„არ მგონია, სააკაშვილ არჩევნების მეორე ტურამდე მისცენ საშუალება, ღია სასამართლოზე გამოვიდეს, ან თუ შედგება ეს სასამართლო, იქნება დახურული“

„არ მგონია, სააკაშვილ არჩევნების მეორე ტურამდე მისცენ საშუალება, ღია სასამართლოზე გამოვიდეს, ან თუ შედგება ეს სასამართლო, იქნება დახურული“

„14 ოქტომბრის აქციაზე, ალბათ, იქნება იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე გვინახავს. საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აღქმა, რომ პატარა პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც არჩევნებზე ვერ გააუმჯობესეს შედეგი, არამედ პირიქით, გააუარესეს, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან. შესაბამისად, შესაძლოა, ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მათ უარი განაცხადეს ამ აქციებში მონაწილეობაზე, რომ ისევ „ნაცმოძრაობის“ სატელიტებად არ გამოჩენილიყვნენ“, - ამბობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან.

რატომღაც მოლოდინი იყო, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასა და მის დაპატიმრებას უფრო დიდი ვნებათაღელვა მოჰყვებოდა, რაც რეალურად არ მოხდა. როგორ ფიქრობთ, რატომ? შესაძლოა, თუ არა ვთქვათ, რომ სააკაშვილის ფაქტორმა უკანა პლანზე გადაიწია, თუნდაც ნიკა მელიას ფონზე?

- არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს უკანა პლანზე გადაეწია, ის რჩება ძირითადად ხმების მომტანად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და არა ნიკანორ მელია. მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მეთოდმა, დაპატიმრებამ და მთელმა პერიპეტიებმა, რაც უკავშირდებოდა ამ ყველაფერს, თავისი როლი შეასრულა. ყველა მიხვდა, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2003 წელს იყო. სწორედ ამიტომ დაიწყო შიმშილობა, შექმნა მის გარშემო აჟიოტაჟი, რომ მისგან წამებული გმირის გამოძერწვა მომხდარიყო, რაც ბოლომდე არ გამოუვიდათ.

თავიდანვე შეიქმნა განწყობა, რომ მისი შემოსვლა გამიზნული იყო არეულობის მოსაწყობად, რევოლუციით და ძალადობრივი გზით დაბრუნებოდა ხელისუფლებას. საზოგადოებაში არ არის რევოლუციური მუხტი, რომელიც მას ძალიან უნდა, რომ გააღრმავოს. 14 ოქტომბრის მიტინგი იქნება კარგი ინდიკატორი იმისა, რომ დავინახოთ საზოგადოებრივი მხარდაჭერა რამდენად დიდია მისი პერსონის მიმართ. ეს მხარდაჭერა არ მგონია, რომ იყოს ძალიან დიდი.

ევროპარლამენტარები, რომელიც სააკაშვილს შეხვდნენ საქართველოში ჩამოსვლამდე, პირდაპირ აფრთხილებდნენ, რომ წინააღმდეგი იყვნენ მისი ჩამოსვლის, რადგან ამას შესაძლოა გამოეწვია საქართველოში არეულობა. სააკაშვილმა მათ ყური არ ათხოვა და მაინც შემოვიდა. ამანაც, გარკვეულწილად, გაანელა მის მიმართ ინტერესი დასავლეთში. მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსად მიიჩნევს, არალეგალური გზით შემოვიდეს ქვეყანაში, არღვევდეს კანონს. სააკაშვილი, რომ ჩამოსულიყო თვითმფრინავით და აეროპორტში დაეჭირათ, მის მიმართ სულსხვანაირი დამოკიდებულება იქნებოდა.

ექსპრეზიდენტის ქვეყანაში შემოსვლამ და მისმა დაპატიმრებამ ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნების წინა დღეს, ეჭვი გააჩინა, რომ ეს იყო სააკაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის გარკვეული გარიგების შედეგი. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომელის ემყარება მხოლოდ და მხოლოდ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

თუმცა, ფაქტია, რომ ხმები ძირითადად გადანაწილდა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შედეგად მობილიზდა, როგორც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი, ასევე ის ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აღარ უჭერს მხარს, თუმცა, არც სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება სურს...

- დავუშვათ, არ შემოსულიყო სააკაშვილი სააქართველოში, დარჩენიყო უკრაინაში, დიდად შეცვლიდა ეს ორპოლუსიანობას? არც ერთი სოციოლოგიური გამოკითხვა არ მიუთითებდა იმაზე, რომ თუნდაც პატარა პარტიებს უფრო მეტი ხმის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. შეიძლება გარკვეული დაშვებით, რომ სააკაშვილის შემოსვლამ ელექტორატი წაართვა პატარა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, რომ ამ პატარა პარტიებს მნიშვნელოვად გაეუმჯობესებინათ თავიანთი შედეგი.

სააკაშვილის შემოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ მას უზრუნველეყო „ნაციონალური მოძრაობის“ მერყევი ელექტორატის მობილიზაცია, რომელიც დაბნეული იყო თვითონ „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებით, რადგან იქ შიდა წინააღმდეგობები იყო მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით და პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე. ასევე მოახდინა კონსოლიდაცია იმ რადიკალური ამომრჩევლის ნაწილის, რომელიც ფანატიკოსი მიშისტები არიან.

ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი შიდა სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებით, რომელიც პარტიებმა ჩაატარეს, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლამ 4-5% ხმა მოუმატა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მან ასევე ხმა მოუმატა „ქართულ ოცნებას“. შესაძლოა, ამის საფუძველზე დაებადათ ეჭვი, ხომ არ იყო ეს გარიგების შედეგი.

და, არ იძლევა ეს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს სწორედ ერთგვარი გარიგება იყო ორ მხარეს შორის?

- „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ახალი თავის ტკივილი სააკაშვილის სახით. სააკაშვილს თუკი მიეცემა საშუალება, რომ საჯაროდ გამოვიდეს სასამართლოში, ეს შეიძლება ხელისუფლებისთვის არცთუ მომგებიანი აღმოჩნდეს. უღირდა ხელისუფლებას ამხელა რისკზე წასვლა 4-5%-სთვის? - შეიძლება უღირდა კიდეც, რომ 43%-იანი ბარიერი თავისუფლად გადაელახა, მაგრამ სააკაშვილი ამისთვის დათანხმდა საქართველოში შემოსვლას და ციხეში ჩაჯდომას? მე მეორე ვერსიაც მოვისმინე, რომ ეს არის ერთგვარი სცენარი, სააკაშვილი გამოვიდეს ციხიდან და მოხდეს ხელისუფლების გადაბარება.

თუმცა, ასევე არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, სააკაშვილი ხელისუფლებამ შესაძლოა უკრაინას გადასცეს...

- ხელისუფლების ადგილზე ამ ვარიანტსაც განვიხილავდი, მაგრამ იურიდიულად როგორ მოხდება, დასადგენია. სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ამ ვარიანტზეც მსჯელობენ. ხელისუფლებისთვის მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ციხეში, აშკარად თავის ტკივილია. არ მგონია, რომ არჩევნების მეორე ტურამდე მისცენ საშუალება, ღია სასმართლოზე გამოვიდეს, ან თუ შედგება ეს სასამართლო, იქნება დახურული.

ლევკოთეა როცა სააკაშვილის ქცევებში ადექვატურ, ლოგიკურ მარცვალს ვეძებთ, მანდ გავუჭედებით.
ეგრე არ აიღო თავი და ყოველგვარი გარანტიების გარეშე არ შევარდა ცხინვალში? მაშინ მეგონა, რომ კულუარულად, აფხაზეთზე გაცვალა სამაჩაბლო, დაკარგული რეიტინგი რომ აემაღლებინა მოსახლეობაში. არადა, ორივე რეგიონს დაგვაშორა.
ეხლაც მსგავსად, თავის შიზოფრენიკ გონებაში ეგრე გადახარშა და მოგვადგა პარტიზანივით.
2 წლის უკან
Katana . კი, ეგეც არის და, ეტყობა, მრჩევლებიც ვერ გამოადგა ჭკვიანი: როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ვანო მერაბიშვილი არწმუნებდა მიშას - ახლა ისე დუღს პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, ჩამოდი - კაციშვილი ვერ გახლებს ხელსო!
2 წლის უკან