„სახელმწიფო გავაუქმოთ, რადგან მათი მზე, დავით აღმაშენებელი, ფარნავაზი შიმშილობს? ახლა მეფე მირიანიც გახდა, ახალ ქრისტიანობას გვთავაზობს - ეს არის ტვინდემიური მიშიზმი“

„სახელმწიფო გავაუქმოთ, რადგან მათი მზე, დავით აღმაშენებელი, ფარნავაზი შიმშილობს? ახლა მეფე მირიანიც გახდა, ახალ ქრისტიანობას გვთავაზობს - ეს არის ტვინდემიური მიშიზმი“

„ნაციონალები მოითხოვენ, ციხიდან გამოუშვან სააკაშვილი - მათი მზე, დავით აღმაშენებელი, ფარნავაზი, რადგან ის შიმშილობს. პეტრე, მელქისედეკი და ცალკეული მიტროპოლიტები ხომ მიემხრნენ მიშას, არაჩვეულებრივი სახელები კი დაირქვეს ამ მიტროპოლიტებმა, მაგრამ ესენი არიან მიშიზმისა და ქრისტიანობის შემტყუპებლები, გამყრელიძემ რომ თქვა, ტვინდემიაო. ეს არის ტვინდემიური მიშიზმი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.

ნაცების ერთი ნაწილისთვის მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელია, მეორე ნაწილისთვის - დიმიტრი ყიფიანი, არიან ისეთი ნაცებიც, რომლებიც სააკაშვილის გამოსახულებიანი მაისურით დადიან, რევოლუციონერ ჩე გევარას ანალოგიით. რას ნიშნავს სააკაშვილის შედარება ქართველ წმინდანებთან და რა ნიშნით შეიძლება მივამსგავსოთ ის დავით აღმაშენებელს, ან დიმიტრი ყიფიანს, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა?

- „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არ არის სრულ ჭკუაზე თავის მეთაურიდან დაწყებული რიგით წევრამდე დამთავრებული, ეს ახალი ამბავი არ არის. იმ ადამიანების ადეკვატურობის ხარისხი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილში დავით აღმაშენებელს ხედავენ, დაბალია. პრობლემა ის არის, რომ ისინი არაადეკვატურობასთან ერთად აგრესიულებიც არიან. თუ ხელისუფლებაში მოვიდა ასეთი ტიპის ხალხი, შედეგი მარტივად პროგნოზირებადია. დავით აღმაშენებელი არა მარტო წმინდანად შერაცხა საქართველოს ეკლესიამ, არამედ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავარსარდალი ისტორიაში, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია, მოიგო ისეთი ეპიკური ბრძოლა, როგორიცაა დიდგორი. დიდგორის ბრძოლის წინ მას ისტორიკოსები ახასიათებდნენ შემდეგი სიტყვებით, „ხოლო დავითმან, უშიშმან, ვითარცა უხორცომ და ყოვლად უძრავმა გულითა“. დაუვიწყარია, როგორ განაწყო მან ჯარი ბრძოლის წინ. დავითმა ყველანი მოიზიდა თავის ქვეყანაში და ისე შექმნა სახელმწიფო.

დავით აღმაშენებელი ყველაფერს ქრისტეს სახელით აკეთებდა, დიდგორის ბრძოლა ახსენეთ და ამ ბრძოლის წინ ქრისტიანულად გაამხნევა ლაშქარი, უკან დასახევი გზა მოუჭრა, „ეჰა, მეომარნო ქრისტესნო, თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ“... რაც სააკაშვილმა გააკეთა, რამდენად ჯდება იმაში, რასაც ქრისტიანული გზა ჰქვია?

- მისი შედარება დავით აღმაშენებელთან სასაცილოა. დავითი იყო მეფე, უდიდესი მთავარსარდალი, მეომარი, სახელმწიფოს აღმშენებელი, თითქმის დანგრეული სახელმწიფო ჩაიბარა. მისი ისტორიკოსი იხსენებს, ნაჭარმაგევის სასახლიდან გამოსვლას როცა აპირებდნენ, გარეთ მზვერავებს აგზავნიდნენ, რომ მტრები არ გადაჰყროდნენ. ასეთი საქართველო ჩაიბარა და დატოვა იმპერია-ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არაგაწამდე. სააკაშვილი როგორი მთავარსარდალიც იყო, ყველამ ვიხილეთ, როგორი „უშიში, ვითარცა უხორცო“ იყო, ესეც ვიხილეთ. მან დატოვა დაპატარავებული საქართველო, გადაცემული რუსეთზე, საერთოდ, სტრატეგიული ობიექტების ცნება გააუქმა და იმ რუსეთს გადასცა სტრატეგიული ობიექტები, რომელსაც ვითომ ებრძოდა. სხვათა შორის, დავით აღმაშენებელთან დაკავშირებული ისტორიული რემინისცენციებით არ შეჩერებულან ნაცები, დემეტრე თავდადებულსაც შეადარეს სააკაშვილი, დამფუძნებელია საქართველოს სახელმწიფოსიო და შემდეგ ფარნავაზს შეადარეს, შემდეგ მეფე მირიანს, დიმიტრი ყიფიანს. ეს ხალხი საერთოდ გასაკოჭია. ბედავენ და ცდილობენ, წმინდანებს დაუკავშირონ ის, ვინც წმინდანთა ანტიპოდია. აქ საქმე გვაქვს მასშტაბურ შიზოფრენიასთან, რაც ახასიათებთ ტოტალიტარულ სექტებს. ასეთი სექტების უამრავი მაგალითია, მათ შორის, „ამომავალი მზის სექტა“, სხვა სექტები, რომლებმაც თვითმკვლელობით დაამთავრეს. ტოტალიტარული სექტებისთვის აუცილებელია, ჰყავდეთ ცოცხალი ღვთაება, ასეთად გაიხადეს სააკაშვილი. აქ მარტო სააკაშვილზე არაა საუბარი, არამედ ხალხის განწყობაზე, რომლებსაც არქაული დარღვევა აქვთ ფსიქიკაში და მუდმივად საჭიროებენ კერპის შექმნას. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ყოველთვის პრობლემა იყო და ახლა საერთოდ პიკს მიაღწია. 500, თუ 600 ათასი ამომრჩეველი ჰყავთ, მათი ნაწილი აგრესიულია, რომელიც ღია მიშიზმშია გადავარდნილი, მეორე ნაწილია კრიპტომიშისტები, რომლებიც ფარულად არიან შემძვრალნი სახელმწიფო დაწესებულებებში და იქიდან ეთაყვანებიან მიშას, ფარულად აძლევენ ნაცებს ხმას, ცდილობენ, ყველას ყველაფერი გაუფუჭონ, ვინც მათ ლიდერთან დაპირისპირებაშია.

თქვენ სექტა ახსენეთ, ისტორიულად ქართველი ერი არასდროს ყოფილა სექტანტი, რადგან ყოველთვის შეეძლო ბოროტისა და კეთილის გარჩევა. ფილოსოფიურად რომ შევხედოთ ამ მოვლენას, ბოროტება ვერ იარსებებდა, რომ არ ჰყავდეს მიმდევრები. სააკაშვილის მხარდასაჭერად ამდენი ადამიანი გამოვიდა თავისუფლების მოედანზე. ნუთუ ეს ის ერია, რომელმაც დაწერა „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“? „იქნება, ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა“?! გირგვლიანის დედა მაინც არ ახსოვთ? მხოლოდ სააკაშვილის დროინდელი ფინანსური ინტერესია ამ სექტის მამოძრავებელი?

- ქართველი ერი როდის და რომელ საუკუნეში როგორი იყო, ამას ვრცელი საუბარი სჭირდება. კეთილიც ბევრია ქართველებში და ბოროტიც, არის ეპოქები, როდესაც ბოროტი აჭარბებს მიზეზთა გამო. გავიხსენოთ გვიანი შუა საუკუნეები და ყველაფერი ნათელი იქნება. მაშინაც არ იყო ნაკლები ბოროტება. ბევრ სხვა ერსაც აქვს არანაკლებ სამარცხვინო ფურცლები. ჩვენც გვჭირს ასეთი რამ, თანაც მძიმე ფორმებით, ერთ-ერთია „იზმები“, კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც იმის მიუხედავად, ვინ არის თაყვანისცემის ობიექტი, ყოველთვის იწვევს ადამიანის გონების დაჩლუნგებას. ფინანსური ინტერესი ახსენეთ, ყველა ნაცი არ იყო ფინანსურად ძლიერად, მაგრამ მაინც თაყვანს სცემდნენ მიშას. ახლაც ბევრია ისეთი, ვისაც ფულიც აქვს, შეძლებაც და მაინც მიშაზე აფანატებს. ბევრი კიდევ ისეთიც ვიცი, ვისაც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ყველაფერი წაართვა, ციხეში შეაგდო, გამოვიდა ციხიდან და კვლავ მიშისტად გვევლინება. დარწმუნებული ვარ, რომ მობრუნდეს მიშა, კვლავ დაიჭერენ ასეთებს. დააკვირდით მათ ლექსიკას, გამომეტყველებას, საშუალება რომ მისცენ, ვინც მათნაირად არ ფიქრობს, ყველას დახოცავდნენ, რადგან გადაქცეულნი არიან ბოროტ ზომბებად. ის მიტინგი რომ იყო თავისუფლების მოედანზე, დაითვალეს ტევადობა და უთხრეს, ამდენი მომიტინგე იყოო, ნაცებმა კი დაიწყეს იმის მტკიცება, გინდა თუ არა, 100 ათასი იყოო, ზოგი 60 ათასს იძახის.

სააკაშვილის შიმშილობა შეიძლება გახდეს იმის საწინდარი, რომ მოშიმშილეებისთვის „კანონი შეცვალონ“?

- არ ვიცი, რას ჭამს, ისე, თაფლსა და წვენებზეა საუბარი, მართალი გითხრათ, თუ არ ჭამს, ნუ ჭამს. რას გვთავაზობენ შიმშილობის სანაცვლოდ? ადამიანმა ფარულად გადმოლახა საზღვარი, არის მსჯავრდებული და ესენი ითხოვენ, სასწრაფოდ გამოუშვან, რადგან შიმშილობს. ასე ყველას შეუძლია, მოკლას კაცი, იშიმშილოს და გამოუშვან შიმშილის გამო. ეს ნიშნავს, სახელმწიფო გავაუქმოთ, რადგან სააკაშვილი - მათი მზე, დავით აღმაშენებელი, ფარნავაზი შიმშილობს. ახლა მეფე მირიანიც გახდა, ახალ ქრისტიანობას გვთავაზობს. პეტრე, მელქისედეკი და ცალკეული მიტროპოლიტები ხომ მიემხრნენ მიშას, არაჩვეულებრივი სახელები კი დაირქვეს ამ მიტროპოლიტებმა, მაგრამ ესენი არიან მიშიზმისა და ქრისტიანობის შემტყუპებლები, დამტყუპებლები, გამყრელიძემ რომ თქვა, ტვინდემია. ეს არის ტვინდემიური მიშიზმი, ახლებური ქრისტიანობის დამამკვიდრებელი.