ევროპა რუსულ გაზზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა. ფასმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ვლადიმერ პუტინის მიერ მიწოდების ზრდის თაობაზე განცხადების შემდეგ, ფასი დავარდა. სწორედ ესაა ევროპის მხრიდან რუსეთზე მზარდი დამოკიდებულობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაჩვენებელი. კრემლი კი ელოდება, ევროპა როდის მისცემს ამუშავების უფლებას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, რომელიც რუსეთიდან ევროპაში გაზის დამატებითი რაოდენობის მიწოდებას უზრუნველყოფს. 11 მლრდ დოლარის ღირებულების გაზსადენი უკვე აშენებულია.
ვაშინგტონი თავიდანვე ამ პროექტის წინააღმდეგი იყო, რადგან მიიჩნევდა, რომ ის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დარტყმის ქვეშ დააყენებდა და მოსკოვს გაზის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტ საშუალებას მისცემდა.
სრულიად აშკარაა, რომ ევროპა ენერგეტიკის საკითხებში რუსეთი მძევალი გახდა, ევროკავშირი და ბრიტანეთი კი ამ კუთხით ძალიან სუსტები არიან და მოსკოვს წინააღმდეგობას ვერ უწევენ. ევროპა შიშობს, რომ ზამთარი მოდის და რუსეთი გაზის მიწოდებას კიდევ უფრო შეამცირებს, სანამ თავის მიზანს - „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკუთარი პირობებით ამუშავებას არ მიაღწევს.
ფინანსური კომპანია „მაკრო ჰაივის“ გენერალური დირექტორი ბილალ ჰაფიზი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ევროპაში და მსოფლიოში შექმნილ ენერგოკრიზისს თავის სასარგებლოდ იყენებს.
„რა თქმა უნდა, რუსეთი ამ კრიზისის ავტორია - დეფიციტი და ფასების ზრდა მთელს მსოფლიოში ხდება, მათ შორის, იქაც, სადაც რუსულ გაზზე დამოკიდებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპაში. თუმცა ცხადია, რომ რუსეთი ამ ვითარებას ახალი გაზსადენის ამუშავების დაჩქარებისთვის საჭირო ზეწოლის იარაღად ნამდვილად იყენებს“, - მიიჩნევს ის.
ამასობაში კი ფასების ზრდის გამო ევროპის პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ გამოჩნდა ენერგომატარებლების მიღების წყაროების დივერსიფიცირების საკითხი. „სიენბისის“ ცნობით, ენერგეტიკულმა კრიზისმა, რომელმაც გაზის და ნახშირის ფასები კატასტროფულად გაზარდა, ევროპაში ატომური ენერგეტიკის აღორძინების თაობაზე დებატები განაახლა.
ამ დროისთვის ევროკავშირში ელექტროენერგიის საბითუმო ფასი 1 მვტ საათზე 100 დოლარს გადააჭარბა, გაზის კი 1000 კუბურ მეტრზე 1000 დოლარს.
შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ევროპის ქვეყნების მთავრობები მოსახლეობისთვის გაზის და ელექტროენერგიის ტარიფების სუბსიდირებაზე დაფიქრდნენ და ეს მაშინ, როდესაც, პოსტსაბჭოთა სივრცისგან განსხვავებით, ევროკავშირში რიგითი მომხმარებლებისთვის ტარიფები უფრო მაღალია, ვიდრე ბიზნესისთვის. მეტიც, ვარიანტებს შორისაა ასევე რეგულირებადი ტარიფების შემოღების შესაძლებლობაც.
სწორედ ამ დროს ევროპელ პოლიტიკოსების ატომი გაახსენდათ. „ატომური ენერგეტიკა, რომელიც საწვავის ფასზე დამოკიდებული არაა, შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია“, - მიიჩნევს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი.
სწორედ საფრანგეთი, რომლის ენერგოგენერაციის 70% სწორედ ატომზე მოდის, ამ დარგის მთავარი ლობისტია ევროპაში. თუმცა, ამის გარეშეც, შესაძლოა, სწორედ ატომური ენერგეტიკა გახდეს დღევანდელ კრიზისში ერთადერთი გამოსავალი.
საფრანგეთის პოზიციას უკვე დღეს მხარს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა უჭერს. ატომურ ენერგეტიკას გაზზე დამოკიდებულების შემცირება მართლაც შეუძლია, მაგრამ ატომური ენერგია იაფი ვერ იქნება.
ბოლო 10 წლის მანძილზე ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის და ექსპლუატაციის ღირებულება მესამედით გაიზარდა - მაღალი ტექნოლოგიების და საწვავის ფასებისგან დამოუკიდებლობის მიუხედავად, ატომური ენერგია ყველაზე ძვირია ენერგიის სხვა სახეობებს შორის - მისი ღირებულება მერყეობს 129-დან 198 დოლარამდე 1 მვტ საათზე.
ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას ბევრი დრო და ფული სჭირდება. იაპონიაში „ფუკუსიმაზე“ მომხდარი ავარიის შემდეგ, ატომური ენერგეტიკა ევროპაში კრიზისმა მოიცვა - პროგრამების დაფინანსება შემცირდა, მშენებარე პროექტები კი დაგეგმილ ვადებს რამდენიმე წლით ჩამორჩება, მათი ღირებულება მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა.
თუმცა, ატომური ენერგეტიკის მხარდაჭერა დღევანდელ პირობებში ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები თავიანთი პოლიტიკოსებისგან სწრაფ ქმედებებს მოითხოვენ.
ჩვენები კი სახლში წამოვიდნენ