დავითგარეჯის საქმეზე გამოძიება სააკაშვილის გამოკითხვას აანონსებს

დავითგარეჯის საქმეზე გამოძიება სააკაშვილის გამოკითხვას აანონსებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დავითგარეჯის საქმის განხილვას იწყებს. 27 ოქტომბერს სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედებას უკვე ჰყავს ორი ბარალდებული - საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა.

ბრალდებულები მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. პროკურატურამ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერის მიხედვით, მელაშვილი და ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.

ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. შესაბამისად, კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს. როგორც

მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, საქმე ეხება ცალკე წარმოებად გამოყოფილ გამოძიებას, რომელიც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს.

„რთული და კომპლექსური პროცესია, ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა, ამ ეტაპზე დამაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. სახელებთან და გვარებთან მიმართებაში ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ ის გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე ფორმით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გეტყვით, რომ გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ“,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტმა საზღვართან დაკავშირებით, შეთანხმებას მიაღწია.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოჰყვეს, ხოლო დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს. აქაა ორი საკითხი, ერთია სტრატეგიული სიმაღლის საკითხი, რომელსაც აზერბაიჯანისთვის სამხედრო მნიშვნელობა აქვს, მათი ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისთვის და მეორე მხრივ, გარეჯის მონასტერი, რომელიც არის უძველესი, უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურული და რელიგიური ძეგლი“, - აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის მაისში.

ცხადია, რომ სააკაშვილის ეს განცხადება აბსურდია, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია, რომ საზღვარი სტრატეგიულ სიმაღლეზე, ანუ ქედზე ისე გაივლოს, რომ ამავე ქედზე მდებარე ჩიჩხიტურის კოშკი და მით უფრო - ქედს მიღმა არსებული უდაბნოს მონასტერი, 70-მდე ქვაბულით, საქართველოს ტერიტორიაზე მოექცეს. ამ რეალობას, წესით,   კარგად უნდა აცნობიერებდეს ბრალდებული ივერი მელაშვილი,

რომელიც გამორიცხავს გამოძიებამ ყოფილი პრეზიდენტის დამნაშავეობა დაინახოს ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეში.

„თავიდანვე იყო მცდელობა, ჩვენი საქმიდან გამომდინარე უნდოდათ წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, რომ თითქოს, რაღაც მოხდა. შეიძლება ჰქონდეთ რაღაც მცდელობა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაადანაშაულონ რამეში, პრეზიდენტზე უნდოდათ გასვლა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ტერიტორიების გადაცემა მოხდა და მსგავსი სისულელეები. მე არ გამოვუკითხივარ არავის, ჩემი პოზიცია იციან, იმდენად აბსურდულია ბრალდებები, ვინც არ უნდა იყოს, მელაშვილი იქნება თუ ყოფილი პრეზიდენტი, შანსი არაა რაღაც გამოიკვეთოს, არაფერი მსგავსი არ მომხდარა, პირიქით, ვიღწვოდით, რომ საწადელისთვის მიგვეღწია, რაც ქვეყანას სჭირდებოდა“, - განაცხადა ივერი მელაშვილმა.

დავითგარეჯის საქმეზე სააკაშვილის ბრალეულობის გამოკვეთას არ გამორიცხავენ ანალიტიკოსები. დავით ზარდიაშვილი თვლის, რომ გამოძიებისთვის ძირითადი ვერსია უნდა იყოს სააკაშვილი როლი გარეჯის საქმეში. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, მელაშვილი და ილიჩოვა დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდნენ და ეს ცხადია.

„მათ ჰქონდათ დავალება. ტექნიკური სამუშაო შეასრულეს. ისე აზომეს და ისე დაიტანეს საზღვარი ნახაზებზე, როგორც დავალებული იყო, რასაც, ცხადია, წინ უძღოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის ერთი ასპექტი, სააკაშვილმა დავითგარეჯის საზღვარი გადმოწია და რაღაცაში გაცვალა. ცხადია, გამოძიება ამით უნდა დაინტერესდეს და დაკითხოს. ახლა ეს შესაძლებლობა გვაქვს, დაკავებულია, ციხეშია. არავითარი პრობლემა ამ თვალსაზრისით არ არის.

ბუნებრივია, ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს გამოძიებამ. არაფერი მოულოდნელი ამაში არაა. იმთავითვე ვიცოდით, რომ ამ დანაშაულის თავი არის სააკაშვილი. გვახსოვს მისი განცხადება, როდესაც გვამცნო, რომ სტრატეგიული სიმაღლეები გადასცა აზერბაიჯანს. ასევე, იყო განცხადებები, რაც ახმოვანებდა ხელისუფლების პოლიტიკურ პოზიციას, რომ თურემე საბჭოთა რეჟიმს ასე გადაუწყვეტია, რომ დავითგარეჯი არის აზერბაიჯანის მხარეს, აქ ლაპარაკია ჩიჩხიტურის კოშკზე, ლავრაზე და გარკვეულ მნიშვნელოვანი ტერიტორიაზე, რაც სინამდვილეში 1938 წლის რუკით ჩვენს მხარეს არის.

სააკაშვილის გაპრეზიდენტამდე შეთანხმდნენ უფროსი ალეივი და პრეზიდენტი შევარდნაძე, რომ 1938 წლის რუკის შესაბამისად მოხდებოდა დელიმიტაცია და გამიჯვნა ამ საზღვრების. ეს შემდეგ დაარღვია სააკაშვილმა. მოლაპარაკება აწარმოა აზერბაიჯანთან და რაღაცა დივიდენდის ფასად დათმო ეს ტერიტორია. ეს უნდა გაირკვეს, რაში გაცვალა. ბუნებრივია, რაშიც არ უნდა გაეცვალა, ეს არის უდიდესი დანაშაული. მისი დანაშაული ჩემთვის ცხადია, მაგრამ უნდა გვითხრას პროკურატურამ და მერე სასამართლომ უნდა განსაჯოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოხდა აზერბაიჯანის სასარგებლოდ სტრატეგიული სიმაღლეების დათმობა. შესაბამისად, მანჯავიძე დარწმუნებულია, რომ დავითგარეჯის საქმეში სააკაშვილის როლი გამოიკვეთება.

„პრეზიდენტი იყო, შესაბამისად პასუხისმგებელი იყო. ბეჟუაშვილი დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდა. აქიდან გამომდიანრე, სისულელეა განხილვაც კი - არის თუ არა სააკაშვილი პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, საქმის კურსში იყო. ამიტომ უნდა დაიკითხოს. ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში, ყველა უნდა დაიკითხოს და აგოს პასუხი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი მამუკა არეშიძე პირდაპირ ვერ საუბრობს სააკაშვილის ბრალეულობაზე, მაგრამ მისი თქმით, 2006 წლის შუალედურ დოკუმენტის მიხედვით, რასაკვირველია, ჩნდება ეჭვი, რომ ქვეყნის უზენაესი ხელისუფლების გარეშე ამ დოკუმენტზე ხელმოწერას ვერ გაბედავდა ივერი მელაშვილი.

„აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ სულ მცირე საგარეო საქმეთა მინისტრი საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს არა მგონია, რომ პრეზიდენტის გარეშე გადაეწყვიტა ასეთი რამ. სააკაშვილი ეჭვმიტანილი არ არის, გამოკითხვაზეა ლაპარაკი, გამოკითხვის თვალსაზრისით, რატომაც არა, მაგრამ კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რომ გინდა თუ არა სააკაშვილის დავალებით მოხდა ეს ამბავი. ყოველ შემთხვევაში ან მაშინ უზენაესი ხელისუფლების მიღმა ხდებოდა ასეთი რამ და ესეც პასუხგასაცემია, ან საგარეო საქმეთა მინისტრი იყო პასუხისმგებლობის ამღები და პრეზიდენტი არ ჩააყენა საქმის კურსში. მაგრამ ეს ყველაფერი ვერსიება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

 

Ninja ოჰო, იწყება საქმეები. იმედია კეთილი დასასრულით
2 წლის უკან
trampi Tu
2 წლის უკან
trampi ესეც თუ მორიგი საარჩევნო ტრიუკი არააა
ესენიც უკვე პროფესიონალი სპეკულიანტები გახდნენ
2 წლის უკან