რესპუბლიკელების არგუმენტების მიუხედავად აღლუმი მაინც ჩატარდება

რესპუბლიკელების არგუმენტების მიუხედავად აღლუმი მაინც ჩატარდება

მიუხედავად იმისა, რომ კოალიციაში შემავალი რესპუბლიკელები აღლუმის გამართვის წინააღმდეგი არიან, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ 26 მაისი საზეიმოდ იქნება აღნიშნული. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ახლა აღლუმის ჩასატარებლად ფული არ აქვს. რეინტეგრაციის მინისტრი რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სამხედრო აღლუმის ჩატარება საბჭოთა კავშირის გადმონაშთია.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის ამ ტიპის დღესასწაული ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩატარდება თუ არა აღლუმი ეს კითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როდესაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ის არ თვლის საჭიროდ აღლუმის ჩატარებას. სამთავრობო კულუარებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმა რესპუბლიკელების პოზიცია გაახმოვანა.

ფაქტია, რომ აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით უმრავლესობაში განსხვავებული პოზიციები აქვთ. რესპუბლიკელები აღლუმის გამართვის წინააღმდეგი არიან, მაგრაგ აღლუმის გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს ვიცე-სპიკერი მამანა კობახიძე, რომლის თქმით, ეს იქნება სახალხო ზეიმი სამხედრო ელემენტებით.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები სახელმწიფოს სიამაყეა და ის სხვა დღეებთან ერთად 26 მაისსაც უნდა გამოვლინდეს.

„შეიარაღებული ძალები ქვეყნის ბურჯი და სიამაყეა, ამაზე მთელი სახელმწიფო დგას. შესაბამისად, ეს სიამაყე 26 მაისსაც უნდა გამოვლინდეს, თუმცა რა ფორმით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და მთავრობასაც არ გადაუწყვეტია. ამ ადამიანებს ქვეყნისთვის თავი უკვე განწირული აქვთ, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და ვიარსებოთ, როგორც ცივილურმა სახელმწიფომ. სამხედრო ძალები ყველა თვალსაზრისით, საამაყოა და მისი გამოვლინებაც უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, წელს 26 მაისი საზეიმოდ იქნება აღნიშნული.

„26 მაისი აუცილებლად კარგად, საზეიმოდ იქნება აღნიშნული და აუცილებლად იქნება სამხედრო კომპონენტები. ჩვენ სამზადისში ვართ, თუ როგორი 26 მაისი ექნება ჩვენს ქვეყანას დღეს. ეს იქნება განსხვავებული, შთამბეჭდავი და ლამაზი, მაგრამ დეტალებს არ გავამჟღავნებ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს პრეზიდენიტის განცხადებით, ხელისუფლებას აღლუმის ჩატარება ეთაკილება.

„დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ეთაკილება დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარება და ამას ღიად აცხადებს. პრაქტუკულად, ფეხქვეშ თელავს ჩვენი შეიარაღებული ძალების ღირსებას. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც თვლის, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც უნდა იყოს ეთნოგრაფიული ექსპონატი და მხოლოდ იმით უნდა ვიამაყოთ და მოვიწონოთ თავი, თუკი ცეკვა-თამაშში დაგვიკრავენ ტაშს“, - განაცხადა პოლონეთში მიხეილ სააკაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი თვლის, რომ 26 მაისის სამხედრო აღლუმი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის უთანხმოების პირველი შემთხვევა არ არის.

„ალასანიასა და პრემიერს შორის უთანხმოების სხვა რამდენიმე მაგალითიც ვიცით. აღლუმი ერთ-ერთი კარგად და ყველასათვის მისაღები ტრადიციაა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებშიც ჩამოყალიბდა. თუ ალასანია გულისხმობს იგივეს, აღლუმი სამხედრო კომპონენტებით, მაშინ ბატონი ალასანია ადეკვატურია ვითარებისა, პრემიერის პოზიცია კი ცალსახად ნეგატიური იყო ამის მიმართ“, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სამხედრო აღლუმის ჩატარება საბჭოთა კავშირის გადმონაშთია.

„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ სამხედრო აღლუმი არის საბჭოთა გადმონაშთი. არც ერთი ქვეყანა მსგავს აღლუმს არ ატარებს, გამონაკლისია მხოლოდ საფრანგეთი, ფრანგები ატარებენ დემონსტრაციას, რა დროსაც მთელი ქვეყანა გარეთ გამოდის, მაგრამ იქ არიან მეხანძრეები, ექიმები და ა.შ. სამხედრო აღლუმი მხოლოდ რუსეთში ტარდება, რადგან შეიარაღებული ძალების დემონსტრირებაა და მეტი არაფერი“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

საპარალამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს: „საქართველოს არც ადრე და არც ახლა აღლუმის ჩასატარებლად დასახარჯი ფული არ აქვს“.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის ამ ტიპის დღესასწაული ყველაზე მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, არის ქვეყნები, სადაც ანალოგიური დღესასწაული სამხედრო კომპონენტის გარეშე ტარდება. ამავე დროს არის ქვეყნები, სადაც მსგავსი ღონისძიება ტარდება ხაზგასმით სამხედრო კომპონენტის მონაწილეობით.

საყვარელიძის განცხადებით, ეს არ არის იმდენად საშიშროება, რადგან ეს უფრო ქვეყნის სულისკვეთების აქციაა. როგორც საყვარელიძე ამბობს, სამხედრო აღლუმი არის ერთ-ერთი ის კომპონენტი, რომელიც ქვეყნის ორიენტაციის სიმბოლოა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაში ქვეყნის პირველი პირი ჩართული უნდა იყოს. მსგავსი საკითხების გათვალისწინებით, ალბათ, ეს ორი პიროვნება - მთავრობის მეთაური და სახელმწიფოს მეთაური უნდა შეთანხმდნენ რაიმე სახის პოზიციებზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ საკითხზე შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს და რა შედეგს გამოიღებს, ეს სამომავლო საქმეა.

გააჩნია იმ კომკრეტულ მომენტში, რა მნიშვნელობა ექნება სამხედრო ძალის დემონსტრირებას, რა შინაარს ჩადებს აღლუმში ქვეყნის ხელისუფალი. თუ აჩვენებ იმას, რომ ვინმეს ძალა უნდა ვაჩვენოთ, კუნთები, მაშინ სამაგისო სიტუაცია არ გვაქვს და არც პოლიტიკა არ გავქვს სამაგისო,“ - ამბობს პოლოტოლოგი და აქვე დასძენს, რომ გასულ წლებში, საქართველოს ჰქონია ისეთი ეტაპები, როდესაც აღლუმი მართლაც დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იყო წარმოდგენილი.