„სააკაშვილი სულხან საბას მაოხრებელი გზირის მსგავსია, წავიდა და აღარ გვანებებს თავს, მისი ფიგურის გამო სულ პოლიტიკური კრიზისია“

„სააკაშვილი სულხან საბას მაოხრებელი გზირის მსგავსია, წავიდა და აღარ გვანებებს თავს, მისი ფიგურის გამო სულ პოლიტიკური კრიზისია“

„ყველა სამსახურში ნაციონალები არიან, მთელი თაობები მათი სულისკვეთებით იზრდებიან. თუ დროზე არ მოხდება ამის შეცვლა, განსაკუთრებით, განათლების სისტემაში, რამდენიმე წელიწადში ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას მივიღებთ. შეიძლება, იგივე ფიგურები არ დაბრუნდნენ, მაგრამ სწორედ მათი სულისკვეთების ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე.

ნაციონალები ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სააკაშვილი ციხეში ეს არის პუტინისთვის გაკეთებული საჩუქარი. ისინი პროგნოზირებენ, რომ რუსული სპეცსამსახურების მხრიდან ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი ციხეში პუტინისთვის სასურველი საჩუქარია, თუ საერთოდ არ არის არავისთვის საჩუქარი?

- სააკაშვილი ციხეში პუტინისთვის გაკეთებული საჩუქარი არაა. ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩამოსვლისას მას გარკვეული გარანტიები ჰქონდა. რაც მთავარია, ეს გარანტიები ჰქონდა ქვეყნის გარედან გარკვეული ძალების მხრიდან. გარდა ამისა, როდესაც ქვეყანაში არ იმყოფება ადამიანი, სრულყოფილ ინფორმაციას ვერ ფლობს თავისი ქვეყნის შესახებ. ამიტომ სააკაშვილის შეხედულება საკუთარი ფიგურის ირგვლივ გაზვიადებული იყო, ჩამოვიდა და ფიქრობდა, რომ მოსახლეობა მის მხარდასაჭერად დაირაზმებოდა, რაც არ მოხდა. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მას მხარს არ უჭერს, მეტიც, მოსახლეობა „ქართულ ოცნებაზეა“ გაბრაზებული იმის გამო, რომ სათანადოდ არ შეაფასა სააკაშვილის მოღვაწეობა და მან პასუხი არ აგო იმ დანაშაულებზე, რომელიც ჩაიდინა მმართველობაში ყოფნის დროს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ეს ჩვეულებრივი პიარტექნოლოგიური სვლაა, რომ მას უჭირს, თუმცა პრემიერი ამბობს, რომ თაფლს მიირთმევს. სააკაშვილის მომხრეები და თვითონ სააკაშვილიც ამ ტექნოლოგიებს კარგად ფლობენ, ატეხეს ხმაური, ერთი ამბავი, რომ ვითომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პირიქით, ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ აწყობს, სააკაშვილს ციხეში რამე დაემუქროს. რამდენადაც ვიცი, მშვენიერ პირობებში იხდის სასჯელს, საინტერესოა, იმ დროს მოეხადა სასჯელი, როცა მის დროს მსჯავრდებულები იხდიდნენ, დაწყებული კარანტინიდან, დამთავრებული ციხის საკნით, სადაც რამდენიმე ადამიანის ადგილი იყო და ამ დროს შეყრილები იყვნენ გაცილებით მეტი მსჯავრდებულები, თანაც საშინელ პირობებში. ძალიან კარგად ვიცით, როგორ მოხდა ციხის ბუნტის პროვოცირება და ის მსხვერპლი, რომელიც ამას მოჰყვა, გაუპატიურება, საშინელი ტანჯვა, რასაც იტანდნენ პატიმრები სააკაშვილის დროს. ასე რომ, ჩემი აზრით, არავითარი პუტინის საჩუქარი არ არის სააკაშვილი. იგი ვითომ რუსეთთან მებრძოლი ადამიანი იყო და ამ დროს მთელი სტრატეგიული ობიექტები რუსებს ჩააბარა, არ დაგვიტოვა პოლიტიკური ვაჭრობის თემა რუსეთთან. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ მოიხდის სასჯელს. ექვსი წელი მისთვის ფუფუნებაა. რაც მთავარია, მან პასუხი უნდა აგოს იმ დაკარგული ტერიტორიებისთვის, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ დაკარგა და იმ დაღუპული ბიჭების სიცოცხლისთვის, რომლებიც მან გაწირა. პასუხი უნდა აგოს მათი დედების და ნათესავების წინაშე, რომელთა გვამების გამოტანაც კი პრობლემა იყო, პატრიარქი რომ არ ჩარეულიყო.

რუსეთის მაღალი ეშელონებიდან მაინცდამაინც ხალისით არ ეხმაურებიან სააკაშვილის დაკავებას. ერთადერთი, კომიკური ფიგურა- ჟირინოვსკი გამოეხმაურა მას, „მიშიკო, რატომ წახვედი თბილისში, რატომ არ ჩამოხვედი მოსკოვში, ჩვენ გადაგარჩენთო“. აინტერესებთ კი ციხეში მყოფი სააკაშვილი რუსებს ისე, რომ საპატიმროში მისი ლიკვიდაცია დაგეგმონ?

- ზოგადად, რაც ხდება საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსებს აინტერესებთ, მაგრამ სააკაშვილის ფიგურა რუსებმა ძალიან კარგად გამოიყენეს თავის სასარგებლოდ, მეშინია, დღესაც მაოხრებელი გზირის ფუნქცია არ შეასრულოს. გამოვრიცხავ, რომ საქართველოს საკეთილდღეოდ მისმა ფიგურამ ითამაშოს როლი. ზუსტად სულხან საბას მაოხრებელი გზირის მსგავსია, წავიდა და აღარ გვანებებს თავს, მისი ფიგურის გამო სულ პოლიტიკური კრიზისია. ის ძალები, რომლებიც მას უჭერენ მხარს, პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებლები არიან. ქვეყანას აღარ აქვს საშუალება, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებით იცხოვროს, ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ განვითარებაზე.

სააკაშვილმა მიაღწია იმას, რომ დღის თემაა და არჩევნები თითქოს მიგვავიწყა.

- ძალიან კარგი პიარტექნოლოგები ჰყავს მას და თვითონაც მხოლოდ პიარითაა დაკავებული, საქმე ნამდვილად მის გამო არ კეთდება, მე ვისურვებდი, მალე გავიდნენ ნაციონალები პოლიტიკური სცენიდან. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ის პროცენტი, რომელიც მათ ამ არჩევნებზე მიიღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ არ მოგვეცემა დამშვიდებული ცხოვრების საშუალება.

მართლაც გასაკვირია, ერთი მხრივ, ძლივს შეკრიბა მომხრეები თაკო ჩარკვიანმა და ისე ჩანდა, რომ მიშამ დაღალა ჩვენი საზოგადოება, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ არჩევნებზე მათ დაუფიქსირდათ ამხელა შედეგი. მაშინ ვინ აძლევს მათ ხმას?

- ჩემი აზრით, ლატენტური მომხრეები მათ ჰყავთ, რომლებსაც ხმამაღლა ან რცხვენიათ, ან არ უნდათ, დააფიქსირონ, რომ სააკაშვილის მომხრეები არიან, შეიძლება სულაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. მაინც ვფიქრობ, რომ გავლენის აგენტები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში სტრუქტურულად და შინაარსობრივად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მისი მომხრეებისგან უნდა გაიწმინდოს. თუმცა ეს არ არის ტიპური შემთხვევა, რადგან ბიუროკრატიული აპარატი უნდა იყოს მიუკერძოებელი და ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისინი კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ, ვინაიდან გარკვეული გამორჩენა ჰქონდათ სააკაშვილის დროს. ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ ხელისუფლებაში მოსვლისას „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩაატარა ლუსტრაცია, დაწყებული უმაღლესი სასწავლებლებიდან, დამთავრებული საბავშვო ბაღებით.

გულისხმობთ იმას, რომ ყველა სამსახურში ისევ ნაციონალები არიან წარმოდგენილნი ძირითად თანამდებობებზე?

- დიახ, ყველა სამსახურში ეგენი არიან, რაც მთავარია, მთელი თაობები მათი სულისკვეთებით იზრდებიან. თუ დროზე არ მოხდება ამის შეცვლა, განსაკუთრებით, განათლების სისტემაში, რამდენიმე წელიწადში ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას მივიღებთ.

ანუ ნაციონალები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და მათი რეინკარნაცია მოხდება?

- შეიძლება, იგივე ფიგურები არ დაბრუნდნენ, მაგრამ სწორედ მათი სულისკვეთების ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც საქართველოსთვის დამღუპველია.

პეტიციები გროვდება სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ან ციხის ნაცვლად შინაპატიმრობის მისასჯელად. შესაძლებელია, ასე შეიცვალოს პროცესები?

- მან უნდა მოიხადოს სასჯელი, ვიმეორებ, 6 წელი მისთვის ფუფუნებაა და მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი იმ დანაშაულებებზე, რაც ჩაიდინა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეწყალება არ იქნება, ღარიბაშვილმა კი აღნიშნა, ვინც არ უნდა გვთხოვოს, გამორიცხულია მისი გამოშვება. ამიტომ ვისურვებ, სამართალი აღსრულდეს. თუ ხელისუფლება სააკაშვილს გამოუშვებს, ეს დიდი ზიანის მომტანი იქნება ამ ხელისუფლებისთვის.

თქვენ ბრძანეთ, რომ სამშობლოდან მოშორებით ადამიანი სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს. შეიძლება, მისთვის ვაკუუმის შექმნაში მერაბიშვილი მონაწილეობდა? ეს მაშინ, როცა სააკაშვილის დედა ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, ასევე, გუბაზი, მელია და სხვები.

- ეს ის შემთხვევაა, როცა რეალობა მიიღება, როგორც სასურველი. ეს ადამიანის ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებელი. რადგან პრემიერი ლაპარაკობს ამის შესახებ, რომ მერაბიშვილმა ჩამოიყვანა სააკაშვილი საქართველოში, ალბათ, გარკვეული ინფორმაცია მას აქვს. კატასტროფაა, ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ამისთანა კრიზისში შეიყვანა, მელიას ვგულისხმობ, ევროპელი მაღალჩინოსნები ჩამოდიოდნენ, რომ კრიზისი განემუხტათ, ეს ადამიანი 34%-ს იღებს, ეს ძალიან ცუდია. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ხელისუფლების არის აღზრდა, სოციალიზაცია, ამ მიმართულებით მკაფიო და გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

მელიას, როგორც არაინტელექტუალურ ადამიანს, აქვს პირველობის ამბიცია, ორი ლიდერი ერთად ვერ ძოვს და მას შეიძლება წინააღმდეგობად მოეჩვენოს სააკაშვილი. შესაძლოა, ესეც იყო მიზეზი, რომ მელია არ გამოჩნდა თაკო ჩარკვიანის აქციაზე და ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მართლაც უხარია სააკაშვილის ციხეში ყოფნა?

- დიდი ინტელექტით რომ ვერ გამოირჩევა მელია, ეს კარგად ჩანს. მე რომ მკითხოთ, არც სააკაშვილი არ გამოირჩევა დიდი ინტელექტით, მაგრამ უბედურებაა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია ლიდერად მიიჩნიოს ასეთი ადამიანები. ამიტომაც ვამბობ, რომ ხალხის აღზრდაა საჭირო, ახალგაზრდა თაობასთან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, ყოველ გამოსვლაში ხელისუფლებას ამის შესახებ მოვუწოდებ. სხვათა შორის, ამას წინათ ირაკლი ღარიბაშვილიც და ირაკლი კობახიძეც იძახდნენ ამის შესახებ, უმაღლეს სასწავლებლებში გარკვეული მუშაობაა ჩასატარებელიო. წარმოიდგინეთ, 2008 წელს, ვინც 10 წლის იყო, ეს უკვე ელექტორატია, მათ არ ახსოვთ ძველი პერიოდი და ჰგონიათ, რომ ის საშინელებები ჩვენს ქვეყანაში არ ხდებოდა, ვერ აღიქვამენ იმ სიმწვავით, როგორც უნდა აღიქვან. ამიტომ იდეოლოგიური მრწამსია განსასაზღვრი ქვეყნისთვის, თუკი გვინდა ეროვნული სახელმწიფო ავაშენოთ.

ალბათ, ისტორია უნდა დაიწეროს, მაგრამ ასე მოკლე გადასახედიდან ობიექტური ისტორიის დაწერა რთულია.

- უნდა დაიწეროს ისტორია, მაგრამ არა დამახინჯებული, ტენდენციური, არამედ რეალური. მახსენდება ორუელის სიტყვები, „ვინც ფლობს აწმყოს, ის ფლობს წარსულს; ვინც ფლობს წარსულს, ის ფლობს მომავალს“. არ უნდა ვასწავლოთ ისეთი ისტორია, რომელიც სხვის ინტერესებს ითვალისწინებს და არა ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესებს.

Ninja ზუსტი შედარებაა- მაოხრებელი გზირი.
2 წლის უკან
amo ილიაუნი ნაციონალების ციტადელია! დავიჯერო სუსმა და აქედან გამოდინარე ხელისუფლებამ ეს არ იცის? თუ არ იციან ხელისუფლებაში ყოფნის ღირსნი არ არიან, თუ იციან და ვერაფერს აკეთებენ მით უმეტეს. მოკლედ, პატრონი არ გვყავს.
2 წლის უკან