ლარმა არჩევნების შემდგომ პერიოდს გაუძლო - რა ელის კურსს ახლო მომავალში?

ლარმა არჩევნების შემდგომ პერიოდს გაუძლო - რა ელის კურსს ახლო მომავალში?

არჩევნები დასრულდა და ერთ-ეთრი მთავარი საკითხი, რაც მოსახლეობა აინტერესებს, არის ლარის კურსი და მისი გაუფასურების ალბათობა. ყველა ელოდა,  რომ ეროვნული ვალუტა 2 ოქტომბრის შემდეგ ვარდნას დაიწყებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მცირედი რყევის შემდეგ კურსი ისევ უბრუნდება არჩევნებამდელ ნიშნულს. იმედიანად არიან განწყობილნი როგორც მთავრობაში, ასევე ფინანსურ ჯგუფებში.

საინვესტიციო ბანკმა „გალტ ენდ თაგარტმა“ განახლებული ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 9.5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან - 8.6%-თან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ წლის ბოლომდე ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი მერყეობა მოსალოდნელი არაა.

„ლარის გაცვლითი კურსი 2021 წლის მაისიდან მოყოლებული სტაბილურობას ინარჩუნებს, რასაც ხელს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და მაკროეკონომიკური ფაქტორები (მაღალი ეკონომიკური ზრდა და შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი) უწყობს. ასევე აგვისტოსა და სექტემბერში სებ-ის მიერ განხორციელდა ინტერვენციები. უკანასკნელი ინტერვენცია 60 მლნ დოლარის ოდენობით, სებ-მა 30 სექტემბერს განახორციელა და ის წინასაარჩევნო გაურკვევლობის შემცირებას ისახავდა მიზნად.

2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა. ჩვენ ეტაპორბივ აღდგენას ვხედავთ, ტურიზმის ინდუსტრიაში, რაც ლარის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, ვამჩნევთ გარკვეულ ზეწოლას კურსზე, რაც ენერგომატარებლების გაზრდილ იმპორტსა და ახალ წელთან დაკავშირებით იმპორტის ზრდას უკავშირდება. თუმცა, არ მოველით მკვეთრ მერყეობას და წლის ბოლომდე დოლარის კურსს 3.1-3.2 ლარის ფარგლებში ვპროგნოზირებთ.

ჩვენი აზრით, თუკი სებ-ი ბაზარზე გადაჭარბებულ ვოლატილობას დაინახავს, ის ინტერვენციებს მიმართავს. პოლიტიკურ არასტაბილურობასაც ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად განვიხილავთ, თუმცა ამ უკანასკნელსაც დროებითი ეფექტი ექნება. 2022 წლიდან კი ლარის კურსს დოლართან მიმართებით 3.0-3.15-ის ფარგლებში ვვარაუდობთ“, - ნათქვამია „გალტ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.

დაახლოები იგივე მოლოდინი აქვთ მთავრობაშიც. ეროვნული ვალუტის არაორდინალურ ქცევას არც იქ ელოდებიან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სავალუტო ბაზარზე დღეს გაცვლითი კურსის სტაბილურობა ნამდვილად შეინიშნება. მართალია, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური დაძაბულობა ლარის კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს ხოლმე, თუმცა, მომდევნო პერიოდში ლარის კურსთან მიმართებით რამე ზეწოლა არ უნდა იყოს.

„სავალუტო ბაზარზე, ოფიციალური წყაროებიდან რასაც ვუყურებთ, დღეს შედარებით არის სიმშვიდე, შეინიშნება კურსის უფრო სტაბილურობა. რა თქმა უნდა, როდესაც არის წინასაარჩევნო, გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობა. მომავალში კი კურსთან მიმართებით რამე ზეწოლა არ უნდა იყოს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შედარებით თავშეკავებულია საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი. ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ლარის ქცევა არაპროგნოზირებადია და ლოგიკას არ ეთნხმება.

„არაპროგნოზირებად ფაქტორებზე და მოლოდინზეა მუდმივად საუბარი და ამიტომ ლარის ქცევა არც ამჟამად არის ლოგიკური. ეს უფრო შოკებზე რეაქციაა და არა ადეკვატურ განვითარებაზე. ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ცხადია, ლარის რყევაზე რასაც გაუფასურებას ვერ ვუწოდებთ, გარკვეულწილად, ეროვნული ბანკისა და მთავრობის კონკრეტულმა ნაბიჯებმა მოახდინა, პარალელურად კი - არჩევნებმა, რაც რეალურად ზემოქმედებს ხოლმე გაცვლით კურსზე“,  - განაცხადა ძნელაძემ.

ლაზი ლარის გაუფასურების ან გამყარების არანაირი ეკონომიკური ფაქტორები არ არსებობს. რყევები გამოწვეულია მხოლოდ პოლიტიკური ტემპერატურის ცვლილებით. თუ წყნარია სიტუაცია, ლარიც სტუბილურია. როგორც კი იწყება წიოკი, ლარსაც მაშინვე ეწყება კანკალი.
3 წლის უკან