამჯერად, "მაიამი ჰიტთან" მატჩში სანდრო შესანიშნავი იყო და ჯერჯერობით ცალსახად, კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში ჰქონდა.
სანდრომ პარკეტზე 27 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შესძინა. მან 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი არ დაუკარგავს.
"მილუოკის" 15 ქულა და 10 მოხსნა მოუტანა იანის ანტეტოკუნმპომ, გრეი ალენმა კი - 14. სწორედ მხოლოდ მათ ჰქონდათ "მილუოკიში" მამუკელაშვილზე შედეგიანი თამაში და ქართველი თავისი გუნდის რიგით მესამე მექულე გამოდგა.
რაც შეეხება თამაშს, "მაიამიმ" ძალიან იოლად, 137:95 მოიგო და 42 ქულით დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი, რაც ნიშნავს, რომ 1994 წლის შემდეგ, როცა "კლიპერსს" 43 ქულით აჯობა, ყველაზე დიდი სხვაობით დაამარცხა NBA-ს მოქმედი ტრიუმფატორი.
აქვე გეტყვით, რომ "მილუოკის" 2 ტურში 1 მოგება და 1 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 24 ოქტომბერს, ტეხასში, “სან ანტონიოსთან” გამართავს.