რატომ ეშინიათ ირაკლი ალასანიასი?

რატომ ეშინიათ ირაკლი ალასანიასი?

ეს თუ უბრალო დამთხვევაა, მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ფაქტია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ირაკლი ალასანიას მიერ მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების მეორე დღესვე თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა მიზანშეუწონლად მიიჩნია. ამ ეჭვს ისიც ემატება, რომ ეს საკითხი გუშინ სესიაზე აკაკი ბობოხიძემ გაახმოვანა. ბოლო დროს კი სწორედ იგი ახმოვანებს იმ ინიციატივებს, რისი გაკეთებაც პრეზიდენტს სურს.

ამჯერად კი ყურადღების ცენტრში მერის პირდაპირი წესით არჩევნების საკითხია.

ბობოხიძის განცხადებით, თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნები მომავალში ბევრ პრობლემას შექმნის და ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხს დაუბრუნდეს და გადაისინჯოს, ღირს თუ არა თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა.

„ოპოზიციის ის წარმომადგენლები, ვინც მერის პირდაპირი წესით არჩევას ითხოვენ, არათანამიმდევრულნი არიან, როდესაც ერთი მხრივ, ამ მოთხოვნას აყენებენ და მეორე მხრივ, აცხადებენ, რომ ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი არ სჭირდება. ამასთან, ის პოლიტიკოსები, რომლებმაც მერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს, ამ თანამდებობას საპრეზიდენტო ტრამპლინად მიიჩნევენ და ასეთმა დამოკიდებულებამ მომავალში პრობლემები რომ არ შეგვიქმნას, უმჯობესია დავუბრუნდეთ ამ საკითხს და კარგად განვიხილოთ, არის თუ არა საჭირო მერის პირდაპირი არჩევნები", - განაცხადა ბობოხიძემ.

უმრავლესობის მხრიდან ამ ინიციატივის პირდაპირ და ღიად მხარდაჭერა არ დაფიქსირებულა. თუმცა მათი დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი მერის პირდაპირი წესით არჩევის პრინციპს არ ეთანხმებიან. მაგრამ, როგორც აღნიშნავენ, ეს შეთანხმების საგანი უნდა გახდეს“.

ასეთი განცხადება გუშინ სესიაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა. სხვათა შორის, წლების განმავლობაში საარჩევნო საკითხებს სწორედ იგი კურირებს და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მის სახელს უკავშირდება.

ახლაც იმას აცხადებს, რომ პირდად მას და უმრავლესობის სხვა წევრებსაც თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები არ მოსწონთ.

"მე პირადად არა ვარ მომხრე პირდაპირი არჩევნების არა იმიტომ, რომ გვეშინია, არამედ იმიტომ, რომ თავად მოდელი საკმაოდ გაუმართავია“. - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მან ისიც აღნიშნა, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის როგორც არაპირდაპირი წესით არჩეული მერი, ისე პირდაპირი წესით არჩეული.

საინტერესო კი ის არის, რომ იგი ამ თემაზე ოპოზიციას დისკუსიას სთავაზობს.

„ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის, ვისაუბროთ, ჩვენ ჩვენს არგუმენტებს წამოვაყენებთ, თქვენ თქვენი მოგვახსენეთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის თვითმმართველობა“. - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მართალია, მან დისკუსიის შესახებ შეთავაზება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მერის პირდაპირი წესით არჩევას თბილისის გარდა კიდევ ოთხ ქალაქში - ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში ითხოვს. მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება უკვე ამ თემაზე დისკუსიის გამართვას აპირებს. თანაც გასათვალისწინებელია ის, რომ თბილისში მერის პირდაპირი წესით არჩევნების საკითხი ჯერ მხოლოდ ზეპირი შეთანხმების შედეგია და კანონში სათანადო ცვლილება არ ასახულა და როდის აისახება, არავინ იცის.

ამასთან, უმრავლესობის წევრები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში მერი თვითმმართველობის მიერ ირჩევა და პირდაპირი წესით არჩეულმა მერმა, შესაძლოა, არც კი გაამართლოს.

„თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის საკითხი იყო პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობის გამონახვისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი. ეს იყო ამ თანხმობისთვის გადახდილი ხარკი, რაც, შეიძლება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ქალაქური პოლიტიკის განსაზღვრა. იმიტომ, რომ თუ არ არის პოლიტიკურ წრეებს შორის თანხმობა, ეს არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფუძველი.

მაგრამ გაღებული ხარკი არის საკმაოდ მტკივნეული, რადგან ბევრი ქალაქის გამოცდილება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სჯობს, მერი იყოს ქალაქის საკრებულოდან არჩეული. ასე რომ, ვნახოთ, შეიძლება პოლიტიკური შეთანხმება გადაიხედოს, მაგრამ აქ მთავარი მაინც პოლიტიკური შეთანხმებაა. მე არ მიღირს ამ პრინციპული იდეის გადახედვა იმად, რომ ამას მოჰყვეს ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური სივრციდან გასვლა. თორემ ისე არ მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს". - აცხადებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი.

ოპოზიცია კი თავს, ერთი მხრივ, იმით იმშვიდებს, რომ ეს პოლიტიკური შეთანხმების საგანია და მეორე მხრივ იმით, რომ ხელისუფლებას უფრო მეტად თავად აწყობს მერი პირდაპირი წესით იქნას არჩეული.

„რადგან უგულავამ ეს გააჟღერა, როგორც ჩანს, ეს იყო შეთანხმებული სააკაშვილთან, რადგანაც "ნაციონალები" ფიქრობენ, რომ მათთვის სწორედაც რომ არჩეული მერი არის საჭირო და არა საკრებულოს მიერ დანიშნული. გეტყვით, სავარაუდოდ, რატომ აკეთებენ ამას. ძალიან დიდი შანსია, რომ საკრებულო 37-ის ნაცვლად გახდეს 25 კაციანი. თუ ეს ასე იქნება, მაშინ, სავარაუდოდ, ოპოზიციას პირველად ექნება რეალური შანსი, რომ საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვოს. აქედან გამომდინარე, ოპოზიციური საკრებულო მერად ხელისუფლების კანდიდატს რომ არ აირჩევს, ცხადია. როგორც ჩანს, ეს არის დიდი საშიშროება ხელისუფლებისთვის და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩაატარონ პირდაპირი წესით არჩევნები და ფიქრობენ, რომ ასე უფრო მეტად ექნებათ შანსი გამარჯვებისა. იმიტომ, რომ, როგორც ჯერჯერობით ჩანს, ოპოზიცია არჩევნებზე მერობის რამდენიმე კანდიდატით წარდგება და ამ შემთხვევაში ოპოზიციას გამარჯვების შანსი თითქმის არ ექნება“. - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

„ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე კი იმას აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვეღარაფერს შეცვლის.

„ალასანიას განცხადების შემდეგ, ალბათ, მივიღეთ ე.წ. სტატუსკვო სტაბილური სიტუაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა უკვე ხელისუფლება ვეღარც მერის პირდაპირი წესით არჩევის საკითხს შეცვლის, რადგან ეს უკვე შეიძლება აღქმული იქნას ხელისუფლების სისუსტედ, რადგან დასახელებულია ალასანია, ხელისუფლებას შეეშინდა. ამას კი ხელისუფლება არ და ვერ იზამს.

მეორე მხრივ კი ის შიდა სავარაუდო გაურკვევლობა, რაც არსებობდა ნაცმოძრაობაში მერობის კანდიდატის გარშემო, ეს თემაც დაიხურა და ახლა უკვე უგულავას ვეღარავინ ვეღარ შეცვლის. აქამდე იყო სხვადასხვა ვარიანტებზე საუბარი, მაგრამ ის, რომ ალასანიამ თქვა, რომ იგი იქნება მერობის კანდიდატი, ეს იმას ნიშნავს, რომ აღარც უგულავა აღარ შეიცვლება. ალასანიას განცხადებით საარჩევნო კამპანია გაიხსნა და, შესაბამისად, უგულავას გამოცვლაც შეუძლებელია. ამიტომ ვფქირობ, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება და გარკვეული პერიოდი კიდევ უნდა გასულიყო“. - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ამას კი იმ მიზეზით ხსნის, „რომ მისი დასახელება პირადად მე ისე გავიგე, რომ ალასანიას აინტერესებს მხოლოდ თბილისის არჩევნები და დანარჩენი საქართველო მას აღარ აინტერესებს. მე კი ვფიქრობ, რომ დიდი ქალაქების მიტოვება და სააკაშვილისთვის ჩუქება არ შეიძლება. უგულავას რისთვისაც უნდა ქალაქის პირდაპირი წესით არჩეული მერობა, შენ იგივე არ უნდა გაიმეორო.

აგვისტოს ომის მერე უგულავას რეიტინგი არის დაცემული, რადგან მისი მეურნე მერის იმიჯი შეილახა იმის გამო, რომ ომში ლოჯისტიკა მას ებარა და შესაბამისად თუ რაიმე პრობლემა იყო, მის უუნარობაზე მიუთითებს. თბლისის ე.წ. გარეუბნებისთვის კი, სადაც მოსახლეობის ორ მესამდზე მეტია თავმოყრილი, მნიშვნელოვანი სწორედ სოციალური საკითხებია. ამიტომ უგულავასთვის პირდაპირი მერობის არჩევნები იყო ტრამპლინი. ეს ხელისუფლების შიგნით ბევრმა იცის და შეიძლება ეს არც კი აწყობთ. ამიტომ იყო შიგნით მითქმა-მოთქმა და ამიტომ ცოტა პერიოდი უნდა მიგვეცა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი რამ გაირკვეოდა. მაგრამ გუშინწინ ალასანიას ამ განცხადებით ხელისუფლების მონოლითი ისევ აღდგა“.

საბოლოოდ როგორი იქნება თვითმმართველობის არჩევნები და რა პირობებში მოუწევთ პოლიტიკოსებს ბრძოლა, ეს ჯერ კიდევ არ არის ცნობილი და, თუკი საარჩევნო კომისია, რომელიც ამ საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს, ამავე ტემპით გააგრძელებს მუშაობას, კარგა ხანი კიდევ ვარაუდების სფეროში დარჩება. საბოლოოდ კი რა შეიძლება მოხდეს, ამის ვარაუდი ძნელია. მით უმეტეს, რომ აქამდე ამ ხელისუფლებას პირობა არაერთხელ დაურღვევია. ამის მაგალითად კი მაჟორიტარული სისტემის შეცვლაც კმარა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, შეთანხმებული ვარიანტი ხელისუფლებამ, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ სესიაზე შეცვალა.

ამ დროს ოპოზიცია სხდომათა დარბაზშიც კი არ იმყოფებოდა და თავს იმით იმშვიდებდა, ეს საკითხი შეთანხმებულია და როგორ შეცვლიანო.

მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას მაშინ შეთანხმების შეცვლა დასჭირდა და ისე შეცვალა, რომ პირობის დარღვევის გამო სინდისის ქენჯნაც კი არ უგრძვნიათ. ოპოზიციის მიერ პოსტფაქტუმ ატეხილი ვაი-ვიშით კი არაფერი ეშველა. ხელისუფლებას რაც აწყობდა, ის გაიტანა და რატომ უნდა ჰქონდეს იმავე ოპოზიციას იმავე ხელისუფლების იმედი, ცოტა გასაკვირიც კია. მაგრამ, ფაქტია, რომ ოპოზიციას ამის იმედი აქვს. ხელისუფლება კი, როგორც აცხადებენ, გადაწყვეტილებას პოლიტიკური საჭიროებისამებრ მიიღებენ.