„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების წინ 13.5 მილიონი ლარი მიიღო

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების წინ 13.5 მილიონი ლარი მიიღო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს ახალ ანგარიშს  „პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2012 წელს“. ანგარიშში გაანალიზებულია იმ ცხრა პოლიტიკური გაერთიანების წლიური ფინანსური დეკლარაციები, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის ფარგლებში ხმების 1%-ზე მეტი მოაგროვეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია და ფაქტია გამოსაყოფი. კერძოდ, პოლიტიკური პარტიების შემოსავლები, პოლიტიკური პარტიების შემომწირველები, პოლიტიკური პარტიების ხარჯები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა, საკანონმდებლო პრობლემები, ფინანსური დეკლარაციების ფორმები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2012 წელს (აგვისტო-სექტემბრის გამოკლებით) საარჩევნო კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალმა ექვსმა პარტიამ საერთო ჯამში 4 მილიონ 607 ათასამდე ლარის შემოსავალი მიიღო; ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 13 მილიონ 434 ათასი ლარი; ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ - 961 ათასი ლარი; საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ კი - 337 ათასი ლარი. პოლიტიკური პარტიები შემოსავლის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაფინანსებისა და შემოწირულებების სახით იღებდნენ.

2012 წელს პოლიტიკური პარტიების შემომწირველები მხოლოდ ფიზიკური პირები იყვნენ, რადგანაც იურიდიული პირებისაგან შემოწირულებების მიღება კანონით აიკრძალა. მიუხედვად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელთ არსებულ მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 397, ქართული ოცნების 33 და სხვა პოლიტიკური გაერთიანებების 10-მდე შემომწირველს გარკვეული კავშირი აქვს ბიზნესთან. მაგალითად, სამშენებლო კომპანია „მოდერნ-ჰაუზი“, რომლის ორმა წარმომადგენელმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 117 000 ლარი შესწირა; ასევე, ვლადიმერ გურგენიძემ, რომელიც „ლიბერთი ჰოლდინგ ჯორჯიას” პარტნიორია და თემურ კოხოძემ, რომელიც „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანიების პარტნიორია, ყოფილ მმართველ გუნდს 60 - 60 ათასი ლარი შესწირეს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ამდენივე შესწირა ეკატერინე ჩხაბერიძემ, რომელიც „გუდვილის“ გენერალური დირექტორია.

როგორც მოგახსენეთ, ანგარიშში ხაზგასმულია სახელმწიფო აუდიტის საქმიანობაც და ნათქვამია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა პოლიტიკური ანგარიშსწორება უფრო იყო, ვიდრე პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და ხარჯვის მონიტორინგის განხორციელება. არაერთხელ დაფიქსირდა ამ ორგანოს მიკერძოებული, შერჩევითი მიდგომა, ზოგ შემთხვევაში კი იგი ყურადღებას არც აქცევდა მაშინდელი მმართველი გუნდის საქმიანობას. რაც შეეხება წლიური დეკლარაციების გადამოწმებას, მიუხედავად არაერთი ხარვეზისა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს ანგარიშებში ჰქონდათ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს რეაგირება დღემდე არ მოუხდენია. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ პარტიასთან „დაკავშირებულ პირად“ ცნობილი სუბიექტების, მათ შორის, ააიპ „საქართველო არ იყიდება“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, წლიური ანგარიშები  არ გამოაქვეყნა, რითაც კანონი დაირღვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განმარტებით, ის, რომ შემომწირველი ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაციაში რეგისტრაციის ადგილის მისამართის მითითება სავალდებულო აღარ არის, ხელს უშლის ფინანსურ გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.

ანგარიშში შეფასებულია ასევე კომპანია „თბილსერვის ჯგუფში“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დასაქმების საკითხი და ნათქვამია, რომ ეს არის სახელმწიფო ფინანსური რესურსების პოლიტიკური მიზნით გამოყენება და იმას მოწმობს, რომ პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებისგან გამიჯნულები არ არიან. მეორე მხრივ, სახელმწიფო ორგანოებისგან ან/და იურიდიული პირებისგან შემოწირულობების მიღება აკრძალულია, პარტიის მიზნებისთვის ხელფასების გაცემა კი სწორედ არაფულადი შემოწირულობაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ასკვნის, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს როგორც შემოწირულობის მიმღებ, ასევე განმახორციელებელ პირებს.

ანგარიშში პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა სიებიც და მათი ბიზნესთან დაკვშირიც არის მოცემული. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველთა სია, სადაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი რამდენიმე პირიც არის, თუმცა ასევე არიან ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. კარის ბიზნესმენებად ითვლებოდნენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. მაგალითად, სიაში არიან ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ლადო გურგენიძე („ლიბერთი ბანკი“) და პაატა კურტანიძე („ავერსის“ დამფუძნებელი), რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 60-60 ათასი ლარი შესწირეს. ამდენივე აქვს პარტიისთვის შეწირული ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს („ზარალა“), კახაბერ დამენიას (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე), გრიგოლ ლომიძეს („იბერულა“), გიორგი კანდელაკს (სპორტსმენთა კავშირი), ლევან ფხაკაძეს (“ვისოლ ჯგუფის” საქველმოქმედო ფონდი), თეიმურაზ უგულავას („ჯეობეთს“), ასევე ზაალ სადუნიშვილს („საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“). აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფიდან” კიდევ ორ პიროვნებას აქვს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხა გაღებული. ესენი არიან ნათელა თურნავა (35 000 ლარი) და კახაბერ ამაღლობელი (50 000 ლარი) და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობილი სახის, პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანია. ამიტომ ალბათ ადვილი მისახვედრია, რატომ მოხდა ამ კომპანიიდან ამხელა თანხების პარტიისთვის გადარიცხვა.  

აღსანიშნავია, რომ „ნაცმოძრაობის“ შემომწირველებს შორის არის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, რომელმაც პარტიას 50 000 ლარი შესწირა. ეს სწორედ ის ადვოკატია, რომლის მეშვეობითაც წინასაარჩევნო პერიოდში წინა ხელისუფლება და კონტროლის პალატა (ამჟამინდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახური) „ქართულ ოცნებას“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ებრძოდა. ამავე ოდენობის შეწირულობა აქვს გაკეთებული ვლადიმერ ბაკურაძეს (შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს), რომელიც არის კომპანიების „მედისონ“ „კლერიონ“, „poker.ge“ დამფუძნებელი. „მედისონ“ და „კლერიონ“ კი ის კომპანიებია, რომლებმაც გასულ წელს თბილისში პირველადი ჯანდაცვის რამდენიმე ობიექტი შეიძინეს, რაზეც ამ ობიექტების მედპერსონალს პროკურატურაში აქვს საჩვრები შეტანილი და დარღვევით გასხვისებული პოლიკლინიკების საკითხის შესწავლას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ 55 000 ლარი აქვს შეწირული ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კახა ბენდუქიძეს. სერიოზული შემოწირულობა აქვს გაკეთებული „ცენტრ პოინტი ჯგუფის სასტუმროებისა და კურორტების მმართველი კომპანიის“ წარმომადგენლებს, მამუკა წაქაძეს (40 000 ლარი) და ვასილ ძოწენიძეს (10 000 ლარი). 21 000 ლარი აქვს პარტიისთვის შეწირული ყოფილ პარლამენტარს, თამაზ გველუკაშვილს, 43 000 ლარი კომპანიის „სუპერგაზი იტალია“ წარმომადგენელს თენგიზ შოშიაშვილს.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეწირულობა გაუკეთებიათ კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებსს ნიკო გიგოლაშვილს (6 982 ლარი) და ლაშა დავითურს (8 000 ლარი). შეგახსენებთ, ეს ის კომპანიაა, რომელიც თბილისის მერიასთან აქტიურად თანამშრომლობს და რომლის საქმიანობასააც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება,“ სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პარალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშიდან ირკვევა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 2 500 ლარი აქვს შეწირული ორგანიზაციის „საქართველო არ იყიდება“ დამფუძნებელს, გიგა ნასარიძეს. აქვე გეტყვით, რომ ეს იმ ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებმაც ყოფილ მმართველ პარტიას თანხა შესწირეს. For.ge უბრალოდ შეეცადა ჩვენი მკითხველისთვის მეტნაკლებად ცნობილი სახეების და კომპანიების შესახებ წარმოედგინა ინფორმაცია. ალბათ არავის სჭირდება იმის შეხსენება, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესთან წინა ხელისუფლებას და რა მეთოდებით მართავდა იგი ბიზნესს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველთა შორის თითქმის ყველა სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები გვხვდებიან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, ნავთოპროდუქტების თუ სხვა პროდუქციის იმპორტიორები და მწარმოებლებიც.

For.ge დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტეს აღნიშნულმა პირებმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის შეწირვა და რამდენიმე მათგანთან დაკავშირებას ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. ერთადერთი, ვინც პარტიისთვის თანხის შეწირვა დაგვიდასტურა, ეს იყო „სილქროუდ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელმაც გვითხრა, რომ მათმა დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა (იგივე „ზარალამ“) პარტიას მართლაც შესწირა 60 000 ლარი, თავისი ნებით, როგორც ფიზიკურმა პირმა და ამაში უცნაური არაფერია. კომპანიებში „თეგეტა მოტორსი“ (თემურ კოხოძე), „ავერსი“ (პაატა კურტანიძე) და „ვისოლი“ (ლევან ფხაკაძე) ერთნაირი პასუხი გაგვცეს. აღმოჩნდა, რომ არც ერთი ეს პირი საქართველოში არ იმყოფება და მათთან დაკავშირება შეუძლებელია. მათ გარდა კი კომენტარს ვერავინ აკეთებს. „გუდვილის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გაგვიცხადა, რომ კომპანიის დირექტორები თათბირზე არიან და მათგან კომენტარის მიღება მთელი დღის განმავლობაში შეუძლებელი აღმოჩნდა.

სამაგიეროდ თანხის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადარიცხვა დაადასტურა ორგანიზაციის „საქართველო არ იყიდება“ დამფუძნებელმა, გიგა ნასარიძემ, რომელმაც განგვიცხადა, რომ ამ პარტიას ყოველთვის მხარს უჭერდა და ეხმარებოდა, რითაც შეეძლო.

„ამ პარტიას მხარს ვუჭერ მისი შექმნის დღიდან და ვეხმარები, რითაც შემიძლია და რაც კანონით არ არის აკრძალული. მგონია, რომ ეს პარტია საქართველოში ყველაზე სწორ პოლიტიკას აწარმოებს. სამწუხაროდ, ადრე არ მქონდა საშუალება, რომ პარტიას ფულით დავხმარებოდი და როცა გამომიჩნდა გარკვეული თანხა, მე „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს თანხა შევწირე“, - აცხადებს გიგა ნასარიძე.

ასევე ჩვენთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის შეწირვა დაადასტურა კახა დამენიამაც, რომელსაც 60 000 ლარი აქვს პარტიისთვის შეწირული.

„მე ამ პარტიის მხარდამჭერი ვიყავი. ჩემი ძმა დეპუტატობის კანდიდატი იყო და გადავწყვიტე, პარტიას ამ თანხით დავხმარებოდი“, - ამბობს კახა დამენია.

რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივია, რომ პარტიის მხარდამჭერები მას თანხას სწირავენ, მაგრამ ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა იმ ბიზნესმენებთან გასაუბრება, რომლებსაც რატომღაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ათეულობით ათასი ლარის შეწირვის სურვილი სწორედ წინასაარჩენო პერიოდში გაუჩნდათ, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ბიზნესმენებთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.