ეკონომიკას და მოსახლეობას შეზღუდვებისთვის ამზადებენ

ეკონომიკას და მოსახლეობას შეზღუდვებისთვის ამზადებენ

როგორც ჩანს, ეკონომიკა მორიგ შეზღუდვებს ვერ გადაურჩება.  ექიმები ამტკიცებენ, რომ მეხუთე ტალღა უკვე დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ასევე ხმაშეწყობილად საუბრობდნენ, რომ რამდენიმე თვე ინფიცირების გააქტიურება მოსალოდნელი არ იყო. სულ რაღაც ათიოდ დღეში კი ვირუსი ისე მოძლიერდა, რომ სამედიცინო სექტორი უკვე შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. ეს კი ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის გამანადგურებელი დარტყმა იქნება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო, პრაქტიკულად, ადასტურებს, რომ არავაქცინირებულთათვის შეზღუდვები დაწესდება.  მისი აზრით, რეგულაცია უნდა იყოს სელექციური და უპირატესობა ვაქცინირებულებს მიენიჭოთ. საჭირო იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული და რისკ ჯგუფების ნიშნით სავალდებულო აცრისთვის.

„პანდემიური ტალღა იქნება მეხუთე, მეშვიდე თუ მეთორმეტე, ამის თვლას უბრალოდ აზრი აღარ აქვს. ყველამ უნდა გამოვყოთ ის რესურსი, რაც შეგვიძლია - ქუჩაში ქადაგად დავეცეთ და ყველას ვთხოვოთ, რომ პირბადე ატარონ სწორად და არა ნიკაპზე. ნიღაბი იცავს ინფიცირებისგან და რისკებს ამცირებს.

უნდა დაიწყოს სელექციური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და რაც არ უნდა დისკრიმინაციულად ჟღერდეს - უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს. თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ იქონია, საჭირო იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული ნიშნით და რისკ ჯგუფების სავალდებულო აცრისთვის“, - განაცხადა სერგეენკომ.

მოსალოდნელ შეზღუდვებზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდეს, თუ კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებური ზრდის შემთხვევები კიდევ დაფიქსრიდება. მისი შემაკავებელი კი მხოლოდ აცრაა.

„შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს, ამას მოჰყვება, თავისთავად აქტიური შემთხვევების ზრდა, გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის და ყველა ის თანმდევი მოვლენები, რაც ახასიათებს ეპიდვითარების გაუარესებას. ამიტომ, აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსიფიცირება“, - განაცხადა გამყრელიძემ, რომლის შეფასებითაც, ვაქცინაციის პროცესი თუ არ გააქტიურდება, ქვეყანას რთული მეხუთე ტალღა ელის.

კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ეკონომიკის შეზღუდვის საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას, მაგრამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იმასაც აღიარებენ, დღევანდელი კოვიდვითარება როგორც თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესისთვის საგანგაშოდ მიიჩნევა.

„ვაქცინაციის ტემპის ვარდნას თან დაერთო ახალი ტალღის დაწყება, რომელმაც საკმაოდ მაღალი ნიშნულებიდან აიღო სტარტი, რაც მეტად საგანგაშოა, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნების მხრივ, ასევე ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისთვის. მიგვაჩნია, რომ საჭიროა მთელი ქვეყნის მობილიზაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ის სავალალო შედეგები, რომლის წინაშეც შესაძლოა დავდგეთ უმოკლეს დროში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბიზნეს სექტორს და მასში დასაქმებულ ადამიანებს ვაქცინაციისკენ, ვინაიდან ეს არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ერთმანეთის თანადგომა და სოლიდარობა, რადგან საფრთხის წინაშეა არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკა, არამედ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და მათი მომავალი.

დღეს, ჩვენ არ გვაქვს უფლება გამოვიჩინოთ უპასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ და უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე, ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას, მათ განათლებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას. აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა და ჩავერთოთ ამ კამპანიაში, რომელიც არის ცალსახად, ერთადერთი გზა პანდემიის დასრულებისა“, - აღიშნეს ბიზნეს ასოციაციაში.