„მახსოვს, 20 წლის წინანდელი განცხადება და „ჩიტების პროგრამა“, რითაც დაიწყო ქართული არმიის წვრთნა და ამიტომ ოპტიმისტურად ვუყურებ ბატონი ოსტინის ვიზიტს“

„მახსოვს, 20 წლის წინანდელი განცხადება და „ჩიტების პროგრამა“, რითაც დაიწყო ქართული არმიის წვრთნა და ამიტომ ოპტიმისტურად ვუყურებ ბატონი ოსტინის ვიზიტს“

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ევროპული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ეწვია. პენტაგონის უმაღლესი პირის ვიზიტს საქართველოში მნიშვნელოვანს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ლოიდ ოსტინი შესაძლოა კონკრეტული გზავნილებით იყოს ჩამოსული, რაც ერთი მხრივ, ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს გაუსვამს ხაზს.

თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ აშშ საქართველოსთვის მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში დახმარების გაწევის ერთგულია.

„ვხედავთ და ველით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება“, - აღნიშნა მან საქართველოში ყოფნისას, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ლოიდ ოსტინის თქმით, საქართველო აგრძელებს პროგრესს თავდაცვის სფეროში და აშშ მხარს უჭერს მას დემოკრატიული განვითარების გზაზე.

„საქართველო აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმის სფეროში. დღეს შესანიშნავ ლიდერებთან გვქონდა შეხვედრა. გვქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ გვესაუბრა მათთან, განგვეხილა მთელი რიგი სფეროები, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ახლა ხელი მოვაწერეთ, დაგვეხმარება, რომ წვლილი შევიტანოთ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებაში, დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში. ასევე იმაში, რომ საქართველომ უკეთ შეძლოს თავის დაცვა და აგრესიის შეკავება.

რაც შეეხება მხარდაჭერას, აშშ მუდმივად, დამოუკიდებლობის დღიდან უჭერდა მხარს დემოკრატიის გზაზე მის ძალისხმევას. ვხედავთ და ველით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება“,- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

საქართველოს საგარეო საქმე და ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან აცხადებს, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტი გარკვეულწილად დამაიმედებელია და  მნიშველოვანია, რომ ამერიკა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს აქტიურად უჭერს მხარს:

„ის განცხადებები, რომელიც ბატონმა ოსტინმა გააკეთა ვიზიტის წინ, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. იგი აქტიური მხარდამჭერია რეგიონის ქვეყნების, კერძოდ საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფების. ამერიკა მზად არის ყველაფერი გააკეთოს საქართველოს თავდაცვის უნარების გასაძლიერებლად, რაც ასევე ძალიან მნიშველოვანი განცხადებაა.

ბრტყელ პოლიტიკურ განცხადებებს ნაკლებად აკეთებენ, უფრო პრაქტიკულნი და პრაგმატულნი არიან. იმედი მაქვს, რომ ამის უკან რაღაც შეთავაზებებიც დგას.

მახსოვს 20 წლის წინანდელი კონტაქტი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის და პრეზიდენტ ბუშის ვაშინგტონში, როდესაც საქართველოსთვის პირველად დადგა საკითხი სამხედრო სფეროში ამერიკის მიერ დახმარების გაწევის შესახებ. მაშინაც განცხადება იყო, მაგრამ ხელათვე ტრანსფორმირდა „ჩიტების პროგრამა“, რომელიც არის წვრთისა და აღჭურვის პროგრამა, - ამით დაიწყო ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ ქართული არმიის წვრთნა და ისეთი ფორმის მიცემა, როგორიც დღეს აქვს. ამიტომ, მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ბატონი ოსტინის ვიზიტს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი საგარეო საკითხებში ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ უშუალოდ ლოიდ ოსტინის ვიზიტი მნიშველოვანია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება:

„ნატოს ფარგლებში, ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებას ალიანსში, საბოლოოდ იღებს შუა ატლანტიკური საბჭო, რომელშიც ნატოს თითოეული წევრი სახელმწიფო მონაწილეობს და გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღება, მათ შორის საქართველოსთვის მაპის მინიჭების-არმინიჭებისა და ალიანსში გაწევრიანება-არგაწევრიანების საკითხიც. თუმცა, მეორე მხრივ, მნიშველოვანია საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობა სამხედრო სფეროში.

არსებობს ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროგრამები სამხედრო სფეროში. სასურველი იქნებოდა, თუმცა, ჯერ არ დგას დღის წესრიგში, საქართველოში განთავსდეს ამერიკული სამხედრო ობიექტი, ეს გარკვეულწილად, კომპენსაციას მოახდენდა, რომ საქართველო ჯერჯერობით ვერ წევრიანდება ნატოში. აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტი მისასალმებელი და მნიშველოვანია, - თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს, თუმცა, ეს არ გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება“, - განაცხადა For.ge-სთან ნიკა ჩიტაძემ.

ლოიდ ოსტინი საქართველოში ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა, რის შემდეგაც ის უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა, ხოლო ვიზიტის დასასრულს ბრიუსელში, ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.