ბევრ დამკვირვებელს, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობას, არაერთგზის აღუნიშნავს, რომ ამ მოღვაწეში თითქოს ერთდროულად, პარადოქსულად არის გაერთიანებული ორი პოლიტიკური საწყისი: ერთის მხრივ, უხეში, გამოუსწორებელი შეცდომები საგარეო პოლიტიკაში, ხოლო მეორეს მხრივ - ძალაუფლების პყრობისა და შენარჩუნების უზადო ტექნიკა.
„ძალაუფლების ტექნოლოგია“ შევარდნაძის უდავო ნიჭია, ოღონდ ზემოთმოყვანილი შეფასების ავტორებს მთავარში ნამდვილად ვერ დავეთანხმებით - ის, რაც მათ „შეცდომებად“ მიაჩნიათ, სინამდვილეში არავითარი შეცდომა არ არის. ძალაუფლების იმავე ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ეს „შეცდომებიც“ ძალზე ლოგიკურია და მშვენივრად თავსდება საერთო პოლიტიკურ კონტექსტში.
1992 წლიდან - დღემდე ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკა უმთავრეს მიზნად ერთპიროვნული ძალაუფლების განმტკიცებას ისახავს. ამისათვის კი საჭირო იყო იმ ორი ძალისმიერი საყრდენის თანდათანობითი ეროზია, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური თავის დროზე ეყრდნობოდა და, რა თქმა უნდა, ალტერნატიული საყრდენების ძიება.
თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის პრობლემა შედარებით იოლი გადასაწყვეტი იყო პოლიტიკური ინტრიგის დიდოსტატისთვის, რადგან „ორი თენგიზის ტანდემი“ თავადაც ძალზე მერყევ და არასტაბილურ სოციალურ ბაზაზე იდგა.
შევარდნაძემ მიზანმიმართული, ზუსტად გათვლილი სვლებით მოახერხა ამ ტანდემის სრული დისკრედიტაცია, ხოლო შემდგომ იმასაც მიაღწია, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან მისი წასვლის ინიციატორი თავად კი არა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ყოფილიყო საზოგადოების თვალში.
ამჟამად, როგორც ჩანს, ჯაბა იოსელიანისა და მისი „მხედრიონის“ ჟამიც დადგა. ესეც სიმპტომატურია: გავიხსენოთ, ედუარდ შევარდნაძე თავის ყველა გადაწყვეტილებას მჭიდროდ უკავშირებს საზოგადოების განწყობას (მისი საყვარელი გამოთქმაა „ხალხი მომწიფდა“) ანუ იმას, თუ რამდენად უტყუარი და შეუმჩნეველი იქნება მოწინააღმდეგისათვის მიყენებული დარტყმა - შეცდომის, გადაცდომის ალბათობა აქ მინიმუმამდეა დაყვანილი.
ის, რაც შესაძლებელია 1995 წლის მაისში, შეუძლებელია 1995 წლის იანვარში, ან იმავე წლის სექტემბერში.
სოციალურ-პოლიტიკური ბაზის ეროზია კი სხვა რამდენიმე პოლიტიკური ფაქტორის განვითარების პარალელურად ხდება.
ჯაბა იოსელიანის დანიშვნა „ჟენევის მოლაპარაკებაში“ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელად და მოვლენათა შემდგომი ბუნებრივი (ლოგიკური) განვითარება თავისთავად (აპრიორი), იწვევდა ამ ბაზის შემცირებას.
შედეგიც თვალნათელია: საპარლამენტო დებატებისას, რომელიც „მაშველთა კორპუსის“ განიარაღების თაობაზე გამოცემულ ბრძანებულებას ეხებოდა, ერთ-ერთმა ყველაზე შეურიგებელმა მოღვაწემ (თამარ ჩხეიძემ) ჯაბა იოსელიანს პირდაპირ უთხრა: „თქვენ შევარდნაძესთან ერთად შეხმატკბილებით მოქმედებდით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ახლა კეთილი ინებეთ და თავად გაარკვიეთ ურთიერთობა ერთმანეთთან“.
იგულისხმებოდა: თქვენ, ბატონო ჯაბა, თავად „დაწვით“ ოპოზიციასთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი და სწორედ ამიტომ აღმოჩნდით დღეს პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე.
არ შეიძლება ისიც არ ითქვას, რომ „მხედრიონის“ ლიდერმა შეძლო ემოციების დათრგუნვა და აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა - „მაშველთა კორპუსი“ დაეთანხმა სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებას განიარაღების შესახებ.
ბევრისათვის (მაგალითად ირაკლი წერეთლისათვის), ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო, მაგრამ ვინ, თუ არა ბატონმა ჯაბამ უწყის ძალთა რეალური განლაგება. დღეს „მხედრიონს“ არ ძალუძს წინააღმდეგობა გაუწიოს ერთდროულად სამ ძალისმიერ უწყებას, ამიტომ ჩათრევას-ჩაყოლა ამჯობინეს, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ჯაბა იოსელიანი ფარ-ხმალს ყრის და ბრძოლაზე საბოლოოდ ამბობს უარს - ასპარეზი ჯერ კიდევ არსებობს: მისაღებია ახალი კონსტიტუცია, გადასაჭრელია ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი. ამ პრობლემათა გადაწყვეტისას ჯაბა იოსელიანისა და საპარლამენტო ოპოზიციის გზები კვლავ შეიძლება შეიყარონ, თუმცა ეს უკანასკნელი ამჯერადაც (ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში) საკმაოდ უნიათოდ და უნიჭოდ ასრულებს თავის პარტიას. პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობისას მათი პედანტურობა და კონტექსტს მოკლებული სიჯიუტე ყოველთვის როდი ითვალისწინებს იმ საზოგადოებრივ რეალიებს, რომელთა გარეშეც პოლიტიკური პრინციპები „ჰაერში გამოკიდებულნი“ რჩებიან.
იმთავითვე ნათელია, რომ შევარდნაძის ბრძანებულებას, სავსებით ობიექტური მიზეზების გამო, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მოწონებით შეხვდა. ოპოზიციის ობსტრუქცია კი (იმავე საზოგადოების მიერ) უეჭველად იქნება აღქმული, როგორც პოლიტიკური ეგოიზმისა და არასახელმწიფოებრივი (ანტისახელმწიფოებრივი) მერკანტილიზმის გამოვლინება.
მარტივად ეს იდეოლოგიური სქემა ასე გამოიყურება: „სახელმწიფოს მეთაურს სურს ქვეყანაში წესრიგის დამყარება, მაგრამ ოპოზიცია მას ამის საშუალებას არ აძლევს“.
სტრატეგიას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს - არჩევნებამდე იმდენად მცირე დროა დარჩენილი, რომ იმპერატიულ მნიშვნელობას სწორედ ტაქტიკა იძენს.
თუ შევარდნაძემ შეძლო, რომ ელექტორატის თვალში კანონიერებისა და სტაბილურობის სოციალური შეკვეთა სწორედ მასთან ასოცირდებოდეს - იგი უეჭველად გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებში, რადგან ეს ფენომენები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია დღეს ვიდრე თვით ტერიტორიული მთლიანობა ან დამოუკიდებლობა.
კვლავ ზემოთხსენებული პარადოქსის ერთ-ერთ მხარეს რომ დავუბრუნდეთ, ოპოზიცია, რაოდენ მართალიც არ უნდა იყოს პოლიტიკურად, სახელმწიფოებრივი განვითარების რაოდენ ბრძნული და ზუსტი კონცეფციებიც არ უნდა შეიმუშაოს, - უეჭველად დამარცხდება თუ არ დაეუფლება პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკას და არ დასჯაბნის სახელმწიფოს მეთაურს ძალაუფლებისათვის ბრძოლის ტექნოლოგიის თვალსაზრისით.