ზამთრის ტურიზმის გადარჩენის უკვე მხოლოდ მთავრობაში სჯერათ

ზამთრის ტურიზმის გადარჩენის უკვე მხოლოდ მთავრობაში სჯერათ

ჯანდაცვის სპეციალისტებმა უკვე დაადასტურეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დაიწყო. ბოლო ერთი კვირაა ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელი და პარალელურად შემცირდა ვაქცინაციის ტემპი. ეს ყველაფერი მოახლოებულ ზამთრის ტურისტულ სეზონს აქედანვე უთხრის ძირს.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ თეთრი ტურისტული სეზონის ჩატარებაში ხელი არ შეეშლებათ. ჯერჯერობით მთავრობა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედევად, რეგულაციების გამკაცრებას არ აპირებს, რადგან მთავარი იარაღი ამ პროცესის სამართავად ვაქცინაციაა.

„რეგულაციების გამკაცრება ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან ჩვენი მთავარი მიმართულება დაჩქარებული ვაქცინაციაა და ვაქცინაციის წარმატებასა და ტემპის გაზრდაა. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მიუხედავად პანდემიისა, მოვახერხეთ და საკმაოდ წარმატებით ჩავატარეთ ზაფხულის სეზონი. დიდი იმედი მაქვს, ზამთრის ტურისტული სეზონის ჩატარებაში ხელი არ შეგვეშლება. მთავარი აქ ვაქცინაცია იქნება.

ვაკონტროლებთ, რომ ჩამოსული სტუმრები - ტურისტები ვაქცინირებულები იყვნენ და პისიარ ტესტებს ვთხოვთ. ასეთი კონტროლის მექანიზმების თანხლებით, ალბათ, შესაძლებელი იქნება ჩავატაროთ ზამთრის სეზონი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფიცირების რაოდენობის ზრდისა და ეპიდვითარების დამძიმების გათვალისწინებით, ზამთრის კურორტებზე არსებული სასტუმროები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თუ არ დასტაბილურდა, ტურისტები საქართველოში შემოსვლისგან თავს შეიკავებენ, ეს კი მათ შემოსავლების ძირითად ნაწილს დააკარგვინებს.

„ინფიცირების მაჩვენებელმა თუ ზრდა განაგრძო, ძალიან შემცირდება ტურისტების რაოდენობა. ალბათ, გადავალთ ისევ ინდივიდუალურ ჯავშნებზე. ეს კი ის ტურისტები იქნებიან, რომლებსაც პანდემიის და მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც უნდათ საქართველოში მოგზაურობა.

ამ შემთხვევაში, ალბათ, მოგვიწევს ადგილობრივ ბაზარზე მუშაობა, რაც სავარაუდოდ, შემოსავლებს 70%-ით შეგვიმცირებს, ვინაიდან შემოსავლის დიდი ნაწილი ზამთრის სეზონზე სწორედ უცხოელ დამსვენებელზე მოდის“, - განუცხადა „ბიემს“ სასტუმრო „გისტოლას“ მმართველმა მაია მურაჩაშვილმა.

ზამთრის კურორტებზე მომუშავე ბიზნესების ნაწილი კი მთავრობას ვაქცინაციის ტემპის გაძლიერებისა და აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს. „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავრობა ამ ნაბიჯს სანამ არ გადადგამს, ინფიცირების მაჩვენებელთან ერთად, მზარდი იქნება სიკვდილიანობაც. ზამთრის სეზონი მოდის, საქართველოს კურორტებზე არსებული სასტუმროები და რესტორნები კი ინფიცირების მაჩვენებლის ფონზე შესაძლო ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს.

„ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ზამთრის კურორტებს აუცრელი მოქალაქეებისთვის დავხურავდი, ასევე რესტორნებს და სასტუმროებსაც. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში. იმ ხალხს, ვინც არ იცრება, იმდენად ხშირად სთხოვენ ტესტირებას, რომ საბოლოოდ ურჩევნიათ, აიცრან.

შეზღუდვები აუცილებლად უნდა ამოქმედდეს აუცრელი ადამიანების მიმართ. ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, რომ პანდემია დასრულდეს და მსოფლიო დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას. ეს უკვე ხდება ევროპულ ქვეყნებშიც, მაგალითად, ესპანეთში“, - აღნიშნა „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა.